ENG GEO

Search form

სად გადის ზღვარი პიროვნულ თავისუფლებასა და კანონს შორის

ადამიანთა თანაცხოვრება მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად მიმდინარეობს. ჩვენ მივაღწიეთ განვითარების იმ დონეს, სადაც აღარ გვიწევს განუწყვეტლივ ფიქრი თვითგადარჩენაზე, ჩვენი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი აღარ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ დგომარეობას კაცობრიობამ მიაღწია არც ისე დიდი ხნის წინ და მალევე დაიწყო გეომეტრიული პროგრესიით განვითარება, რადგან ჩვენი მთელი ენერგია განვითარებისკენ სწრაფვაში იხარჯებოდა.  რა იყო ის გარდამტეხი ფაქტორი, რამაც კაცობრიობას ამხელა ნაბიჯი გადაადგმევინა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გაუხსნა გზა?

„ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“.

თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტალური მოთხოვნილებაა, მაგრამ სად გადის ზღვარი ჩემსა და სხვა ადამიანების თავისუფალ ნებას შორის? იმისთვის, რომ არ დაირღვეს ჩემი თავისუფლება, მე თანახმა ვარ საკუთარი ნებით დავთმო გარკვეული პრივილეგიები, რათა მქონდეს გარანტია, რომ ვიქნები დაცული როგორც მე, ასევე ჩემი საკუთრებაც- ამაში მდგომარეობს სოციალური კონტრაქტი. ამ ყველაფერს კი არეგულირებს კანონი, ესეიგი ხელისუფლება- მესამე, ‘ობიექტური’, მიუკერძოებული პირი, რომლის ერთ-ერთი უმთავრეს მიზანს ადამიანთა შორის კონფლიქტის დარეგულირება წარმოადგენს.

თავისუფლებასა და კანონს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ბუნდოვანი საკითხია. სხვა და სხვა მოაზროვნეების დამოკიდებულებაც, შესაბამისად, განსხვავებული იყო და არის ამ საკითხზე. მაგალითად, ბუნებრივი სამართალი, რომელიც თომა აქვინელმა შექმნა, წარმოადგენს სამართლებრივ სისტემას, რომლის ლეგიტიმაციაც მომდინარეობს ადამიანის ბუნებაზე დაკვირვებით და ეფუძნება ადამიანის ბუნებითად თანდაყოლილ ღირებულებებს. ბუნებითი სამართლის თეორიიდან გამომდინარე, ყოველ ადამიანს გააჩნია ბუნებითად მინიჭებული უფლებები, რომლებიც ლეგიტიმურია არა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, არამედ მომდინარეობენ „ღმერთიდან, ბუნებიდან, ან არსიდან“.  ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი ჟან-პოლ სარტრი ეთანხმებოდა აქვინელს იმ ნაწილში, რომ ადამიანში მართლაც არსებობს ღვთიური განგებისა თუ კანონზომიერების ერთგვარი ხვრელი, მაგრამ, როგორც მოგეხსენებად, სარტრი ათეისტი იყო, შესაბამისად თვლიდა, რომ ეს ნაწილი ადამიანში ცარიელია და მასში ტოვებს მუდმივ განცდას სიცარიელისა, რომელიც ვერასდროს შეივსება. 

მთავარი კითხვა, რომელიც ბუნებითი სამართლის მიმართულებით ისმევა არის, რომ თუ კი ღმერთმა საკუთარ ხატად შეგვქმნა და თუ ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ გავიაზროთ ეს, მაშინ რატომ ლახავენ ადამიანები მუდმივად ამ ბუნებრივ კანონს? აქვინელს ამაზე ორი პასუხი ჰქონდა- ემოციები და უმეცრება.  მისი აზრით, ჩვენ გვსურს, რაც კარგი გვგონია, მაშინ როდესაც ის არ არის კარგი, რადგან ჩვენ არ გვყოფნის ცოდნა და ასევე ეხმიანება არისტოტელეს, რომელიც თვლიდა, რომ მართალია ადმიანი რაციონალური არსებაა, მაგრამ გარკვეულ დონეზე ჩვენ მაინც  ემოციები გვმართავენ. 

დეონტოლოგიის მიხედვით არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც მიგვიყვანს მორალურ ჭეშმარიტებასთან, რომელიც უნივერსალური და დასაბუთებული იქნება ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთის და სწორის და არასწორის განსამარტავად აღარ იქნება საჭირო რაიმე მეტაფიზიკური, ღვთაებრივი ახსნის მოძებნა, მაგალითად, რომელსაც აქვინელი გვთავაზობს. კონსეკვენციალიზმის მიმდევრებიც, დეონტოლოგიის მსგავსად, გამორიცხავენ მეტაფიზიკურ ახსნას გარკვეული მოქმედებებისა თუ აკრძალვების შემოსაღებად და ათვლის წერტილად იღებენ სახალხო სიკეთეს, რომელსაც  ქმედების შედეგი გამოიღებს. ამ თეორიის მიხედვით, კონკრეტულმა ქმედებამ შესაძლოა შელახოს ერთეული პიროვნებების ინტერესები, მაგრამ თუკი მასშტაბური რაოდენობის ხალხი მიიღებს სარგებელს, მაშინ შეგვიძლია ისმისაღებად ჩავთვალოთ.  

ბუნებითი სამართალი, რომლესაც თომა აქვინელი გვთავაზობს, შეგვიძლია შევადაროთ სტოიკურ სამყაროს ხედვას , რომელიც ემორჩილება კონკრეტულ კანონზომიერებებს, სადაც შემთხვევით არაფერი ხდება და თითოეული მოქმედება ბუნების მიზანს და კანონებს ემსახურება. ვფიქრობ, ბევრად მარტივი გამოსავალია მიენდო სამყაროს მსგავს ხედვას და საკუთარი პასუხისმგებლობა ზებუნებრივ მიზნებსა თუ მიზეზებს გადააბარო. ჩემი ღრმა რწმენით, რაციონალური ადამიანისთვის არ წარმოადგენს გამოსავალს მსგავსი „ნახტომი რწმენაში“, რადგან მისი პრინციპები მუდმივად ბუნდოვანი და არამყარი იქნება. ისინი ხომ დაფუძნებული იქნება გრძნობებზე, ემოციებზე, რომლებიც მუდმივად იცვლება. ხოლო კანონები, რომლებიც ლოგიკასა და განსჯაზე იქნება დაფუძნებული იქნება ბევრად მყარი და მშვიდობის მომტანი, რადგან მისი დასაბუთება შესაძლებელი იქნება ყოველგვარი აბსტრაქტული ახსნების გარეშე, შესაბამისად შეცდომის დაშვების ალბათობაც თითქმის ნულამდე იქნება დაყვანილი

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.