კანონი საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირების, ინდივიდის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის შენარჩუნების ერთ-ერთი მექანიზმია. ფრიდრიხ ჰაიეკი კანონის ამგვარ განმარტებას გვათავაზობს: „წესს, რომლითაც შემოსაზღვრულია ინდივიდის ყოფისა და მოქმედების დაცული და თავისუფალი სფერო, კანონი ეწოდება“. ფრედერიკ ბასტიას მიხედვით კი, „ეს არის პიროვნული უფლებების სამართლებრივი დაცვის კოლექტიური ორგანიზების ფორმა“.
ყველა კულტურას საკუთარი განსხვავებული წესები, ნორმები თუ ტაბუები გააჩნია, მაგრამ თითოეული მათგანი სწორედ ამ წესების არსებობით ჰგავს ერთმანეთს, რადგან ინდივიდთა საზოგადოებაში თანაცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი რაღაც საერთო, ჩამოყალიბებულ წესებსა და ნორმებს მიჰყვებიან. თუმცა წესები ადამიანის მოქმედების ინდივიდუალური სფეროს ნაწილობრივ განსაზღვრას ახდენენ და ამ მხრივ გამონაკლისს არც კანონი წარმოადგენს. ერთგვარი პარადოქსია: კანონი გზღუდავს იმისათვის, რომ შენი თავისუფლება უზრუნველყოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი შეხედვით კანონი ნაკლებად ესადაგება ჰაიეკისა და ბასტიას ჩამოყალიბებულ განმარტებებს და დაცვის ნაცვლად ამკრძალავ მექანიზმად წარმოგვიდგება.
ადამიანის, კანონისა და თავისუფლების ურთიერთდამოკიდებულების უკეთ გასაგებად და იმის საჩვენებლად თუ როგორ ახერხებს კანონი რაღაც შეზღუდვის მიუხედავად არ შელახოს ადამიანის თავისუფლება ფრიდრიხ ჰაიეკის სხვადასხვა მოსაზრება, არგუმენტი დაგვეხმარება. მას მიაჩნია, რომ ჩვენი ყოველგვარი ქმედება გულისხმობს სხვაზე რაღაც ტიპის ურთიერთობას და ჩვენი თითოეული ქმედებით სხვა ადამიანის დაცულ, პირად სფეროსთან კონტაქტში შევდივართ. ამიტომ როდესაც საკითხი ადამიანის სხვა პიროვნებებთან ურთიერთობას შეეხება, თავისუფლება არსებობს მხოლოდ იმ საზღვრებში, რომელიც ზოგადი კანონის მიერ არის შემოფარგლული. ჰაიეკი განიხილავს, რომ თუ მართვის ცნებას განვსაზღვრავთ, რომ ადამიანები სხვის ნებას ემორჩილებიან, მსგავსი მართვის უფლება კანონმდებელს/ხელისუფლებას თავისუფალ საზოგადოებაში არ გააჩნია და მოქალაქეებსაც ამ განსაზღვრებით მართულებად ვერ მივიჩნევთ. კანონის მიერ დაწესებულ საზღვრებში მოქმედება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ სხვა პირის ნებაზე დამოკიდებულნი ან მისი ავტორიტეტის ქვეშ მოქცეულნი. ამ შემთხვევაში ადამიანი კვლავ თავისუფალია და მისი თავისუფლება მხოლოდ აბსტრაქციული წესებითაა შემოფარგლული.
რას ნიშნავს კანონის აბსტრაქციულობა? ჰაიეკის აზრით, კანონი თავისი იდეალური ფორმით შესაძლოა განვიხილოთ საყოველთაო ბრძანებად, რომელიც არ მიემართება კონკრეტულ მდგომარეობებს, გარემოებებს, ადამიანებს. ის მიმართულია, თანაბრად ეხება ყოველ ინდივიდს. კანონმდებელი წინასწარ ვერ განჭვრეტს გავლენას, რომელსაც კანონი მოახდენს კონკრეტულ პიროვნებასა და ვითარებაზე. შესაბამისად, კანონის დადგენისას უგულებელყოფილია რა შედეგი ექნება მას კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში. ეს თვისება კანონს ხდის ზოგადს, აბსტრაქციულს, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.
კანონის კიდევ ერთი თვისება, რომელსაც ჰაიეკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არის ის, რომ მათი არსებობის შემთხვევაშიც ადამიანი მიჰყვება საკუთარ მიზნებს, გადაწყვეტილებებს და არ მოქმედებს კანონმდებლის მიერ მკაცრად განსაზღვრული გზით. კანონების დაცვისას ჩვენ არ ვემსახურებით სხვა ადამიანის/ადამიანების ნებას, რადგან კანონის გამოყენების გზა სრულიად პიროვნების ცოდნაზეა დაფუძნებული. „ადამიანი თვითონ კანონით უბრალოდ დაწესებულ ზოგად ჩრჩოში განჭვრიტავს, თუ რა შედეგი მოჰყვება მის ქმედებას და ამის საფუძველზე იღებს გადაწყეტილებას“. სწორედ იმის გამო, რომ ზოგადი კანონით ადამიანი არავის ნებას არ ემსახურება კანონთა დაცვის შემთხვევაშიც კვლავ თავისუფალი ადამიანია. ამ მოსაზრების უკეთ გასაგებად ჰაიეკის ერთ-ერთი მაგალითი დაგვეხმარება: როდესაც ტომის ბელადი გასცემს ბრძანებებს მის ქვემდგომებს მკაცრად განსაზღვრული წესები აქვთ და მოეთხოვებათ მის მიხედვით მოქმედება. მსგავს შემთხვევაში ისინი არ იყენებენ საკუთარ ცოდნას, მოქმედებისას არ იღებენ საკუთარ გადაწყვეტილებებს. ქვეშევრდომები უბრალოდ მოქმედებენ მეთაურის მიერ განსაზღვრული ბრძანებების შესაბამისად. მსგავსი ეფექტი კანონს არ გააჩნია. კანონები იქცევიან ერთგვარ ჩარჩოდ, რომლის შიგნითაც ადამიანს შეუძლია საკუთარი ცოდნისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე თავისუფლად მოქმედება, სწრაფვა მისთვის სასურველი მიზნისაკენ მის მიერვე არჩეული გზით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.