ENG GEO

Search form

"What should I do?" = "How should I be?"

რა გჭირდებათ ახლა, რომ იყოთ ყველაზე ბედნიერი? ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, ვინც ბედნერებას არ ესწრაფვის, თუმცა საკითხავია, როგორ ესმით იგი და რა ხერხებით ცდილობენ ბედნიერების მიღწევას.

როდესაც ცხოვრებისეული დილემების წინაშე ხართ, რა შეკითხვას უსვამთ თქვენს თავს: „რა უნდა გავაკეთო?“ თუ „როგორი უნდა ვიყო?“

არისტოტელეს აზრით, მორალური დილემების არსებობისას, არ შეგვიძლია მოქმედების სწორი მიმართულების განსაზღვრა ზოგადი პრინციპების გამოყენებით. ნებისმიერი ადამიანის საბოლოო მიზანი ბედნიერების მიღწევაა. ამიტომ, იგი გვეუბნება, იმისათვის, რომ ბედნიერები ვიყოთ, ადამიანური ბუნების შესაბამისად უნდა ვიცხოვროთ. არისტოტელესთვის, ადამიანის ფუნქცია, რომელიც მას ცხოველისგან გამოარჩევს არის განსჯა. ჩვენ შეგვიძლია განვსაჯოთ თეორიული თუ პრაქტიკული საკითხები, ხოლო მათი გააზრებით ნამდვილ ბედნირებას მივაღწიოთ. შესაბამისად, დილემის წინაშე არსებობისას, არისტოტელეს მიხედვით, ზემოთ ნახსენები კითხვებიდან მხოლოდ ერთზე (განსაკუთრებით, მხოლოდ პირველზე) პასუხის გაცემა საკმარისი არ არის რამდენიმე მიზეზის გამო:

თუკი დავფიქრდებით, ალბათ, ყველა დავეთანხმებით არისტოტელეს იმაში, რომ ადამიანის უმაღლეს მიზანს ბედნიერება წარმოადგენს. მაგრამ, მაინც რა არის ეს ბედნიერება ან როგორ მივაღწიოთ მას? არისტოტელესთვის ბედნიერება უბრალო ემოციური მდგომარეობა არ არის. ბედნიერება არ არის ის, რაც ჩვენით ინდივიდუალურად უნდა განვსაზღვროთ ჩვენივე შეგრძნებათა მიხედვით, მაგრამ ის ადამიანმა თვითონ უნდა მოიპოვოს. აქ საჭიროა, რომ ბედნიერება არ აგვერიოს სიამოვნებაში. ეს უკანასკნელი უბრალო შეგრძნებაა, ემოციური მდგომარეობა,შეიძლება წამიერიც კი. ბედნიერება კი მდგომარეობაა, რაღაც კარგად ყოფნის ან წარმატების კონცეფციასთან ახლოს. ბედნიერება „სათნოებათა“ შესაბამისად ცხოვრებაა, რაც გულმოდგინე ფიზიკურ თუ გონებრივი შრომით შესრულდება და არა გართობით ან ცხოვრების იმ სიამოვნებების მიღებით, რომელიც ღირებული არ არის. ბედნიერება სიამოვნება კიარ არის, ან „სათნოება“ თავად, არამედ „სათნოებათა გავარჯიშება“ ანუ მათი განხორციელება. ბედნიერება მიზანია. შესაბამისად, თუ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მივიღებთ, თუ კონკრეტულ მომენტში რა მოგვიტანს სიამოვნებას ან სიკეთეს და არ გავითვალისწინებთ „სათნოებებს“, რომელთაც გრძელვადიან მიზანთან - ნამდვილ ბედნიერებასთან მივყავართ, ეს სულ მცირე, არაეფექტიანი ქმედება იქნებოდა. შესაბამისად, გამოდის რომ, კონკრეტულ სიტუაციებში, ჩვენს გადაწყეტილებებს ამ გადაწყვეტილებათა უშუალო, მოკლევადიან შედეგებს ვერ დავამყარებთ. მაშინ, როგორ ვიმოქმედოთ, რათა ბედნიერებას მივაღწიოთ?

