ENG GEO

Search form

საჭიროა დავთმოთ თავისუფლება, ოღონდ ცოტათი

“თუ საკუთარ ოთახში კოცონს დაანთებ, სახლს დაწვავ და თუ მეზობლის სახლს წაუკიდებ ცეცხლს, ციხეში აღმოჩნდები. ამ ორ ცოდნას შორის ძალიან მცირე განსხვავებაა, სამართლებლივი კანონები მოქმედებენ ბუნების კანონების მსგავსად, ისინი წარმოადგენენ ფიქსირებულ მახასიათებლებს, რომლის თანახმადაც უნდა ვიმოქმედოთ.“ - ამბობს ფრიდრიხ ჰაიეკი. რეალურად, საკუთარ სახლში კოცონის დანთებას არავინ გვიკრძალავს და ამას  მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ არ გვინდა. რატომ არ გვინდა? იმიტომ, რომ სამყაროში არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ჩვენ საქციელებს მოჰყვება რაღაც შედეგი და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ  ის რეზულტატი, რომელსაც სახლში კოცონის დანთება იწვევს, არ არის ჩვენთვის სასურველი, ან უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით, ამ საქციელისგან მონიჭებული სარგებელი არ აღემატება მის მიერ მოტანილ ზიანს. პრინციპში, მეზობლის სახლის დაწვის ლოგიკაც ანალოგიურად მუშაობს - ჩვენ შეგვიძლია ცეცხლის წაკიდება, მაგრამ ამას მოჰყვება საკუთარი შედეგი, სახელდობრ, თავისუფლების აღკვეთა, რაც, სავარაუდოდ, მოცემული აქტის მიერ მონიჭებულ სარგებელს აჭარბებს და ამიტომ უარს ვამბობთ ჩვენს სურვილებსა თუ იმპულსებზე.

თუ ასე შევხედავთ, კანონი ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას იმდენად, რამდენადაც მეზობლის შურისძიებას შეიძლება შევეზღუდეთ. რომ არ არსებობდეს კანონი, შეიძლება ჩვენი სასჯელი ყოფილიყო სხვა სახის, მაგალითად, მეზობელსაც გადაეწვა ჩვენი სახლი. თუ ამ ძალაუფლებას გადავცემთ კანონს, რომ ჩვენს მაგივრად გაუსწორდეს დამნაშავეს და ის იქნება უზენაესი, ჩვენ ვიღებთ გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიას, სანაცვლოდ, ჩვენც ვთმობთ გარკვეულ თავისუფლებას.

კარგით, უნდა დავთმოთ თავისუფლება, მაგრამ ცხადია არ გვინდა მონობა, ანუ უნდა დავთმოთ მხოლოდ ის კონკრეტული უფლებები, რომელთა დათმობაც რაციონალური იქნება. მაგალითად, უნდა აიკრძალოს ქურდობა. კი, ერთის მხრივ ჩვენ რომ შეგვეძლოს სხვისი საკუთრების მითვისება აქედან სარგებელს ვნახავდით, მაგრამ თუ არავის ექნება ამის უფლება, ჩვენ საკუთრებებს რომ სხვა ვერ მიითვისებს, ეს უფრო დიდი ბენეფიტია, ცხადია, თუ ამას ერთ და ორ ადამიანზე არ განვიხილავთ და განვავრცობთ, მაშინ უფრო ქაოსურ შედეგამდე მივდივართ, ამიტომ ეს დათმობა აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

იგივე ლოგიკით, რატომ არ არის რიგის გარეთ გავლა აკრძალული? უმეტესობა თანხმდება რომ არასწორია, თანაც თუ ყველა ასე იზამს ქაოსი შეიქმნება და რეალურად, გვირჩევნია შევიზღუდოთ უფლება, მალე მივიღოთ მომსახურეობა იმის მიუხედავად, რომ გვიან მოვედით, რათა საფრთხე არ დაემუქროს ჩვენს ჯერს, როცა ადრე მოვალთ. აშკარაა, რომ ასე გვირჩევნია -  მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ არსებობს, თითქმის ყველა ვიცავთ რიგს, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია.

