სამართლიანობის არსსა და მნიშვნელობაზე საუბრისას პლატონი ადამიანის სულს და მის ბუნებას იშველიებს. პლატონის თქმით, ადამიანის სულს სამი საწყისი აქვს: გონივრული, არაგონივრული და ბობოქარი. გონივრული ნაწილი ბრძენია, რაციონალური, არაგონივრული სურვილებსა და ვნებებს დამონებული, ხოლო ბობოქარი საწყისი ჩვენს სიფიცხეს, სიმამაცეს და მსგავს თვისებებს განაპირობებს. როგორ შეიძლება სამი ამდენად პოლარიზებული საწყისით ადამიანმა ჰარმონიაში იცხოვროს და საკუთარ თავს დაეუფლოს? როგორ და ზომიერების, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით კი, სამართლიანობის საშუალებით – ამბობს პლატონი.
სამართლიანობა პლატონთან სწორედ ასე განიმარტება. სამართლიანობაა მდგომარეობა, როცა ყველაფერი, თითოეული სულის საწყისი, თითოეული თვისება, თავის საქმეს აკეთებს და აკეთებს მაშინ, როცა საჭიროა. გარდა ამისა, სამართლიანობისთვის აუცილებელია თითოეულმა საწყისმა იცოდეს, როდის დაემორჩილოს მეორეს. ადამიანის შემთხვევაში, აუცილებელია სულის არაგონივრული და ბობოქარი საწყისები გონივრულ საწყისს ემორჩილებოდნენ, რადგან გონივრული საწყისია ის, რომელსაც გააჩნია სიბრძნე და რაციონალურობა, რომელმაც იცის, როდის შეიძლება სურვილებსა და ვნებებს აყოლა და როდის არა, როდის შეიძლება გაბრაზება და როდის აჯობებს სიმშვიდის შენარჩუნება იმის მიუხედავად, თუ რას ვგრძნობთ. აქედან გამომდინარე, პლატონის მიხედვით, სამართლიანი ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელიც ახერხებს საკუთარი სულის საწყისების სწორად მართვას, საკუთარი თავის ბატონ–პატრონია. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ ადამიანს აქვს უნარი, იყოს საკუთარი თავის ბატონ–პატრონი, რაში გვჭირდება სახელმწიფო? რატომ ვთმობთ ჩვენს აბსოლუტურ თავისუფლებას და რატომ ვაძლევთ უფლებას ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს – გვმართოს?
ყველა ადამიანი რომ სამართლიანი იყოს, ყველა ადამიანი რომ ემორჩილებოდეს ეგრეთ წოდებულ ზომიერების კანონს, ცხადია, მთელი საზოგადოებაც სამართლიანი, მოწესრიგებული და უკომფლიქტო იქნებოდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არაგონივრულ და ბობოქარ სულის საწყისებს სრულ თავისუფლებას აძლევენ და საერთოდაც არ თვლიან საჭიროდ გონივრული საწყისის მიერ მათ მართვას. ასეთი ადამიანები, სამართლიანობის იმ განმარტებით, რომელსაც პლატონი გვთავაზობს, უსამართლონი გამოდიან, უსამართლო ადამიანები კი მათ გარშემომყოფებს აზიანებენ. აქედან გამომდინარეობს სახელმწიფოს საჭიროებაც.
სახელმწიფო ადამიანთა შეთანხმების შედეგია. შეთანხმების იმის თაობაზე, რომ უსამართლო ადამიანებმა დანარჩენები არ დააზარალონ. ამისთვის კი საჭიროა რაღაც, რაც მათ დასჯას შეძლებს, რისიც მათ შეეშინდებათ და რაც ყველას იმას მიაგებს, რასაც იმსახურებს. ამიტომ, ადამიანები ნებაყოფლობით დათანხმდნენ გარკვეული ჯგუფისა თუ ინსტიტუტის არსებობას, რომელსაც მათი შეზღუდვისა და დასჯის ძალაუფლება ექნებოდა. ფაქტობრივად, საზოგადოებამ, როგორც ერთმა ორგანიზმმა, შექმნა სახელმწიფო, როგორც სულის გონიერი საწყისი და მისცა მას მართვის სადავეები.
საქმე იმაშია, რომ დღეს სახელმწიფო იმაზე გაცილებით დიდი ძალაუფლებით გვევლინება, ვიდრე ის ხალხისგან მიენიჭა. აუცილებლად აღსანიშნია, რომ პლატონის მიხედვით, იმისთვის, რომ სული ჰარმონიაში იყოს და ადამიანმა შინაგან სამართლიანობას მიაღწიოს, რის შედეგადაც ის შეძლებს იყოს საკუთარი თავის ბატონ–პატრონი, სულის გონივრული ნაწილიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ის მბრძანებლობს დანარჩენ ორ ნაწილზე, ზომიერი უნდა იყოს საკუთარ მოქმედებებში, რადგან სამართლიანობა, პირველ რიგში, ყველასა და ყველაფრის მიერ საკუთარი საქმის კეთებას გულისხმობს. შესაბამისად, სახელმწიფომაც, თუ მას სულის გონივრული ნაწილის თანასწორად განვიხილავთ, უნდა იცოდეს რისთვის შეიქმნა, რა კონკრეტული საქმის გასაკეთებლად შექმნეს ის ადამიანებმა და მიუხედავად იმისა, რომ ხელში დიდი ძალაუფლება აქვს, არ გამოიყენოს ეს ძალაუფლება მაშინ, როცა საჭირო არ არის. ანუ მაშინ, როცა სამართლიანს უსამართლოსგან არ იცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაარღვევს სამართლიანობის მთავარ პრინციპს და შექმნის იმაზე დიდ უსამართლობას და იმაზე დიდ უწესრიგობას, ვიდრე ეს მისი არარსებობის პირობებში იყო.
„არ შეიძლება წესიერი და პატიოსანი ხალხისთვის ქცევის წესების თავზე მოხვევა, ისინი თავად განსაზღვრავენ უპირატესად, სად რა კანონია საჭირო“ – ვკითხულობთ პლატონის სახელმწიფოში. სწორედაც, საკუთარი თავის ბატონ–პატრონი ადამიანები თავად უნდა განსაზღვრავდნენ საზოგადოებაში არსებულ წესებს და ამ წესების დადგენაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ვინაიდან სახელმწიფოც, თავის მხრივ, სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს. სახელმწიფოს ვალია, და ის შექმნეს მხოლოდ იმისთვის, რომ აღასრულოს უსამართლოთა დასჯა და დაიცვას სამართლიანი ადამიანები იმ ზარალებისგან, რომელთაც ისინი უსამართლოთაგან იღებენ. ყოველივე დანარჩენი კი სახელმწიფოს მოქმედების საზღვრებს ცდება, მიუხედავად იმისა, სადამდე მოქმედების საშუალება აქვს მას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.