შუა საუკუნეების ფილოსოფიაში ერთ–ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ღმერთსა და ეთიკას შორის მიმართება. საკვლევი კითხვის ფორმულირება ასეთია: მორალურობის საფუძველი ღმერთის ნებაა თუ ღმერთის ინტელექტი? ამ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზას გვთავაზობს ინტელექტუალიზმი და ვოლუნტარიზმი. ეს დაპირისპირება არ ეხებოდა ბუნებითი სამართლის ეჭვქვეშ დაყენებადობას, არამედ – მისი ფუნდამენტური წანამძღვრის სხვადასხვა პერსპეტივიდან განსაზღვრას.
ინტელექტუალიზმისა და ვოლუნტარიზმის დიქოტომიის განხილვა შესაძლებელია „ევთიფრონის დილემის“ კონტექსტში. დილემის არსი შემდეგშია: ღმერთი გვიბრძანებს იმას, რაც სწორია თუ რადგან ღმერთი გვიბრძანებს, ამიტომაა სწორი? პირველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი გვეხმარება სწორისა და არასწორის გარჩევაში საკუთარი განსჯის საშუალებით, იგი ერთგვარი მედიატორი გამოდის ჩვენსა და სწორ საქციელს შორის. ამ მიდგომის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ღმერთის როლი მორალურად გამართლებული საქციელის ახსნისას უმნიშვნელოა. ის განსაზღვრებები, რომლებიც ჩვეულებრივ ღმერთს მიეწერება – ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, უზენაესი, ადამიანისა და სამყაროს (მიკრო/მაკროკოსმოსის ანალოგია) წესრიგის გამგებელი – კარგავს ლეგიტიმურობას, რამდენადაც ამ დაშვებით ღმერთის ნებას ყველაფერი არ შეუძლია, ის დეტერმინირებულია ინტელექტით.
მეორე მხრივ, რასაც ღმერთი გვიბრძანებს, ისაა მორალურად გამართლებული, ანუ მხოლოდ თავისუფალი, ყოველგვარი ინტელექტისა თუ სხვა შეზღუდულობისგან დამოუკიდებელი ნება წყვეტს სწორსა და არასწორ საქციელს. ერთი შეხედვით, ინტელექტუალიზმის ნაკლს ავსებს ეს კონცეფცია და გვეუბნება, რომ ღმერთის თავისუფალ ნებას ნებისმიერი რამ შეუძლია (რაც ნიშნეული უნდა იყოს ღმერთისთვის), მაგრამ აქაც წარმოიქმნება ახალი პრობლემა: თუკი ღმერთის ნებას შეუძლია ნებისმიერ ქმედებას მიანიჭოს მორალურად გამართლებულობის ლეგიტიმაცია, მაშინ გამოდის, რომ სხვა შემთხვევაში მორალურად უკიდურესად გაუმართლებელი ქმედებებიც (მაგალითად, ადამიანების ხოცვა) კი გამართლებული შეიძლება გახდეს. როგორც წესი, ბოროტება არ მიეწერება ღმერთს. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ღმერთის ნება თავისუფალია, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ყოველ ჯერზე ირჩევს იყოს კეთილი, მაინც გამოდის, რომ ამ სახის ერთი მიმართულებით მოძრაობა თავის თავში გარკვეულ შეზღუდულობას, მხოლოდ ერთი ასპექტით შემოფარგვლის ტენდენციას გულისხმობს.
ევთიფრონის დილემის გადაჭრის გზას გვთავაზობს კლასიკური თეიზმის პერსპექტივა. ღმერთი არ გვკარნახობს არანაირ მორალურ წესრიგს, არ უნდა ვეძებოთ მორალური წესრიგის ონტოლოგიური საფუძველი არც ღმერთის მითითებებში და არც მის მიერ ასეთი წესრიგის ‘გამოგონებაში’. მისი ძალა უბრალოდ ემთხვევა სიკეთეს. ღმერთის აბსოლუტურ სიმარტივესთან მიმართებით მხოლოდ ანალოგიის მეთოდით შეუძლიათ ადამიანებს მსჯელობა, რადგან შეუძლებელია რაიმე ნაცნობი განსაზღვრებით აიხსნას იგი.
თავისუფალი და არათავისუფალი ნების დაპირისპირება სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებების არსებობასაც უხსნის გზას, კერძოდ, სამყაროს შექმნა/დაბადება შემთხვევითობით ხდება თუ ინტელექტით განპირობებული დეტერმინიზმით? ინტელექტუალიზმის თანახმად, ინტელექტით ზღვარდადებული ღმერთის ნებამ შექმნა ყოველივე. თუ ამ მოსაზრებას გავყვებით, გამოდის, რომ წარმოშობის პროცესი ღმერთის როლი შემოიფარგლება მხოლოდ „მამოძრავებლის“ დანიშნულებით. იგი გამოდის ერთგვარი იმპულისის მიმღები ობიექტი, რომელსაც ეს ბიძგი სხვა ძალამ აუცილებლობით გადასცა. ამგვარად, რაღაც აზრით, ეს დამოკიდებულება ანტიკურ ფილოსოფიას უკავშირდება. ამ უკანასკნელსა და ქრისტიანობას შორის ერთ–ერთი განსხვავება სწორედ ისაა, რომ სამყაროს შექმნა აუცილებლობით ხდება და არა შემთხვევითობით.
