თავისუფლება და კანონი არის ის ორი ცნება, რომელთა ურთიერთკავშირიც საკმაოდ საინტერესოა. ადამიანი თავისუფალია იმდენად, რამდენადაც კანონი აძლევს მას ამის საშუალებას. რა არის კანონი?- კანონი სახელმწიფოს მიერ მიღებული აქტია, რომელიც საზოგადოებრივ ურთიერთობებს არეგულირებს და უზრუნველყოფს ადამიანის პიროვნული უფლებების დაცვას. ადამიანის ძირითად უფლებებს საფუძვლად ღირსებისა და თანასწორობის ცნებები უდევს და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ეპყრობოდეს ხელისუფლება თუ კონკრეტული ინსტიტუტი ინდივიდს.
კანონი არის სახელმწიფოს ის ბერკეტი, ის რეგულირების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა უფლებების დაცვას და სახელმწიფოში წესრიგის შენარჩუნებას და უწესრიგობის, ქაოსისა და ანარქიის პრევენციას. ყველა ადამიანი იბადება თანასწორი და თავისუფალი, თუმცა, თუ ჩემი ამ თავისუფლებით სხვის უფლებებს ვლახავ და ვზღუდავ, დაუშვებელი და ყოვლადგაუმართლებელია. შენი უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყებაო, ნათქვამია, თუმცა ასე კონკრეტული ზღვარი, მიჯნა შენი და სხვის უფლებებს შორის, შეუძლებელია გამოვკვეთოთ.
სახელმწიფოს მიერ აღიარებული ადამიანის უფლებები განაპირობებს და უზრუნველყოფს ინდივიდის თავისუფლებასა და მის დაცულობას. მაგალითად, ადამიანს აქვს სიცოცხლის, აზრის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, განათლებისა და მუშაობის უფლება. ამას დამატებული აკრძალვა იმისა, რაც ამ უფლებებს შელახავს და უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ადამიანზე, მაგალითად- წამების აკრძალვა-როცა არავის აქვს იმის უფლება, ფიზიკური ტკივილი მოგაყენოს.
ადამიანის ეს უფლებები სახელმწიფოს ვალდებულს ხდის, რომ მიიღოს კონკრეტული ზომები ამ უფლებების დასაცავად. შეიმუშაოს კანონები და საკანონმდებლო სისტემა, რომ უზრუნველყოს მოქალაქეთა დაცულობისა და უსაფრთხოების ხელშეუხებლობა.
რახან კანონები არეგულირებენ ადამიანთა ქცევას, მათი ბუნებაც, გასაგებია, ითვალისწინებს რაღაც შეზღუდვებს. თითქოს ადამიანს მაინც უზღუდავს სრულ თავისუფლებას. ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად აქვს თავისუფლება გააზრებული, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს პიროვნულ თავისუფლებას. შესაბამისად, თუ რაიმემ არ დაარეგულირა მათი ქცევები, სახელმწიფოში ქაოსი და არეულობა დაისადგურებს და სრულ ქაოსამდე მიგვიყვანს, სადაც, რეალურად, არავის თავისუფლება არ იქნება დაცული და გარანტირებული.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.