ENG GEO

Search form

Natural Law of Human Reproduction

თომა აკვინელის ნააზრევის მიხედვით, ბუნებითი სამართალი განსაზღვრავს ძირითად სიკეთეებს, რომელთა მიღწევასაც ყველა ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს. ამ სიკეთეებიდან ერთ-ერთია გამრავლება, შთამომავლობის დატოვება. აკვინელის აზრით, როგორც დანის დანიშნულებაა, რომ გაჭრას, ყვავილის - რომ გაიხაროს, ზუსტად ასევეა ადამიანის დანიშნულება, რომ გამრავლდეს. ეს არის ადამიანისთვის ღვთისგან მინიჭებული უნარი და ბუნებითი კანონი, რომ ადამიანებმა შთამომავლობა უნდა დატოვონ.

ცხადია, არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები ამ ბუნებით კანონს არ ასრულებენ და ნებით თუ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მრავლდებიან. ერთი შეხედვით, აბსოლუტური ბუნებითი კანონის დარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში დასაგმობი უნდა იყოს, ბუნებითი სამართლის მორალიც ხომ ამაზეა დაფუძნებული, თუმცა, რეალობა სხვაგვარია.

კონტრასტის საჩვენებლად, მინდა მოვიყვანო ბერისა და ჰომოსექსუალი ადამიანის მაგალითი. ორივე მათგანი საკუთარი ნებით ირჩევს, რომ არ დაამყაროს სქესობრივი კავშირი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან და შესაბამისად არ დატოვოს შთამომავლობა. შედეგი აშკარად ერთია - ბუნებითი კანონი, გამრავლება (procreation) არ სრულდება. მაგრამ, საინტერესოა რატომ არის, რომ ბერის საქციელს ხოტბას ასხამენ, ჰომოსექსუალს კი მკაცრად განიკითხავენ?

ერთი ვერსიის თანახმად, ბუნებითი სამართალი გვასწავლის, რომ ღმერთმა ყოველი არსება და ყოველი ორგანო კონკრეტული დანიშნულებით შექმნა. მაგალითად, კარგი თვალია ის, რომელიც კარგად ხედავს, კარგი ცხვირია, რომელსაც კარგი ყნოსვის უნარი აქვს. შესაბამისად, ყველა ორგანოს თავისი დანიშნულება აქვს და მათი არასწორად გამოყენება მათ „სიკარგეს“ უკარგავს. ერთნაირსქესიანთა შორის სქესობრივი კავშირი კი ბუნებითი სამართლის მიხედვით, უნარის “გაუკუღმართებულად“ გამოყენებად (perverted faculty) მიიჩნევა, რადგან გამრავლების მიზანს არ ემსახურება და სწორედ ამის გამოა ჰომოსექსუალიზმი დაგმობილი აკვინელის მიმდევრების მიერ. 

თუ ვიგულისხმებთ, რომ ისეთი კავშირი, რომლის შედეგიც შთამომავლობის დატოვება ვერ იქნება, ბუნებითი სამართლის მორალის მიხედვით, არასწორია, მაშინ გეი წყვილების გარდა სხვა შემთხვევებიც უნდა განვიხილოთ. მაგალითად, შესაძლებელია ჰეტეროსექსუალი წყვილი დაქორწინდეს ისე, რომ წინასწარ იცოდნენ ერთ-ერთი მათგანის უნაყოფობის შესახებ. თუ ეს ასეა, მაშინ მათი ქორწინებაც არასწორი უნდა იყოს, რადგან მათ შორის დამყარებულ სქესობრივ კავშირს გამრავლების მიზანი ექნება. ამას ბუნებითი სამართალი შემდეგნაირად ხსნის: უნაყოფო წყვილი სწორად იყენებს თავის დანიშნულებას, უნარს და ის, რომ ვერ მრავლდებიან, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ხდება. სხვა საქმე იქნებოდა წყვილი კონტრაცეპტივს რომ იყენებდეს და საკუთარი ნებით მიდიოდეს ბუნებითი კანონის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, სქესობრივი კავშირის კიდევ ერთი დანიშნულება ორი ორგანიზმის გაერთიანებაა, რაც, აკვინელის მიხედვით, რატომღაც მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება მოხდეს, სხვაგვარად არასწორი იქნება.

მეორე მხრივ, თუ ბუნებითი სამართლის მიხედვით მსჯელობას განვაგრძობთ, როგორც ბრმა თვალია „სიკარგეს მოკლებული“, უფუნქციო, იგივენაირად შეგვიძლია განვიხილოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც გამრავლების უნარი არ აქვს ან ის, ვინც თავად ირჩევს, რომ შთამომავლობა არ დატოვოს. შესაბამისად, რთული გასაგებია თუ რატომ არიან ბერები გამონაკლისები და რატომ არ ითვლება მათი ქმედება ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლად, რომელმაც ადამიანებს გამრავლების ფუნქცია მისცა და ერთ-ერთ კანონად დაუწესა კიდეც, რომ შთამომავლობა უნდა დატოვონ. აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბუნებითი სამართალი არ გვავალდებულებს, რომ განუწყვეტლივ აღვასრულოთ ბუნებითი კანონები. მთავარი ის არის, რომ ჩვენი უნარები სწორად გამოვიყენოთ. უხეში შედარება რომ გამოვიყენოთ, ჭამა კარგია. ადამიანმა საკვები უნდა მიიღოს იმისთვის, რომ ისაზრდოოს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები მარხულობენ და ეს ქმედება ამორალურად ვერ ჩაითვლება, რადგან უნარების არასწორად გამოყენება არ ხდება. 

ამგვარად, აშკარაა, რომ ბუნებითი სამართალი და ძირითადი სათნოებებიდან ერთ-ერთი - გამრავლება, არაერთ კითხვას ბადებს და ისიც, რომ სქესობრივი კავშირის დანიშნულება მხოლოდ გამრავლებაა, შეიძლება სადავო იყოს. თუმცა, ბუნებითი სამართალი მაინც გვთავაზობს თავისებურ ახსნას იმის შესახებ, თუ რა არის მორალური და რა არა, დანარჩენი კი ჩვენს პირად რწმენა-წარმოდგენებზეა დამოკიდებული. 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.