საკითხი იმის შესახებ, რომ რაციონალურობა არის ადამიანური რასის განმსაზღვრელი მთავარი მახასიათებელი დასავლური ფილოსოფიის ტრადიციაში დიდიხანია განიხილება. ჯერ კიდევ ქრისტიანობის საწყისიდან შუა საუკუნეების დასასრულამდე მიჩნეული იყო, რომ პიროვნების რაციონალურად მოქმედების უნარი თავდაპირველი ცოდვით იყო დამცირებული. საუკუნებიის განმავლობაში ამ საკითხს განსხვავებული მხრიდან უყურებდნენ ფილოსოფოსები და მოაზროვნეები. თომას აკვინელის თეორია ბუნებითი სამართლის შესახებ ადამიანის განსჯას, მის რაციონალურობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. სწორად განსჯა, მისი მიხედვით მოქმედება არის ის დანიშნულება, რასაც ღმერთი ადამიანებს ანიჭებს. თუ ჩვენ ყველანი განსჯის მიხედვით ვიმოქემდებთ, შევთანხმდებით ყოვლისმომცველ წესებზე, რომელთა მორალურობა ყოველი რაციონალური აგენტისათვის იმდენად ცხადია, რომ მისი აღნიშვნა საჭირო არ არის. ბუნებითი სამართალი წარმოშობს ზოგად წესებს, რომელსაც ადამიანი უბრალოდ რაციონალურობის ღირსებით შეიმეცნებს. მეორადი ცნებებისაგან განსხვავებით, მთავარი აღმების დაცვა ყოველთვის მორალური გადაწყვეტილებაა. განსჯის მქონე ადამიანმა უნდა იზრუნოს ცხოვრებაზე, საკუთარი შთამომავლობის შექმნასა და დაცვაზე, საზოგადოებაში ცხოვრებაზე.
საინტერესოა ზემოთ აღნიშნული თეორიის დარვინისტული მოძღვრების შუქზე განხილვა, ვინაიდან ეს თეორია სხვადასხვა მხრივ ეხმიანება აკვინელის თეორიას. მრავალწლიანი განმავლობაში გავრცელების შემდეგ, ერთ დროს უჩვეულო ევოლუციის თეორია ამჟამად ფართოდ აღიარებული და სამეცნიეროდ დადასტურებული ფაქტია. დარვინიზმი მატერიალისტური თეორიაა ცოცხალი ბუნების, მცენარეების, ცხოველთა სახეობების წარმოშობის შესახებ ბუნებრივი შერჩევის გზით განვითარებისა. სოციალურმა დარვინიზმმა სოციალურ ცხოვრებაში გადაიტანა ბიოლოგიური სამყაროს ევოლუციური განვითარების, ბუნებრივი გადარჩევის, არსებობისთვის ბრძოლის კანონები. ევოლუციური ფსიქოლოგია, ყველა ადამიანურ ქმედებებს ევოლუციური პროცესის შუქზე განიხილავს. ფრენსის ფუკუიამა და ჩარლზ მურეი მას იყენებდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ მორალი ადამიანურ ბიოლოგიაშია ჩაბეჭდილი.
მორალურობის დარვინისტული შეხედულების მიხედვით, სოციალური ქმედებანი ბიოლოგიურადაა „ჩაშენებული“ ადამიანის ბუნებაში და რომ ადამიანებს მყარად აქვთ გათავისებული სახეობის შემანარჩუნებელი ქმედებები. დარვინიზმის მიხედვით ყველა ადამიანური საზოგადოება, იქნება ეს ოჯახი თუ პოლიტიკური გაერთიანება, ევოლუციური პროცესების უნებლიე, განუზრახავი შუალედური პროდუქტებია.
დარვინის თეზისი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა სახეობა, მათ შორის ადამიანები ფლობენ ბიოლოგიურ ლტოლვას თვით შენარჩუნებისა არ არის სიახლე. ერთ-ერთი დარვინისტი, ლარი ანჰარტი ამ მოსაზრებას სწორედ თომას აკვინელის ბუნებითი სამართლის თეორიას უკავშირებს, სადაც აკვინელი მსგავს დაშვებას აკეთებს. ადამიანური სიცოცხლის დაცვა და მისი გაგრძელება სწორედ ერთ-ერთი მთავარი დათქმაა ბუნებითი სამართლის, რომელსაც ყველა რაციონალური აგენტი მორალურად მიიჩნევს. აკვინელისგან განსხვავებით, დარვინს მიაჩნია, რომ ეს ქმედებები, რომლებიც სახეობების გადარჩენისთვისაა აუცილებელი, ნელ-ნელა ადამიანურ ბიოლოგიაში ხდება ჩაქსოვილი. დროთა განმავლობაში, ადამიანები საბოლოოდ გადარჩენისთვის საჭირო ქმედებებს მორალურად და მნიშვნელოვნად უკვე ავტომატურად თვლიან.
