ბუნებითი სამართალი სამართლებრივი სისტემაა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს თანდაყოლილი აქვთ ისეთი ღირებულებები, რომლებიც მათ კარგს და ცუდს ერთმანეთისგან განასხვავებინებთ. როგორც თომა აკვინელი იტყოდა ის „პირველ რიგში მოიცავს წესებს, რომლებიც ცნობილია ყველასთვის“. გარდა ამისა, ბუნებითი სამართლის აკვინისეული ინტერპრეტაციის მიხედვით, თუ გვინდა რომ რაიმემ თავისი პოტენციალის მაქსიმუმი გამოამჟღავნოს, ის მისი ბუნების მიხედვით უნდა გამოვიყენოთ. იმ ბუნების, რაც ღმერთმა ყველაფერს მიანიჭა. თუ გინდა რომ მცენარე გაახარო, მზის სინათლე და წყალი დაგჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში არც უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ მცენარე არ მოგიკვდება. მსგავსად, ბუნებითი სამართლის ზოგიერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, ადამიანის სექსუალურ ცხოვრებას კონკრეტული ბუნება და ხასიათი აქვს და ჩვენც ამ ბუნების მიხედვით უნდა ვიცხოვროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს გარშემო ქაოსი დაისადგურებს. ბუნებითი სამართლის აკვინელისეული და ასევე, ქრისტიანული ეკლესიის ინტერპრეტაციის მიხედვით კი ორ ადამიანს შორის დამყარებული სექსუალური კავშირის ბუნებრივი და სასურველი შედეგი ახალი სიცოცხლის წარმოშობაა, რასაც კონტრაცეფცია პირდაპირ უშლის ხელს.
კონტრაცეფცია სიცოცხლეს ეწინააღმდეგება და წინასწარ მაქსიმალურად ამცირებს სექსუალური კავშირის შემდეგ ბავშვის ჩასახვის ალბათობას. ერთი შეხედვით, ეს აბორტის მსგავსად (რომელიც პრო-ლაიფერების აზრით ასევე ეწინააღმდეგება ბუნებით სამართალს, რადგან ამ შემთხვევაში ხდება ფეტუსის მოკვლა) მკვლელობა და სიცოცხლის მოსწრაფება არ არის, თუმცა ბუნებითი სამართლის დარღვევისთვის საკმარისია ისიც, რომ კონტრაცეფცია ეწინააღმდეგება სექსუალური ურთიერთობის ბუნებრივ შედეგს - ადამიანის გამრავლებას.
სწორედ მსგავსი არგუმენტების გამო თვლიან ბუნებითი სამართლის აკვინელისეული გააზრების მომხრეები, რომ კონტრაცეფცია მიუღებელია. ისინი ფიქრობენ, რომ სექსუალური კავშირის მიზანი სიამოვნება სულაც არ არის, არამედ ეს უბრალოდ მისი გვერდითი მოვლენა და დამატებითი ბენეფიტია. ბუნებითი სამართლის თეორიის მიხედვით, სიამოვნება სპეციალურად ახასიათებთ ისეთ რამეებს, რაც ჩვენი არსებობისთვის და ბედნიერებისთვის აუცილებელია - სასიამოვნოა ჭამა, სასიამოვნოა დალევა, სასიამოვნოა ძილიც, მაგრამ არც ერთი მათგანის მთავარი მიზანი სიამოვნების მიღება არ არის, არამედ ჩვენი ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებაა. მსგავსად, სექსუალური კავშირის დამყარების მიზანიც არა სიამოვნების მიღება, არამედ ახალი სიცოცხლის ჩასახვაა.
თუკი ყველა ადამიანს თანდაყოლილად ესმის, თუ რა არის სწორი და რა არასწორი, მაშინ რატომ არღვევენ ადამიანები ბუნებით სამართალს? რა თქმა უნდა, ვერ უარვყოფთ იმას, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი როგორც ჭამას, ასევე ძილს თუ სექსუალური კავშირის დამყარებას გამიზნულად, სიამოვნების მიღების მიზნით ასრულებს და ვფიქრობ, რომ ისინი ამით არც არაფერს აშავებენ. სწორედ ამიტომ, ზემოხსენებული არგუმენტი, იმის მიუხედავად, რომ თეორიულად თუ ფილოსოფიურ დონეზე შესაძლოა მართალიც იყოს, რეალობაში უბრალოდ არასწორია და არ სრულდება, შესაბამისად, არც ისე მყარია. ბუნებითი სამართლის თეორიას კი მრავალი კრიტიკოსი ჰყავს და ვფიქრობ, ამის მიზეზიც ნათელია. მთელი თეორია ღმერთის არსებობას და მის მიერ ადამიანისთვის ჩანერგილ მორალს ეფუძნება, თუმცა რა ხდება მაშინ, თუ ადამიანს ღმერთის არ სჯერა? ვფიქრობ, შეუძლებელია ყოველთვის ზუსტად განსაზღვრო, თუ რა არის კონკრეტული საგნის თუ ქმედების თანდაყოლილი ბუნება და მის გარდა ის ქმედება თუ საგანი განსხვავებულად არ გამოიყენო. ადამიანი არ უნდა იყოს შეზღუდული იმაში, რომ რაიმე, ჭამა იქნება ეს, ძილი თუ სექსუალური კავშირის დამყარება, აკეთოს მხოლოდ სიამოვნების მიღებისთვის და არა მხოლოდ იმ მიზნით, რაც ამ ქმედებას თუ საგანს „ბუნებრივად ახასიათებს“.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.