ალტერნატიულად, ვოლუნტარიზმი ამბობს, რომ მხოლოდ ღვთაებრივი, ნება, რომელიც ავტონომიურია, ქმნის სამყაროს. მიზეზ–შედეგობრივი საფუძველი სრულად უკუგდებულია შემთხვევითობის პრინციპის და უფრო ზოგადად, ნების თავისუფლების აღიარების ხარჯზე. ამ მხრივ, ვოლუნტარიზმი შეიძლება შევადაროთ სტოიციზმს. მართალია სტოიკოსებთან ეთიკურად სწორი ქცევა ბედისწერის შესაბამისად ცხოვრებაა, მაგრამ მათთან ბედისწერა არ არის აბსოლუტური, რამდენადაც მისით არ კონტროლდება ჩვენი ნება. თვითკონტროლი და სურვილების მართვა ყოველთვის შესაძლებელია ნებისყოფის გამომუშავების საფუძველზე.
ინტელექტუალიზმის შეხედულებების საფუძველზე პოზიციონირებს სქოლასტიკური ფილოსოფოიის წამომადგენელი თომა აქვინელი. სანამ მეორეული კანონების განმარტებაზე გადავა, იგი აყალიბებს მოსაზრებას, რომ ბუნებითი სამართალი მოიცავს წესებს, რომლებიც ყველას აერთიანებს. შესაბამისად, ადამიანები, როგორც რაციონალური აგენტები, იქცევიან განსჯის საფუძველზე, აბსოლუტური წესების თანახმად. აქვინელი უარყოფს რელატივიზმს და რაციონალური პერცეფციის საფუძველზე აყალიბებს მორალურ თეორიას. ადამიანს აქვს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი, რაციონალურობაა ის, რაც განასხვავებს სხვა არსებებისგან და, ამავდროულად, გამაერთიანებელი პრინციპით ყოველ ადამიანს მიემართება.
ვოლუნტარიზმის შემთხვევაში არანაირი აუცილებლობით ზღვარდადებული იმპერატივი არ არსებობს, ყოველ ეთიკას ლეგიტიმურობას ადამიანის არჩევანი, პერსონალური გადაწყვეტილება ანიჭებს. მორალური განსჯის ვალიდურობის ნებაზე დაფუძნება გამორიცხავს ტრანსცენდენტურ ჭეშმარიტებას და ფოკუსს მთლიანად გადაწყვეტილებაზე მიმართავს. ამ აზრით, ვოლუნტარიზმი უკავშირდება ნომინალისტურ მიდგომას, რომელიც შუა საუკუნეებში უნივერსალიების პრობლემის გადაჭრის ერთ–ერთ გზას გვთავაზობდა. ნომინალისტური მიმდინარეობა მიიჩნევდა, რომ ზოგადი იდეები, ცნებები და გვარები არ არსებობენ, ისინი უბრალოდ ლინგვისტური კონვენციებია, რომელთაც არაფერი შეესაბამება. მართალია ის, რომ ვიზიარებთ ამ ‘საერთო’ სახელებს, მაგრამ არ გვაერთიანების ამ სახელების მიმართების ობიექტები. რამდენადაც ჩვენს გონებაში კონცეფტები არიან აბსტრაქციის საშუალებით შექმნილი ჩვენივე ფიქრის/ნების ნაყოფი, შეუძლებელია თუნდაც აქვინელისეული აბსოლუტური მორალური კანონის არსებობა.
სამართლის ფილოსოფიის დისკურსში ამგვარი მეტაფიზიკური მსჯელობის შეტანა პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას იძლევა. საკმაოდ კონკრეტული სამართლებრივი პრობლემების ახსნა შეიძლება ვოლუნტარიზმის და/ან ინტელექტუალიზმის პერსპექტივით გააზრებისას. მაგალითად, აქვინელის მოსაზრებით (ანუ შუა საუკუნეების თეოლოგიური ინტელექტუალიზმის თანახმად), სამყარო მართულია ღვთაებრივი გონებით (ინტელექტით) და შესაბამისად, მხოლოდ ამ უნივერსალურ კანონთან თანხმობით შეიძლება ადამიანების მიერ შექმნილ ნებისმიერ პოზიტიურ კანონს ლეგიტიმაცია მიენიჭოს. ამრიგად, მის ეთიკურ კონცეფციას ეფუძნება სამართალი, რომელიც დასავლური სამყაროსთვის წინაპირობაა მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანამოღვაწეობისთვის.
ამისგან განსხვავებით, ვოლუნტარიზმის დაკავშირება შესაძლებელია საზოგადოებრივ მშვიდობიანობასთან დაპირისპირებულ, სტიქიური ძალის მქონე პრაქტიკასთან. ინტელექტთან შედარებით ნების აღმატებულობის აღიარებით და ამასთან, ამ იდეალისტურ–ფილოსოფიური მიმდინარეობის ‘დამიწებით’ ბევრი სტიქიური, არამყარი მიმართებების მქონე პოლიტიკური საფუძვლის მქონე ავტორიტეტის თუ იდეოლოგიის ახსნაა შესაძლებელი. პოლიტიკის შინაგანი ხასიათი და ლოგიკა კი სამართლებრივი ნორმების განსაზღვრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.
ვოლუნტარიზმისა და ინტელექტუალიზმის დაპირისპირება ცხადად აჩვენებს იმას, რომ თითოეული ბუნებითი თეორიის საფუძვლად სხვადასხვა წყაროს განიხილავს. ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთის ნაკლოვანებებს ავსებენ, რამდენადაც ცოდნის სხვადასხვა თეორიის საფუძველზე არიან ჩამოყალიბებულნი. ნების თავისუფლების ან განსაზღვრულობის ამოსავალ დებულებად აღებით სხვადასხვა დასკვნებამდე მიდიან როგორც მორალურობასთან, ისე სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმისას. ამ იდეალისტური მოძღვრებების ‘მიწაზე ჩამოტანით’ კი სამართლის ფილოსოფიის განმაპირობებლ პრინციპებზე საუბარია შესაძლებელი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.