ENG GEO

Search form

არისტოტელეს გზამკვლევი ინტუიციისა და რაციონალიზმის კვეთისკენ

არისტოტელეს სათნოების თეორემა ყველაზე მეტად იმით გამოირჩევა, რომ ის მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს და აძლევს მას არჩევანის თავისუფლებას. არისტოტელეს არ აქვს ჩამოყალიბებული რაიმე მკაცრი მორალური კომპასი ან მორალური წესდება, რომელიც ადამიანს საზღვრებში მოაქცევს, რადგან მას ღრმა რწმენა და იმედი აქვს იმისა, რომ თითოეული ადამიანი, თუ ამას მოინდომებს, თუნდაც ქმედები მრავალჯერადი გამეორების გზით, ჩამოყალიბდება კარგ ადამიანად. არისტოტელესთან არ არსებობს არანაირი ქმედების სარგებლიანობის ტოლობა ან კატეგორიული იმპერატივები, არამედ ქმედება თუ საგანი ჩაითვლება მორალურად გამართლებულად მაშინ, თუ ის საკუთარ ფუნქციას შეასრულებს. არისტოტელე წერდა, რომ თუ მთელ ჩვენს ფოკუსს იმაზე მოვაქცევთ, რომ ვიყოთ კარგი ადამიანები, მაშინ ჩვენ თავისთავადად გავაცნობიერებთ და მივხდებით კარგ და სწორ საქციელსაც - ეს, ერთი შეხედვით, ზედმეტად მარტივ, გულიბრყვილო იდეასაც კი წამოწევს წინ, თუმცა მთავარი, რაზეც ყურადღების გამახვილება მინდა, არის ის ინტუიციური საძირკველი, რომელიც არისტოტელეს ფილოსოფიას აქვს დაგებული. არისტოტელეს მიხევით, მორალურად კარგ და სამართლიან საქციელს არ სჭირდება წინასწარი და მკაცრი გზამკვლელვი, რადგან თუ ადამიანს აქვს სათნოება, ამას ინტუიციურად თვითონაც მიაღწევს: At the right times, towards the right people, with the right motive, in the right way. ანუ, არისტოტელე მორალს აფუძნებს ერთგვარ ადამიანის ბუნებრივ სინათლეზე, მთელი იმედითა და რწმენით რომ ინტუიცია ადამიანს მიიყვანს სწორ და კარგ საქციელამდე. თუმცა, გარდა ამისა, არისტოტელეს ეთიკაში უდიდესი ადგილი უჭირავს რაციონალურობასა და ლოგიკურობას, რადგანაც სანამ რაიმე არჩევანს გააკეთებ, იმისთვის რომ ეს მორალურად სამართლიანად ჩაითვალოს, უნდა შეაფასო სიტუაცია და ლოგიკური ნაბიჯების გადადგმით შეეცადო უპასუხო შეკითხვას: შევცვლი თუ არა ჩემი ჩარევით არსებულ ვითარებას უკეთესობისკენ? სწორედ ინტუიციისა და რაციონალურობის კვეთაზეა მოთავსებული არისტოტელეს სათნოების თეორემა.