ანჰარტი ოჯახის ცნებას სექსუალური ლტოლვის საფუძვლებში ეძებს. ,,ბიოლოგიურ ბუნებაში’’ ჩამარხული ეს ლტოლვა სახეობების შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს და იგი ასევე ხელს უწყობს საქორწინო ძლიერ სურვილს, ანუ სექსუალური ლტოლვა ერთგვარად ქმნის იმ კავშირს, რასაც ოჯახში ვხვდებით. დარვინისტული პერსპექტივის მიხედვით, ქორწინების სწრაფვის ბიოლოგიური სურვილი ვლინდება საზოგადოების სტაბილიზების საჭირო პროცესისათვის.
მაგრამ შესაძლებელია, რომ ოჯახი განვიხილოთ როგროც მხოლოდ საზოგადოების შესანარჩუნებლად შექმნილი რამ? ქორწინების რაიმე წმინდა წარმოდგენის გარდა, დარვინიზმის მიხედვით, ქმრის სიყვარული თავისი მეუღლის მიმართ, ან ის პერსონალური მსხვერპლი, რასაც მშობლები თავიანთი შვილებისთვის გაიღებდნენ, მხოლოდ მეორადი პროდუქტებია სახეობების შენარჩუნების პირველადი სურვილისა. აქედან გამომდინარე, დარვინიზმის აღქმა ოჯახის მიმართ კიდევ უფრო სახედაკარგულია, ვიდრე ოჯახის თანამედროვე წარმოდგენა, როგორც მხოლოდ ერთგვარი კონტრაქტი. ვფიქრობ, ზემოთ აღნიშნული მოსაზრება ეხმიანება აკვინელის მიერ გამოთქმულ მისწრაფებას საზოგადოებაში ცხოვრებისადმი, შთამომავლობის შექმნისადმი და დაცვისადმი, თუმცა დარვინისტული პოზიციისგან განსხვავებით, იგი უფრო მორალური საფუძვლითაა გამყარებული, ვიდრე უბრალო და მარტივი გამრავლებისა და სახეობის შენარჩუნების საბაბით.
მორალურობის დარვინისტული მხარეში ყველაზე გასაოცარი არის ის, რომ ბუნებითი სამართალი ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა ბუნებრივის ბიოლოგიურთან მარტივ იდენტიფიკაციას. განსხვავებით ინსტინქტურის ბუნებრივთან დარვინისტული გაიგივებისა, ბუნებითი სამართალი ბუნებრივს უკავშირებს გონივრულს, მართებულს, განსჯაზე დამყარებულს. იგი მიისწრაფვის იმისკენ, რომ გააადამიანუროს და გადალახოს ბიოლოგიის სამეფოს საზღვარი მისი განსჯის სამეფოში გაერთიანებით. იქ, სადაც მატერიალისტი დარვინისტები ხედავენ ადამიანურ ბუნებას, რომელიც ბიოლოგიურ ინსტიქტებში ჰპოვებს კულმინაციას სახეობების შენარჩუნების მიზნით, აკვინელი ფიქრობს, რომ კაცობრიობის ბუნებრივი მიდრეკილება მიმართავს მათ ღმერთის შესახებ ჭეშმარიტების მიგნებისა და საზოგადოებაში ცხოვრებისაკენ.
ბუნებრივი მისწრაფება ცოდნისაკენ არ უარყოფს სახეობის შენარჩუნების სურვილს, არამედ შეუძლია ახსნას, თუ რატომაა ეს მისწრაფება სასურველი. ბუნებითი სამართლის აზროვნების წესი მდგომარეობს მის უნარში, აჩვენოს, რომ ადამიანები არიან არა თავიანთი ინსტინქტების მონები, არამედ ისინი ფლობენ ფსიქიკურ თავისუფლებას თავიანთი ინსტინქტებისა. დარვინიზმის ბიოლოგიური დეტერმინიზმის საპირისპიროდ, ბუნებითი სამართლის თეორია ჩაშენებულია სრულიად ადამიანური ქვეცნობიერის ბრძოლის გამოცდილებაზე- იმის გაკეთების მცდელობაზე, რისი გაკეთებაც პიროვნებას ევალება და არა უბრალოდ იმისა, რაც მას ინსტინქტურად სურს. ბუნებითი სამართალი ეწინააღმდეგება რელატივიზმს. თუ ჩვენ ვმოქმედებთ განსჯის მიხედვით, ჩვენ ვთანხმდებით ყოვლისმომცველ ზოგად კანონებზე. დარვინისტები სწორად ამ რელატივიზმს ანაცვლებენ მატერიალისტური რწმენით, რომ ადამიანებისთვის ბიოლოგიურად შეუძლებელია თავიანთ სულებზე ზრუნვა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.