ორმაგი ეფექტის პრინციპი მორალურად გამართლებულად მიიჩნევს ქმედებას, რომელსაც ორგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვება. ქმედება მორალურად გამართლებულად ჩაითვლება, თუ დადებითი შედეგის სახით მიღებული სიკეთე აღემატება უარყოფითი შედეგის სახით დამდგარ ზიანს. ამის საფუძველზე კი მინდა განვიხილო რამდენად გამართლებულია ის შეზღუდვები და აკრძალვები, რაც ბოლო დროინდელი პანდემიის დროს დაწესდა სხვადასხვა ქვეყნებში.
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქ ვუჰანში უცხო ვირუსის, COVID-19 ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მას შემდეგ პანდემია ჯერ ჩინეთს, შემდეგ კი მთელს მსოფლიოს ძალიან სწრაფად მოედო. ვირუსისგან თავის დასაცავად ბევრ ქვეყანას მოუწია მოქალაქეებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რაც რეალურად ადამიანის გარკვეულ უფლებებს ხელყოფს, მაგრამ ამავე დროს მიმართულია უფრო დიდი მიზნის, კერძოდ კი პანდემიის ამოფხვრისაკენ.
საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 21 მარტს გამოსცა დეკრეტი, რის მიხედვითაც შეიზღუდა კონსტიტუციით განსაზღვრული მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლები. რომლებიც გულისხმობენ ისეთი უფლებების შეზღუდვას, როგორიცაა თავისუფლების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები, სამართლიანი სასამართლოს უფლება, საკუთრების უფლება, შეკრების თავისუფლება და შრომის თავისუფლება.
მაგალითისთვის, თავისუფლების უფლების შეზღუდვა გულისხმობს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია პირის საკარანტინო ზონაში მოთავსება, ხოლო დაუმორჩილებლობის ან იზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში მისი იძულებით გადაყვანა. მიმოსვლის თავისუფლები კი გარდა ქვეყნებს შორის შეზღუდვების დაწესებისა, აგრეთვე კრძალავს გარკვეული საათის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებას. სწორედ ამ უკანასკნელ შეზღუდვაზე შევჩერდები ამჟამად და განვიხილავ თუ რას წარმოადგენს იგი მოსახლეობისთვის, რამდენად სასარგებლო ან ზიანის მომტანია და როგორ შეიძლება შევაფასოთ ზოგადად ეს გადაწყვეტილება.
განვიხილოთ მიმოსვლის უფლების შეზღუდვა იმ კრიტერიუმებით, რასაც ორმაგი ეფექტის დოქტრინა გვთავაზობს და რის მიხედვითაც ქმედება გამართლებულია თუ შემდეგ ოთხ პირობას აკმაყოფილებს:
პირველია ის, რომ თავად ეს ქმედება არ უნდა იყოს მორალურად ცუდი და ზიანის მომტანი, ანუ საჭიროა ქმედება სულ მცირე ნეიტრალური ხასიათის მაინც იყოს.
მეორე პირობაა, რომ ცუდი შედეგი არ უნდა გვქონდეს კარგი შედეგის მიღწევის მიზნად.
მესამე გულისხმობს, რომ ამ ქმედების ზოგადი მიზანი კარგი ეფექტის მიღწევა უნდა იყოს,
ხოლო მეოთხე გვეუბნება, რომ მიზეზი ამ ქმედების ჩადენისა, რომელიც გარკვეულ წილად ცუდ შედეგისაც გამოიღებს, საკმაოდ სერიოზული უნდა იყოს.
მაშასადამე, ცუდი შედეგების უგულებელყოფა შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენი ქმედება მორალურია, მხოლოდ ცუდი ეფექტის საშუალებით არ მიგვაღწევინებს კარგ ეფექტს და ამავე დროს ჩვენი მიზანი დიად საქმეს ემსახურება, ისეთ საქმეს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას გადაგვაჭრევინებს.
თავდაპირველად, აუცილებელია, გავიგოთ ვისთვის იწვევს ცუდ შედეგს მიმოსვლის უფლების შეზღუდვა და ვისთვის კარგს. პასუხი ალბათ თავიდანვე ნათელია, ის ზღუდავს მოქალაქეებს, რათა უზრუნველყოს მათივე უსაფრთხოება პანდემიისგან თავდაცვის მიზნით.
ეს შეზღუდვა თავისუფლად ჯდება პირველ კრიტერიუმში, რადგან ვფიქრობ, სულაც არ დაშავდება არაფერი იმით, თუ ადამიანი დღის კონკრეტულ მონაკვეთში სახლიდან უბრალოდ არ გავა. თან ეს ისეთი ქმედებაა, რომელიც ისედაც შეიძლება რომელიმე ჩვენგანის ცხოვრებაში ხორციელდებოდეს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. მაშასადამე, რეალურად არაფერი ამორალური ამის აკრძალვაში არ არის. მეორე კრიტერიუმის მიხედვით რა თქმა უნდა ჩვენი დროებით სახლში გაჩერება და თავისუფლების შეზღუდვა არანარიად არ ჯდება მთავრობის ინტერესებში და მას არანაირად არ სურს ამით ჩვენთვის ზიანის მოყენება. ამის დასამტკივცებლად საკმარისია განვიხილოთ თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ თავად მთავრობაცგარკვეული სახის ზარალს ნახულობს ამ შეზღუდვის დაწესებისას. კერძოდ იმას, რომ მცირდება უამრავი დაწესებულების მუშაობის საათები, რასაც რეალურად დიდი სარგებელი მოაქვს ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით კი იმ საათებში მუშაობისას, რომელშიც აიკრძალა მიმოსვლა. მესამე პირობას ალბათ ყოველგვრი ახსნა-განმარტების გარეშე აკმაყოფილებს ეს შეზღუდვა, რადგან იგი მიმართულია ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის მაქსიმალურად თავიდან არიდებისკენ, რათა კოვიდ-ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა შემცირდეს. მეოთხე კრიტერიუმის თანახმად კი ეს ქმედება სერიოზულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს COVID-19 ზე დიდი და სერიოზული პრობლემა არ უდგას.
როგორც ვხედავთ, ქმედება, მიმოსვლის უფლების შეზღუდვა იმ ოთხივე კრიტერიუმში ჯდება, რომელსაც ორმაგი ეფექტის დოქტრინა გვთავაზობს. გარდა ამისა, ის ისეთ უარყოფით შედეგებს იძლევა, როგორიცაა დროებით ისეთი რამის შეზღუდვა, რაც დიდ არსებით ცვლილებებსა და ნეგატიურ შედეგებს ჩვენს ცხოვრებაში არ გამოიწვევს. ამიტომ ვფიქრობ მისით მიღებული შედეგი, პანდემიისგან თავდაცვა და მოგვიანებით კი ზოგადად ამ პანდემიის აღმოფხვრა, ნამდვილად აღემატება იმ ზარალს რაც ცალკეულ ადამიანებს თუ არა, მთლიანად საზოგადოებას ადგება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.