არისტოტელეს მიხედვით, ერთადერთი გზა, რომელიც გრძელვადიანი ბედნიერებით სავსე ცხოვრებისკენ წაგვიყვანს ჩვენი სისუსტეების დაძლევა და საკუთარ თავზე კონტროლის აღებაა. კონტროლი საჭიროა ისეთი სიამოვნებებისგან თავის შეკავებისთვის, რომელიც უსარგებლოა და ღირსეულ ქმედებებს არ უკავშირდება. სხვა სიტყვებით, გრძელვადიან ბედნიერებას მივაღწევთ, თუ ვიქნებით კეთილშობილები და სიამოვნებებს ჩვენი ზნეობრივი საქციელებიდან მივიღებთ. გარდა ამისა, საჭიროა ისეთი უნარების, როგორიცაა გონიერება, თავშეკავება, სულგრძელობა, სამართლიანობა და ა.შ. ჩვენში ჩვევების სახით დავნერგოთ. ანუ, თუ გრძელვადიანი ბედნიერება გსურთ, „სათნოებებიც“ გრძელვადიანად გჭირდებათ თქვენში. მაშასადემე, ზემოთ აღნიშნულ კითხვას თუ „როგორი უნდა ვიყო?“ ყველა მორალური დილემის დროს უნდა ვპასუხობდეთ, რადგან ნებისმიერი ასეთი ქმედება თუ გადაწყვეტილება ჩვენში კეთილშობილური თვისებებისა და უნარების ჩაშენების საშუალებაა, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ.

გარდა იმისა, რომ ცალკეული სიამოვნებები მოკლევადიანი და სწრაფად ამოწურვადია, თითქმის, არაფერშია გამოსადეგი. ის, რაც მას ემყარება (თუ ემყარება საერთოდ რაიმე), მარტივად მოწყვლადი, წამიერი და უსარგებლოა. შესაძლოა, დამაზიანებელიც კი. თვალსაჩინოებითვის, განვიხილოთ თუ რას ამბობს არისტოტელე მეგობრობაზე. იგი მეგობრობის სამ ფორმას განასხვავებს: სარგებლობაზე დამყარებულს, სიამოვნებაზე დამყარებულს , პირად თვისებებსა და ურთიერთსიმპათიაზე დამყარებულს. მისი აზრით, პირველ ორ საფუძველზე დაშენებული მეგობრობა ფუჭია, ყალბი და უსარგებლო, რადგან სარგებლობაც და სიამოვნებაც ისეთი რამეები, რაც ოდესღაც აუცილებლად ისპობა. შესაბამისად, ისიც განადგურდება, რაც მასზეა დაშენებული. პირად თვისებებზე და ურთიერთსიმპათიაზე დამყარებული მეგობრობა კი ჭეშმარიტია. ესეიგი, მხოლოდ რაღაც გრძელვადიანზე, ღირებულზე და პერსპექტიულზე შეიძლება რაიმე დავაშენოთ, მითუმეტეს ისეთი რაღაც, რაც მეგობრობაა.

და მაინც, თუკი, ის სიამოვნებები, რომლებიც, არისტოტელეს აღქმით, მხოლოდ ცხოველების ფუნქციაა, ასეთი უსარგებლოა, მაინც რატომ ესწრაფვიან ადამიანები მათ და რატომ არ მიდიან გრძელვადიანი ბედნიერების გზით? არისტოტელე ამის მიზეზად ტკივილს ასახელებს. ტკივილი ისაა, რაც კეთილშობილური ქმედებისგა თავის სეკავებას გვაიძულებს, ხოლო სიამოვნება პირიქით, ცუდ საქციელებს ჩაგვადენინებს. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ ადამიანი უფრო მეტად ირაციონალური არსებაა, ვიდრე რაციონალური. მათ იციან, რომ თამბაქოს მოწევა, გრძელვადიან პერსპექტივასი სერიოზულ ზიანს მოუტანთ, ისევე, როგორც სხვა მავნე ქმედებები, მაგრამ ამას მაინც აკეთებენ, რადგან დღევანდელი სიამოვნება მეტად უღირთ, ვიდრე გრძლვადიანი ბედნიერება. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია სიკდილის სიახლოვე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რამდენად მარტივად მოწყვლადები ვართ. ამიტომ, შეიძლება, უსაფრთხოების ქამარი არ გავიკეთოთ, შუქნიშნის გადართვას არ დაველოდოთ, ღია კონფლიქტებს არ მოვერიდოთ, არ ავიცრათ. გამოცდილების გარეშე და ზოგჯერ მასთან ერთადაც კი, ჩვენ მაინც არ ვიქცევით ისე, როგორც ვიცით, რომ უკეთესი იქნება. შესაბამისად, როცარაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, არც იმას ვეკითხებით ჩვენს თავს: „როგორი უნდა ვიყო?“, რადგან არ გვგონია, რომ რაღაც უბრალო ქმედება ჩვენს რაობასა და მეობას გამოხატავს , განსაზღვრავს ან აყალიბებს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.