ENG GEO

Search form

Natural law - but not so natural after all

ბუნებითი სამართალი ფილოსოფიური დოქტრინაა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს გააჩნიათ ბუნებითი,თანდაყოლილი კანონების კოდექსი, ღირებულებების სია, რომელიც მათში თავისთავად დევს. აღნიშნული თეორიის მიხედვით ყოველ ადამიანს გააჩნია თავისთავად მინიჭებული უფლებები, რომლებიც არა შექმნილი და საჭიროებაზე დაყრდნობილია სამართლებრივი დოქტრინით სოციუმისა თუ სახელმწიფოს მიერ, არამედ ბოძებულია მემკვიდრეობით უშუალოდ ღვთის მიერ, ან ბუნების, ან გაურკვეველია საიდან, თუმცა ნამდვილად ებოძა მას. მათ მიერ ყოველი ქმედებისა და საქციელის განსასჯელი კოდი უკვე თავადვე არსებობს მათში, ადამიანები კი ყოველთვის ხვდებიან როდის სჩადიან მორალურად გამართლებულ თუ მიუღებელ ქმედებას. ხშირად ისინი შესაძლოა მორალის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, რომელიც სოკრატეს დემონივითაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ იციან კარგისა და ცუდის აპრიორული გარჩევა ერთმანეთისგან. ის საკუთარი არსით უპირისპირდება პოზიტიურ სამართალს, რომელიც ყველა წესსა და კანონს, მორალურ-ეთიკურს თუ სამართლებრივს, მიიჩნევს ადამიანმა მიერ შექმნილად, აბსოლუტურ სოციალურ კონსტრუქციად.

ბუნებით სამართალს, მიუხედევად იმისა რომ ის აბსოლუტურ მორალს ქადაგებს, არაერთი ნაკლი და ხარვეზი აქვს. იმისდა გამო, რომ შეუძლებელია კარგისა და ცუდის, სწორისა და არასწორის, მორალურისა და ამორალურის ფუნდამენტალური გამიჯვნა, ხშირად ბუნებითი სამართალი მხოლოდ საბაბი, ფაქტებით გაუმყარებელი მიზეზი ხდება გარკვეული მიუღებელი ქმედებებისა. ის,რაც წარსულში ტრუისტულ დებულებად მიაჩნდათ, მომავალში ხშირად სრულად მიუღებელი ხდება ხოლმე საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. მონობის პრაქტიკა წლების მანძილზე მიიჩნეოდა „ბუნებრივად“. თავად ჯონ ლოკი იყო ჩართული მონების ყიდვა-გაყიდვაში და ყოველივეს ბუნებითი სამართლით ამართლებდა. დღეს ცოტა თუ იტყვის, რომ მონობა გამართლებული პრაქტიკაა თანამედროვე საზოგადოებაში. ბუნებითი მონობა არისტოტელეს პრინციპს ემყარება, რადგან სწორედ ის თვლიდა, რომ ბუნებით ზოგიერი ადამიანი მონაა, ხოლო ზოგიერთი - თავისუფალი.

ჰიტლერი და ნაცისტური გერმანია საკუთარ იდეოლოგიას წარმართავდა ბუნებითი სამართლის“გამოყენებით“. მათ მიაჩნდათ, რომ ბუნებრივად, ცალსახად და ნათლად არსებობდა გამორჩეული რასა, რომლებიც ა პრიორი აღმატებულები იყვნენ სხვებზე, შესაბამისად ჰქონდათ ყველა ტიპის მორალურ-ეთიკური უფლება, ყველა არსებული გზით მოეპოვებინათ და განემტკიცებინათ ეს უპირატესობა, როგორც სხვათა შორის დაწინაურებული რასისა. ამ იდეაფიქსმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაამახინჯა მილიონობით მიმდევარის აზროვნება და ბოროტების პრაქტიკის განხორციელებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

ფრენსის ბეკონი მის მოძღვრებაში 4 იდოლის შესახებ, ერთ-ერთ მათგანში „ტომის იდოლები“ აღნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი მიდრეკილია ბუნება, არსებული რეალობა დაინახოს როგორც დიდი, მოწესრიგებული ჯაჭვი თუ ქსელი მოვლენებისა. მას სურს, სისტემიზაცია მოახდინოს ყველაფრის, უფრო მეტად დაამსგავსოს ინდივიდები თუ მოვლენები ერთმანეთს, ვიდრე განასხვავოს, ცალკეული მნიშვნელობით დატვირთოს და ასე მიიღოს.

შესაბამისად, ისტორიის მანძილზე არა ერთხელ და ორჯერ ვხვდებით პრაქტიკებს, რომლებიც შემდგომი საზოგადოებებისთვის სრულად მიუღებელია. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კაცობრიობის განვითარების ევოლუციური გზის მანძილზე ვერ იარსებებდა კანონთა ერთი დასტა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა მას. ის არა არსებული, არამედ შექმნილი ეთიკური თეორიაა. ის ადამიანთა მიერ ადამიანებისთვისაა გამოგონებული. გრავიტაციის კანონს ნიუტონმა მხოლოდ მიაგნო, იპოვა, გამოიცნო და შეიმეცნა, ის თავად კი ყოველთვის არსებობდა. იმავეს თქმა ბუნებით სამართალზე რთულია სწორედ იმ მრავალფეროვანი და კონტროვერსიალური პრაქტიკების გამო, რომლებიც არსებობის მანძილზე სხვადასხვა კულტურება, ხალხებმა თუ ინდივიდებმა შეიძინეს. ბუნებითი სამართალი უპირისპირდება ევოლუციურ განვითარებას, რამდენადაც ცნობს აბსოლუტურ, შეუვალ გზას არსებობისა. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, ამას ისე დაადგენდა კაცობრიობა ამ ხნის მანძილზე, რომ ამდენი საფუძვლიანი სკეპტიციზმი არ იქნებოდა მის გარშემო. Შესაძლა განუსაზღვრელობა კაცობრიობისთვის შფოთვის ძირითადი მიზეზია, თუმდა ვფიქრობ, წინასწარგანსაზღვრულობას სჯობს.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.