ერთი შეხედვით, ტერმინი „ბუნებითი სამართალი“ (Natural Law) თავის თავში მოიცავს კონტრადიქციას, ვინაიდან იმპლიციტურ ცოდნას თუ ვენდობით, სამართლის ცნება უნდა მივაკუთვნოთ არა პირველადი სახით, ბუნების მიერ მოცემულ, არამედ ადამიანის ინტელექტუალური მუშაობის, ანალიზის შედეგად მიღებულ სფეროს. თუმცაღა, თუ ამ სიტყვათა შეთანხმებას არაპირდაპირ ანუ ალეგორიულად გავიაზრებთ, მაშინ მივხვდებით, რომ მიზანი არის ხაზგასმა იმისა, რომ ბუნებითი სამართალი ერთ კონკრეტულ ქალაქზე ან ქვეყანაზე მორგებულ წესთა ერთობლიობა კი არა, გაცილებით უფრო უნივერსალური, ყველა რაციონალურ აგენტზე, თითოეულ ადამიანზე მორგებული ცნებაა. ამ მიმართებასთან დაკავშირებით შეიძლება გაგვახსენდეს, როგორ აკრიტიკებს ნიცშე სტოიკოსების ფილოსოფიას („ბუნების თანახმად, შესაბამისად ცხოვრება“), როცა ამბობს, რომ მათ სურთ, ბუნებას მიაწერონ თავიანთი მორალი და იდეალები- „და გსურთ აიძულოთ მთელი ყოფიერება, მხოლოდ თქვენი სახე და ხატი მიიღოს.“ ბუნებით სამართალთან ყველაზე უფრო მჭიდრო კავშირი აქვს თომა აქვინელს, რომელიც რომაული კათოლიციზმისა და არისტოტელეს ნააზრევის შერწყმას ცდილობს, ქრისტიანობის რაციონალიზაციის ამ სამიათასხუთასგვერდიან მცდელობასთან ერთად იგი წარმოგვიდგენს ადამიანის ოთხ ფუნდამენტურ ღირებულებას, აქვინელი უარყოფს რელატივიზმს და არისტოტელესგან ორ ძირითად კონცეპტს- ტელოსი და eudaimonia- იზიარებს.
აქვინელი ამტკიცებს, რომ არსებობს კულტურული, რელიგიური, ეთნიკური თავისებურებებისგან დამოუკიდებელი, ობიექტურად სწორი ქცევები და იგი არ იცვლება სიტუაციასთან, ადამიანთან, ადგილთან ერთად. ამგვარი ხედვა ზუსტად შეესაბამება მორალური აბსოლუტიზმის ცნებას. ამიტომ, აქვინელი გვეტყოდა და გვეუბნება კიდეც, რომ წამება, განზრახ მკვლელობა, ჰომოსექსუალური ურთიერთობა არასწორია იმის მიუხედავად, რა დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს თითოეულს. თუმცაღა, აქვინელის მიერ შემოთავაზებული ღირებულებების პრაქტიკაში განხორციელებისას წარმოიქმნება აშკარა წინააღმდეგობები. მათ „გასანეიტრალებლად“ აქვინელი გვთავაზობს ორმაგი ეფექტის დოქტრინას და გვეუბნება, რომ კონკრეტულ შემთხვევებში დასაშვებია ძირითადი ღირებულებების უკუგდება და დარღვევა. შესაბამისად, ბუნებით სამართალში მნიშვნელოვანია ორივე- მორალური აბსოლუტიზმიც და ორმაგი ეფექტის დოქტრინაც. აქვინელი, ერთი მხრივ, წარმოგვიდგენს უნივერსალურ წესებს და, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ კონკრეტულ შემთხვევებში დასაშვებია მათი იგნორირებაც.
