ENG GEO

Search form

I volunteer as tribute!

Ბუნებითი სამართლის მიხედვით, ადამიანმა თანდაყოლილად იცის, რა არის მორალურად სწორი და რა - არა. Მთელი თეორია სწორედ ამ შეხედულებაზეა დაფუძნებული. თომა აკვინელის მიხედვით, რომელმაც განავითარა ბუნებითი სამართლის თეორია, ადამიანებში თანდაყოლილი მორალი არის ღვთისგან შთაგონებული. Ბუნებითი სამართლის მიხედვით არსებობს თანდაყოლილი ძირითადი ღირებულებები, რომლებიც ყველა ადამიანისთვის საერთოა, ანუ ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში გარკვეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიიღწვის. ამ სიაში პირველია სიცოცხლისაკენ სწრაფვა, შესაბამისად, ადამიანის მთავარი პრიორიტეტი ყველა სიტუაციაში უნდა იყოს საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნება. თუმცა ამ მოსაზრებას თან უამრავი გაურკვევლობა, ჩიხი და ნაპრალი ახლავს.

დავიწყოთ თავგანწირვის ფენომენით. ადამიანები არც თუ ისე იშვიათად საკუთარი სიცოცხლის გაწირვას ირჩევენ სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის სანაცვლოდ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სიუზენ კოლინზის წიგნი, შიმშილის თამაშები, რომელშიც უტოპიური სამყაროა აღწერილი, სადაც ყოველწლიურად ქვეყნის თითოეული რაიონიდან ორ თვრამეტ წლამდე ახალგაზრდას ირჩევენ, რომლებიც იბრძოლებენ გადარჩენისთვის. მას შემდეგ, რაც მთავარი გმირის დას შემთხვევითობის პრინციპით ამოირჩევენ სასიკვდილო ბრძოლისთვის, პროტაგონისტი მოხალისედ გამოდის, რითაც საკუთარს სიცოცხლეს დიდ საფრთხეში აგდებს. რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ბუნებითი სამართლის მიხედვით მოცემული ქმედების ლოგიკური ახსნა? ბუნებითი სამართლის თეორიტიკოსები გვეუბნებიან, რომ მართალია, ადამიანს თანდაყოლილად აქვს ეს გადარჩენის ინსტინქტი, მაგრამ იგი მხოლოდ გონებით და თავისი რაციონალური განსჯის უნარით როდი მოქმედებს. ადამიანს ასევე გააჩნია ემოციები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ჯაბნის გონიერებას. სწორედ ამიტომ ჩადიან ადამიანები ამორალურ, ანდაც ალოგიკურ ქმედებებს. მოცემული მაგალითის შემთხვევაში, მთავარი გმირის სიცოცხლისაკენ სწრაფვა დაჯაბნა მისი დის სიყვარულმა და სწორედ მის დასაცავად ემოციურ ფონზე გადაარჩინა იგი. ეს ახსნა შეიძლება მისაღებ პასუხად ჩავთვალოთ ჩვენს კითხვაზე და თეორია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენოთ, თუმცა აქვე ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი ყოველგვარი ემოციებისაგან დაცლილი, გააზრებულად, განსჯის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას, რომ იყოს ამ სამკვდრო-სასიცოცხლო თამაშის მონაწილე?

ამ თამაშის ისტორიაში არსებობდა შემთხვევები, როცა ახალგაზრდები მოხალისეებად გამოდიოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი შესაძლებლობები დაემტკიცებინათ და მთელი ქვეყნისთვის დაენახებინათ, როგორი უშიშრები, გაბედულები და შეუპოვრები არიან (ასეთი შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა მდიდარ რაიონებში ფიქსირდებოდა). ჩემი აზრით, ღირსება დაკავშირებულია ადამიანის გონებასთან და არა ემოცებთან. სწორედ ამიტომ, მოხალიეობის ამ ფენომენს ვერ ახსნის ბუნებითი სამართალი. რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის ცხოვრებისეული მიზანია მოიპოვოს დიდება და შეინარჩუნოს ღირსება საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ხარჯზე? შეიძლება ერთ-ერთი კონტრარგუმენტი იყოს ის, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს და ცოცხალი დარჩება, თუმცა ის ფაქტი მაინც აშკარა მგონია, რომ ადამიანი საკუთარს სიცოცხლეს გამიზნულად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ, როცა მას გაუმართლა და შემთხვევითობის პრინციპით არ ჩაეწერა მოთამაშეთა სიაში. შესაბამისად, ურისკო მდგომარეობიდან გადადის ყველა ვარიანტში მეტად რისკიან მდგომარეობაში, რაც, თავისთავად, სიცოცხლის შენარჩუნების ღირებულების მნიშვნელობას აკნინებს. ან რა მოხდებოდა მაშინ, თუკი ვინმე გადაწყვეტდა, რომ საკუთარ სიცოცხლეს აზრი მაინც აღარ ჰქონდა და წავიდოდა მოხალისედ? ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ღირებულებების გადაფასებასთან და არა ემოციურ ფაქტორებთან.

ზემოთხსენებული მაგალითი ისეც არ არის მოწყვეტილი რეალობას, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. რეალურ სამყაროშიც გვაქვს ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანები სხვადასხვა გარემოფაქტორების გამო გამიზნულ სიკვდილს ირჩევენ. მაგალითად, დამარცხებული სამურაი თავს იკლავდა შებღალული ღირსების გამო, რაც ამ ადამიანისთვის სრულიად რაციონალურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. Ადამიანები ზოგჯერ ევთანაზიას მიმართავენ იმის გამო, რომ მოცემულ მდგომარეობაში აღარ უღირთ სიცოცხლე და ამ გადაწყვეტილებამდე რაციონალური განსჯის შედეგად მიდიან.

შესაბამისად, ცხოვრებაში არსებობს სიტუაციები, როცა საკუთარი სიცოცხლე შეიძლება ადამიანმა არ დააყენოს უმთავრეს ღირებულებად, ეს კი ბუნებითი სამართლის თეორიის ნაკლოვანებებზე მიუთითებს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.