დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ერთხელ მაინც უცნაური ხმის ან შრიალის გაგონებისას ყური „დაჭიმვოდა“ და მთელი ყურადღება გადაეტანა იმ ადგილისკენ, საიდანაც ხმაური მოდიოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას გვყავს ნაცნობი, ვისაც ყურის მოძრაობა შეუძლია, ნაცნობი თუ არა, ნანახი მაინც გვეყოლება ესეთი შესაძლებლობების მქონე ადამიანი. ეს შესაძლებლობები და მოძრაობები არის შემორჩენილი რუდიმენტები, რომლებიც მოგყვება ძალიან, ძალიან დიდი ხანი. დროთა განმალობაში ესეთი ორგანოები/შესაძლებლობები კარგავენ საჭიროებას და ან სრულებით ქრებიან ჩვენი სხეულიდან ან გვიტოვებენ ხალხის გასართობად, უფუნქციო შესაძლებლობებს (იგივე ყურის მოძრაობა). ამ ყველაფერს კი ევოლუცია განაპირობებს. ისაა ვინც ყველაფერს ცვლის, გვისწორებს და აუმჯობესებს/უარესს ხდის ჩვენში, გააჩნია საჭიროებას, პირობებს და გადარჩენას.
როგორც ჩვენი ორგანოები და შესაძლებლობები იცვლება დროთა განმალობაში, იგივენაირად შეიძლება შეიცვალოს „სიკარგეც“. ყველაფერი არის დროზე დამოკიდებული, ყველაფერი გამომდინარეობს საჭიროებებიდან. ადამიანი ვერასდროს ვერ დააწესებს 7 წესს, რომელიც ყველა დროში, ყველა პირობაში, ყველა სოციუმში იქნება ფუნდამენტალური წესი, რომელიც ჩვენს კეთილდღეობას და სიკეთის „სიბევრეს“ განსაზღვრავს.
ავიღოთ აკვინელის ძირითადი სიკეთეებიდან მეორე „პუნქტი“ - გამრავლება. კი, პროცესი სასიამოვნოა, კი, ევოლუციური მხრიდან თუ შევხედავთ, გამრავლება არის უმთავრესი მიზანი ფაქტობრივად ყველა ცოცხალი ორგანიზმის, მაგრამ თუ შევხედავთ, როგორც 21-ე საუკუნის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის სოციუმის გადმოსახედიდან, გამრავლება სიკეთეების ათეულშიც კი არ შევა, რადგან დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე, ის უფრო მეტ პასუხისმგებლობას, მზაობას, ფინანსურ სიმყარეს და სხვა მრავალ რამეს მოითხოვს. ჩვენ აღარ ვიღწვით გამრავლებისკენ, ჩვენი პირველადი მიზანი აღარ არის ბავშვის გაჩენა, სხვა მიზნები გაუჩნდა ადამიანს, სხვა მიღწევები უფრო მეტად ფასობს და ბევრად მეტი სიკეთის მომტანია, ვიდრე შთამომავლობის დატოვება. ჩემი გადმოსახედიდან დიდი პროექტის წარმატებულად დასრულება, ანდაც ქვეყნის მართვა უფრო ფასობს, ვიდრე მორიგი ბავშვის გაჩენა, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შთამომავლობის დატოვება არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რამ, ასევე ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ არიან წყვილები, ვისაც ბიოლოგიურად არ შეუძლიათ შთამომავლობის დატოვება.
საინტერესოა ის იდეა, რომ სიკეთე და კეთილდღეობა მოაქვს იმათ, რაც ჩვენ გადარჩენაში გვეხმარება. აქაც რამდენიმე პრობლემას ვაწყდებით. პირველ რიგში, როგორც ზევით იყო ნახსენები, ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როდესაც გადარჩენაზე ზრუნვა აღარ გვიწევს. ადამიანს გაუჩნდა მრავალი სხვა ინტერესი, მიზანი და საფიქრალი, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღეს ყოველდღიურად აღარ გვიწევს გამოკვებაზე, თავშესაფარზე და გადარჩენაზე ფიქრი. როგორც ყველა მიზანს სჭირდება თავისი მიზანმიმართული ცოდნის მიღება და მათი დახვეწა, ასევე გადარჩენასაც აქვს თავისი გარკვეული უნარების კრებული. თუ ჩვენ ამ კრებულს განვსაზღვრავთ, როგორც კეთილდღეობის მიღების საუკეთესო გზას, გადავაწყდებით იმ პრობლემას, რომ დღეს ეს უნარები არავის დიდად აღარ სჭირდება. ცოცხლად დარჩენის პრობლემა გადაჭრილია. თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელი წარმატებისთვის და კეთილდღეობისთვის საჭირო უნარებს გადარჩენისთვის საჭირო ცოდნას, ვნახავთ, რომ ორი რადიკალურად განსხვავებული რამაა. თუ სიცოცხლე არის მიზანი, 8 საუკუნის წინ ამის გახანგრძლივებისთვის სულ სხვა რამ იყო საჭირო, დღეს კი საერთოდ სხვა სიტუაცია გვაქვს. ასევე გაუგებარია ცხოვრების რა ხარისხზეა საუბარი. ჩვენ თუ მხოლოდ მიზანი გვაქვს, რომ ცოცხლად დავრჩეთ, რაც შეიძლება დიდი ხანი, მაშინ მცენარესავით არსებობაც კი საკმარისი იქნება, საჭირო მხოლოდ თავშესაფარი და საკვები იქნება. მეორეს მხრივ ჩვენ თუ ამ საკითხს მივუდგებით ინდივიდუალურად, დავინახავთ, რომ ყველას თავისი საჭიროება აქვს, ყველას თავისი უნარების გამომუშავება სჭირდება. ცხოვრების შენარჩუნება ვერ იქნება უმთავრესი მიზანი, რადგან თუ ის არის მხოლოდ ამაზე მიმართული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100 წელი გატარებული 4 კედელში არის ყველაზე დიდი მიღწევა და კეთილდღეობა, რისი მიღწევაც შეგვეძლება.
როგორც დასაწყისში ნახსენები ყურის შესაძლებლობა და ფუნქცია დღეს უკვე არავის არ ადგება, ისე ბევრი იდეა კარგავს თავის პრაქტიკულობას. ყველაფერი არის განსაზღვრული იმ დროით და პირობებით, რომლებში ვართ. საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენ ვითარდებით ან ვიცვლით საჭიროებებს. რაც დასაწყისში გვერგო, არაა აუცილებელი, რომ დღეს, ამდენი ცვლილების მერე, აუცილებლად კეთილდღეობის მომტანი იყოს, მან თავისი ფუნქცია შეასრულა, მან თავის ეპოქას ემსახურა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.