საინტერესოა, რამდენად ბევრია ასეთი გამონაკლისი და საკითხავია, რომელი უფრო ძლიერია ბუნებით სამართალში- მორალური აბსოლუტიზმი თუ ორმაგი ეფექტის დოქტრინით გამოწვეული შედეგი. თუ განვიხილავთ აქტიური ნებაყოფლობითი ევთანაზიის მაგალითს, როცა ადამიანს შეუძლია გამოთქვას თავისი პოზიცია სიცოცხლის დასრულების შესახებ, მარტივი მისახვედრი იქნება, რომ ადამიანების უმრავლესობა ამას გამართლებულად ჩათვლის. თუმცა, არანებაყოფლობით ევთანაზიას თუ განვიხილავთ, მაგალითად, Tony Bland-ის შემთხვევას, მაშინ აღმოჩნდება, რომ ბრიტანულმა სამართლებრივმა ძალებმა კანონიერად აღიარეს კონკრეტული პიროვნებისთვის ერთადერთი საკვები საშუალების შეწყვეტა. ტონის არ შეეძლო თავისი პოზიციის გამოთქმა. მორალური აბსოლუტიზმის დამცველის პოზიციიდან თუ აღვიქვამთ ამგვარ სიტუაციებს, მაშინ ვიტყვით, რომ გამონაკლისი სიტუაციების რაოდენობრივი სიმცირე მათი ღირებულების ანულირების შესაძლებლობასაც გვაძლევს, საღად მოაზროვნე ადამიანები კი განზრახ მკვლელობას არ გაამართლებდნენ. თუმცაღა, რამდენადაც არ უნდა შევეცადოთ ამგვარი „გამონაკლისი“ მაგალითების უგულებელყოფას, მაინც აბსურდულად, ირაციონალურად მოგვეჩვენება მორალური აბსოლუტიზმის პოზიციიდან მომზირალი ადამიანის აზრი კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. ამის უკეთ დასანახად გამოგვადგება ბერნარდ უიილიამსის მიერ შემოთავაზებული მაგალითი.
ჯიმი ერთ-ერთი რიგითი ბოტანიკური ექსპედიციისას შეეჩეხა კედელზე მიბმულ ოც ინდოელს. როგორც აღმოჩნდება, ისინი ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან, რომლებიც პროტესტის გამო ასე დასაჯეს, რათა სხვებისთვის ეჩვენებინათ, რომ მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლა ცუდი იდეა იყო. ეს მაცხოვრებლები უნდა მოკლან, მაგრამ ჯიმს, როგორც სტუმრის პატივისცემის სურვილით განმსჭვალულებს შეეფერებათ, სთავაზობენ პრივილეგიას, მოკლას ერთ-ერთი ინდოელი და ამით ყველა დანარჩენს გადაარჩენს, ხოლო თუ, მეორე მხრივ, ჯიმი უარს განაცხადებს, მოკლავენ ყველა დასჯილს. ამ შემთხვევაში, სასწორის ერთ მხარესაა ერთი ადამიანის სიკვდილი და ცხრამეტის გადარჩენა, ხოლო მეორე მხარეს- ოცივეს სიკვდილი და არც ერთის გადარჩენა. მორალური აბსოლუტისტები იტყოდნენ, რომ ინივიდი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებაზე და არა იმაზე, რა შედეგი მოყვება ამ აქტს. ასეთი გამართლების მცდელობა შეიძლება სწორად მოგვეჩვენოს, როგორც თომა აქვინელის რაციონალიზმისა და ქრისტიანობის სინთეზის მცდელობა, თუმცა ჩნდება კითხვები, მაგალითად, რატომაა ასე, რატომ არაა პასუხისმგებელი შედეგზე ადამიანი და, მხოლოდ და მხოლოდ, პასუხისმგებელია ქმედებაზე, თავის გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ეს ხომ აშკარად აბსურდულ გამართლების მცდელობას ემსგავსება.
მოკლედ, როგორც არ უნდა შევეცადოთ, რომ ბუნებით სამართალს მორალური აბსოლუტიზმი მოვარგოთ, მაინც იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ეს ძალისმხევა ირაციონალურია, ხოლო მორალური აბსოლუტიზმისა და მისი განეიტრალების მიზნით შემოთავაზებული ორმაგი ეფექტის დოქტრინის შერწყმა ისეთივე წარუმატებელია, როგორც ქრისტიანობისა და რაციონალიზმის სინთეზი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.