ადამიანი არ არის უსულო საგნის მსგავსი, რომელიც, ძირითად შემთხვევაში, რაღაც კონკრეტული და მიზანმიმართული ფუნქციის შესასრულებლად იქმნება. არისტოტელეს ეთიკის მიხედვით, ნებისმიერი საგანი რაღაც ფუნქციის თუ მიზნის შესასრულებლადაა მოვლენილი და თუ ამ ფუნქციას ემსახურება და შეასრულებს, მაშინ ჩაითვლება ის მორალურად სწორად და გამართლებულად. დანის ფუნქცია არის ის, რომ ჭრას, ჩანთის ის, რომ ნივთების გადაადგილებაში დაგვეხმაროს, მაგრამ ადამიანის ფუნქციის ასე მარტივად და ცალსახად თქმა - შეუძლებელია. მითუმეტეს იმის გამო, რომ სათნოების თეორემა დიდ პატივს სცემს ადამიანს, როგორც ინდივიდუალიზმის გამოხატულებას და ეს არის ხასიათზე დაყრდნობილი მორალის განმსაზღვრელი ეთიკა. ადამიანი დაუსრულებელი არსებაა, დროის სვლასთან ერთად მან შესაძლოა ახალი უნარ-ჩვევები აითვისოს და დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ მას ახალი ფუნქცია აქვს, რომელსაც უნდა ემსახუროს. თუ არისტოტელეს ფილოსოფია არ აღიარებს რაიმე უნივერსალურ წესდებას ან მორალურ კომპასს, ვერც თითოეული ადამიანისთვის იქნება დაწესებული და მკაცრად განსაზღვრული ერთი კონკრეტული ფუნქცია, ესაც, ცალსახად, ინდივიდის გადასაწყვეტია. მაგრამ როგორ უნდა დავადგინოთ ის, თუ რა არის ჩვენი ფუნქცია? რომელია უფრო მნიშნველოვანი: ფული, ბედნიერება, პროდუქტიულობა, სიმშვიდე თუ რაიმე სხვა? ასეთ ბუნდოვან შეკითხვაზე სწორი პასუხისთვის მიგნება შეუძლებელ საქმეს წარმოადგენს, მაგრამ ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი - ეს კი, კვლავ, ხდება ნაწილობრივ სურვილებსა და ინტუიციაზე დაყრდნობით, ნაწილობრივ კი ლოგიკური, რაციონალური და შეძლებისდაგვარად სწორხაზოვანი აზროვნების დახმარებით. კვლავ, ადამიანის ფუნქციის შოვნისას არისტოტელე გვიბიძგებს მორალი მოვაქციოთ ინტუიციისა და რაციონალური აზროვნების გადაკვეთის საზღვრებში.

ამასთან ერთად, ჩვენ საგნებისა და სხვა არსებებისგან განვსხვავდებით იმით, რომ რაციონალური და სოციალური ცხოველები ვართ. არისტოტელეს სათნო ადამიანი გამორჩეულია იმით, რომ თავდაპირველად ის აფასებს სიტუაციას და მხოლოდ შემდეგ განახორციელებს ქმედებას. მაგალითად, სიმამაცე არ არის უბრალოდ თავქარიანი თავგანწირვა ნებისმიერისთვის, არამედ ჯერ უნდა შეაფასო არსებული ვითარება და მხოლოდ ამის  შემდეგ ლოგიკური ნაბიჯებით მიხვიდე შემდეგი კითხვის პასუხამდე: შევცვლი თუ არა მე ჩემი თავგანწირვით ამ სიტუაციას უკეთესობისკენ? თუ პასუხია არა, მაგრამ „სიმამაცის“ სახელით მაინც ამ ქმედებას ახორციელებ, მაშინ ეს ქმედება არ არის მორალურად გამართლებული და სამართლიანი, რადგან წინააღმდეგობაში მოდიხარ არისტოტელეს მორალურ ეთიკასთან. არისტოტელეს მორალურ საზღვრებში რომ მოექცე, ლოგიკური აზროვნების საშუალებით უნდა იპოვო რაღაც „golden mean“, ოქროს შუალედი, რომელიც ამავდროულად არ წარმოადგენს რაიმე მკაცრ, მათემატიკურად გამოთვლად და გაზომვად სივრცეს, რის გამოც ის მაინც ინტუიციურ ტერიტორიადაც რჩება ადამიანის გონებისთვის. თითქმის ყველა ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მორალსა და სამართლიან ქმედებას არისტოტელეს ეთიკაში, წარმოადგენს ინტუიციისა და რაციონალიზმის უცნაურ ჰარმონიას. 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.