ENG GEO

Search form

თავისუფლება და კანონი: შრომითი ურთიერთობები

იმისათვის, რომ საზოგადოება შეიქმნას უნდა არსებობდეს წესები, რომლებიც ადამიანთა თავისუფლებას გარკვეულწილად შეზღუდავს. კანონებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ საზოგადოებრივი ურთიერთობების დარეგულირებაში. ცხოვრობდე ადგილას ,,კანონის გარეშე’’ იგივეა, რაც ცხოვრობდე ანარქიაში. იყო საზოგადოების ნაწილი ნიშნავს თმობდე შეუზღუდავ თავისუფლებას საკუთარი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. კანონი აწესებს მოქმედების ზღვრებს და ეს ზღვრები წესრიგისა და სიმშვიდის უმნიშვნელოვანეს წინაპირობებად იქცევა.

კანონი ეფექტური მექანიზმია მაშინ, თუ ისიც გარკვეულ საზღვრებს მიღმა მოქმედებს. ადამიანთა უფლებების დასაცავად შექმნილი იარაღი ხშირად სწორედ ამ უფლებებს უმიზნებს და ანადგურებს. როდესაც კანონი იჭრება ისეთ სფეროებში როგორიცაა: განათლება, რელიგია, შრომა, სამართლიანობის შენარჩუნების მაგივრად მას უფრო და უფრო მეტი საფრთხე ექმნება.

შრომის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და როდესაც მისი რეგულაციის დონე საჭიროს მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანის თავისუფლება იზღუდება. შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები ხშირად ძალიან დიდ ტვირთს აკისრებს დამსაქმებლებს, დასაქმებულებსა და პოტენციურ მომუშავეებს.

მინიმალური ხელფასის, სამუშაო საათებისა და გარანტირებული შვებულებების რაოდენობის რეგულირება შრომით ბაზარზე ზღუდავს მხარეთა ნების თავისუფლების პრინციპს.

როდესაც კანონი აწესებს მინიმალურ ხელფასს, რომლის რაოდენობა აჭარბებს სახელმწიფოს ყველაზე დაბალანაზღაურებადიანი სექტორის ხელფასს, შრომით ბაზარზე მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოიქმნება. აღნიშნული ძირითადად იწვევს იმას, რომ მინიმალურ ხელფასზე უფრო ნაკლებ ანაზღაურებაზე მომუშავე პირებს უწევთ შრომის ბაზრის დატოვება. დამსაქმებლებს ეზრდებათ ხარჯები. ხარჯების შემცირება კი, თანამშრომლების შემცირებით, პროდუქციის/სერვისის ხარისხის გაუარესებით, ან სულაც ფასების გაზრდით გამოიხატება. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა უარყოფითად აისახება დაბალკვალიფიცურ, გამოუცდელ კადრებზეც, რომლებიც, როგორც წესი, თავდაპირველად დაბალანაზღაურებადიან პოზიციებზე საქმდებიან. მათზე მოთხოვნა მცირდება. ეს ყველაფერი საბოლოოდ ზრდის ,,ჩრდილოვანი დასაქმების“ რისკს, რომლის დროსაც დამსაქმებელი და დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების მიღმა იწყებს ურთიერთობას, რაც, რა თქმა უნდა, ამცირებს შრომითი უფლებების დაცვის შესაძლებლობას.

სამუშაო საათების კანონით განსაზღვრა განსაკუთრებით მაშინ, თუ ის დღიურად ზღუდავს სამუშაო საათებს უარყოფითად აისახება შრომით ურთიერთობაზე. მომუშავეთა უსაფრთხოების დაცვას, მათ ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე ზრუნვას სჭირდება გარკვეული ლიმიტები, თუმცა სამუშაო საათების დღიური რაოდენობის განსაზღვრა უხეშად იჭრება დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლებებში. როგორ აისახება სამუშაო საათების რაოდენობა დასაქმებულთა მოტივაციასა, პროდუქტიულობაზე და ჯანმრთელობაზე, ვფიქრობ, ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების საფუძველზე მისი მორგებაც ინდივიდუალურად უნდა იყოს შესაძლებელი, რასაკვირველია, ძირითადი წესების დაცვით.

საინტერესოა, გარანტირებული შვებულებებიც, პირობითად ე.წ დეკრეტული შვებულება, რომელიც, ერთი შეხედვით, ხელს უწყობს ახალშობილთა მშობლებს ცხოვრების ახალ ეტაპთან ადაპტირებაში, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულიც უარყოფითად აისახება შრომით ურთიერთობებზე. ხშირად მსმენია როგორ ეკითხებიან სამსახურის გასაუბრებებზე ახალგაზრდებს იმის შესახებ არიან თუ არა დაოჯახებულნი ან აპირებენ თუ არა დაოჯახებას უახლოეს მომავალში. როდესაც დამსაქმებლებს კანონით ავალდებულებ ხანგრძლივი ანაზღაურებადიანი შვებულებით უზრუნველყონ დედები, ისინი უფრო და უფრო მეტად ერიდებიან ქალების დასაქმებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, რაც, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციულია.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კანონები ადამიანთა სურვილის საფუძველზე, გარკვეული თავისუფლების გაღების ხარჯზე, წესრიგისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად იქმნება. მათი მთავარი მისია ადამიანთა უფლებების დაცვაა, თუმცა ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა კანონი საკუთარი მოქმედების სფეროს არ სცილდება. ხშირად უფლებათა დაცვის სურვილის სახელით, ის მათ წინააღმდეგ მოქმედ საშიშ იარაღად იქცევა.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.