ჩნდება კითხვა, თუ ადამიანებმა ისედაც ვიცით რა იქნებოდა უკეთესი, რაღაში გვჭირდება კანონი? თუ ვიტყვით, რომ რიგის დარღვევის წინააღმდეგი კანონის არარსებობა არის მიზეზი, რატომაც რიგი ირღვევა, საპირწონედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს მკვლელობის წინააღმდეგ კანონი, მაგრამ მკვლელობები მაინც ხდება. არადა, უმრავლესობა მაინც იცავს ერთსაც და მეორესაც, იმის გამო, რომ არსებობს სწორის და არასწორის ცნება კანონის გარეთაც. რაღაში გვჭირდება კანონები?

ცხადია, საზოგადოებაში გავრცელებული აზრიც შეძლებდა უარყოფითი ქმედებების თავიდან არიდებას, თუმცა ის საკმარისი არაა, კანონი არის უკანასკნელი გზის თავდაცვა მსგავსი ტიპის საქციელების თავიდან ასარიდებლად და სრულად საკმარისი ისიც კი არ არის.

რიგის დარღვევის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, რაც ახლა ითქვა. იმას კიდევ უფრო ნათელს ჰფენს ეს შემთხვევა, რამეთუ ორი აზრი არაა, თუ მის წინააღმდეგ კანონი იარსებებდა, შემცირდებოდა „ურიგოდ გამსვლელთა“ რიცხვი. ანუ, უმეტესობა კანონის გარეშეც ვიცავთ ამ „წესს“, ვიღაცამ შეიძლება კანონის მიუხედავადაც დაარღვიოს, თუმცა განსხვავებას მოგვცემდნენ ის ადამიანები, ვისაც ამ ცვლილებამ მიაღებინა გადაწყვეტილება, დაეცვა რიგი.

მაშინ რატომ არ გვაქვს მსგავსი კანონი? მისი დაცვა ოფიციალურად ძნელად განხორციელებადია. ამ შემთხვევაში ხალხის მიერ საკუთარი უფლების დაცვაა უპრიანი, რამეთუ ამ უფლების ოფიციალურად დათმობა მისცემს  ძალაუფლებიან პირებს დამატებით ბერკეტს, გამოიყენონ ეს კანონიც საკუთარი თავისთვის. (ცხადია, ეს უფლება ვერ იქნება აბსოლუტური და კონსტიტუციაშიც რომ ეწეროს, იარსებებებდა გამონაკლისები, როცა რიგის დარღვევა ლეგალური იქნებოდა, მაგალითად თუ წინმდგომები ამაზე თანახმანი არიან, ეს შეიძლება მოხდეს გარიგებით, ან შეიძლება უბრალოდ სხვა სუბიექტური მიზეზების გამო. ეს ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც გააჩენდა ძალაუფლების პირადად გამოყენების საშუალებას, რადგან შესაძლებელია მსგავს რაღაცაზე ტყუილი.) ბუნებრივი იქნებოდა თუ იფიქრებდით, რომ ამაზე უფრო ლოგიკური მიზეზი, რატომაც ეს კანონი არ გვაქვს ისაა, რომ ეგეთი მძიმე დანაშაულიც არაა ურიგოდ გავლა და ეს მსჯელობა საერთოდ ზედმეტია, მაგრამ ამ ახსნით რაღაცის ჩვენებას ვცდილობ...

როგორც ჰაიეკი ამბობს, კანონი უნდა იყოს ადამიანის განმსჯელი და არა თავად ადამიანი, ანუ რაც უფრო ძნელად შეძლებს კონკრეტული ინდივიდი კანონის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას, მით უკეთესია ეს კანონი. მეორე ფაქტორად კი შეგვიძლია მოვიყვანოთ მისი მნიშვნელობა, ყველაფერი ცუდი არალეგალური არ უნდა იყოს, სჯობს რაღაცები პირდაპირ ადამიანებს მივანდოთ და სახელმწიფოს დავუთმოთ მხოლოდ ის უფლებები, რომელთა დათმობაც აუცილებელია. მესმის ეს ორი იდეა ცოტა ბუნდოვანია და რიგის დაცვის მაგალითმა სრულად ვერ ახსნა, თუმცა მის ბოლომდე დაზუსტებას კაცობრიობა დიდი ხანია ცდილობს და ჯერ-ჯერობით წარუმატებლად, ამიტომაც მე შედარებით უფრო მარტივი სათქმელი ავირჩიე და ამ ბლოგში გადავწყვიტე, სწორედ მას შევჭიდებოდი: ანუ, როგორც სათაური ამბობს, საჭიროა დავთმოთ თავისუფლება, ოღონდ ცოტათი.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.