ბუნებითი სამართალი, ეს არის თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი უფლებები. თუმცა ეს უფლებები არ არის სახელმწიფოს ან სხვა ზემდგომი პირების მიერ დადგენილი. ისინი კიდევ უფრო მაღალი ინსტანციიდან მოდის. ადამიანის ბუნებითად თანდაყოლილ ღირებულებებზე დაფუძნებით ბუნებითი სამართლის ცნება მომდინარეობს „ღმერთისგან, ბუნებისგან ან არსისგან“. მოკლე მიმოხილვისათვის, თომა აქვინელის მიხედვით ბუნებითი სამართლის სამართლის ზოგადი კანონები შემდეგნაირად გამოიყურება. პირველ რიგში აუცილებელია სიცოცხლისაკენ სწრაფვა, შემდეგ რეპროდუქცია და საკუთარი შთამომავლის განათლება. ამას მოსდევს ღმერთის ძიება და საზოგადოებაში, საზოგადოების წევრად ინტეგრირება. ასევე ძალადობისა და შევიწროების არიდება. ბოლოს კი, ბუნებითი სამართლის მიხედვით, ყველა უნდა შეეცადოს უმეცრებისგან თავის დაღწევას.
ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ცნობიერად თუ არაცნობიერად, ხშირად არღვევენ ამ სამართლებრივი სისტემის ნორმებს. ამის ერთ-ერთი აქტუალური მაგალითია ნარკოტიკების მოხმარება. ეს ქმედება ბუნებითი სამართლის ფუნდამენტურ ნორმას პირდაპირ არღვევს, ირიბად კი სხვებსაც შეიძლება შეეხოს, მაგალითად გარკვეული სუბსტანციების მოხმარებამ შეიძლება ინდივიდს დაუქვეითოს რეპროდუქციული უნარები, ან ზეგავლენის შედეგად გახადოს აგრესიული და ა.შ... მართალია, ბუნებითი სამართლის სისტემა ფოკუსირებულია ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და შენარჩუნებისას, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი სასიცოცხლოდ დამოკიდებულია იმაზე, რაც ანადგურებს?
მანამ, სანამ უშუალოდ ამ კითხვას ვუპასუხებდე, განვიხილოთ ზოგადად ნარკოტიკებისა და ნარკოპოლიტიკის კვეთა ბუნებით სამართალთან. თანამედროვე მსოფლიოში ძალიან აქტუალურია ნარკოტიკების ლეგალიზაციის საკითხი. მოდით დავუშვათ, რომ ნარკოტიკული საშუალებები იქნება ლეგალური. ეს ჯაჭვური რეაქციით გამოიწვევს რამდენიმე ფაქტორს. პირველ რიგში, ეს საშუალებები აღარ იქნება ცენტრალიზებული არალეგალურ დაჯგუფებებთან, რომლებიც ხშირად ძალადობრივი საქმიანობით აღწევენ დასახულ მიზნებს. დაიკლებს აწ უკვე ლეგალური სუბსტანციების ფასი, რაც ასევე შეამცირებს იმ ძალადობრივ აქტებს, რომლებსაც არცთუ იშვიათად მიმართავენ ნარკოდამოკიდებულები საჭირო სახსრების მოპოვების მიზნით. ნარკოლეგალიზაცია არა მარტო ძალადობის არიდების ასპექტს შეეხება, არამედ სიცოცხლის მისწრაფებისასაც. მაგალითად, ახალგაზრდებში მოისპობა ე.წ. „ტაბუს ეფექტი“, როდესაც რაიმე საინტერესო და მიმზიდველია მხოლოდ იმიტომ, რომ ის აკრძალულია. შესაბამისად, ნაკლებ ადამიანს ექნება იმის სურვილი, რომ ამ მიზნით მიიღოს ნარკოტიკული საშუალებები. ასევე იმ რეალობაში, სადაც ნარკოტიკები ლეგალურია, დამოკიდებული ადამიანებისათვის უფრო მარტივი იქნება დახმარების მიღება, რადგან ისინი არ იქნებიან მუდმივ შიშში იმისა, რომ მკურნალობის ნაცვლად დაისჯებიან არალეგალური სუბსტანციების მოხმარების გამო. შესაბამისად, ამ ვითარებაში ერთი შეხედვით ბუნებითი სამართლის მასშტაბური დარღვევით გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებითი სამართლის კიდევ უფრო გამტკიცებამდე მივყავართ.
ახლა შეგვიძლია დავუბრუნდეთ ზემოთ დასმულ კითხვას, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი სასიცოცხლოდ დამოკიდებულია იმაზე, რაც მას ანადგურებს? მართალია, ნარკოტიკის მოხმარება იმთავითვე ეწინააღმდეგება ბუნებით სამართალს, მაგრამ როდესაც მომხმარებელი იმ დონეზე ხდება მასზე დამოკიდებული, რომ ბუნებითი სამართლის ფუნდამენტური მოძღვრების, სიცოცხლისაკენ მისწრაფებისათვის უწევს მისი მოხმარება, გამართლებულია თუ არა მისი ქმედება? ერთი შეხედვით, ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ კი. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის ამ სუბსტანციას არ მოიხმარს, ის საკუთარ თავს იმაზე მეტად ავნებს, ვიდრე მოხმარების შემთხვევაში. მაგრამ ბუნებითი სამართლის მიხედვით, ეს ასე არაა. აქ არსებობს ტერმინი, Apparent good („მოჩვენებითი სიკეთე“). რომელიც არის ისეთი ცოდვები, რომლებიც შეიძლება ინდივიდის პერსპექტივიდან გამართლებული იყოს, თუმცა რეალურად მას ღმერთის მიერ შექმნილი „იდეალური ადამიანის“ ფორმისაგან აშორებდეს. უფრო ნათელი განმარტებისათვის კიდევ ერთ მაგალითად გამოდგება ალკოჰოლის მიღება იმისათვის, რომ ადამიანი უფრო სოციალური გახდეს. მართალია, ერთი შეხედვით სოციალურობა და გახსნილობა სასარგებლოა ბუნებითი სამართლის მიხედვითაც, მაგრამ ალკოჰოლის მიღება თავის მხრივ საზიანოა ადამიანის სიცოცხლისათვის, შესაბამისად, მსგავსი ქმედებაც არ არის გამართლებული.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ნარკოტიკების მიღება იმის გამო, რომ ის ინდივიდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, იმდენადვე გაუმარლებელია, რამდენადაც ზოგადად ნარკოტიკის მოხმარება. რადგან რეალურად ორივე ეწინააღმდეგება ბუნებითი სამართლის ფუნდამენტურ ცნებებს. რაც შეეხება ნარკოტიკების ლეგალიზაციას, მე ამ იდეას არ ვემხრობი და ვფიქრობ, რომ მას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისათვის, ვიდრე სარგებლის.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.