უტილიტარიზმისა და კანტის ეთიკისგან განსხვავებით, ბუნებითი სამართალი კონკრეტულ მოქმედებებს არ განიხილავს. ის გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი მორალური ღირებულებები და უფრო მნიშვნელოვანია ამ ადამიანების პერსონაჟზე დაკვირვება, ვიდრე მათ რომელიმე კონკრეტულ ქმედებაზე.
ბუნებითი სამართლის შესახებ საუბრობს არისტოტელე, ის დასაწყისშივე ამბობს რომ უნდა დავსვათ კითხვა “როგორი ჯობია, რომ ვიყო?”, და არა “რა ჯობია, რომ გავაკეთო?”, და თუ პირველ კითხვას უპასუხებ, მაშინ მეორესაც თავისით გაეცემა პასუხი. ჩემი აზრით, საინტერესოა იმის განსაზღვრა თუ როგორი ადამიანი გინდა რომ იყო, სცემს თუ არა პასუხს შენი დანარჩენი გადაწყვეტილებების სისწორეს.
ამ ყველაფერზე მახსენდება ერთ-ერთი ანიმე პერსონაჟი, იზუკო მიდორია და მისი მთავარი კითხვა, როგორი გმირი უნდა რომ იყოს. გმირებისა და ბოროტმოქმედების სამყაროში, მხოლოდ სიკეთის მხარეს დგომა პასუხი არ არის. უნდა გქონდეს კონკრეტული მიზანი და მიზეზი. მიდორიას უნდა რომ ყველა გადაარჩინოს, კრიზისულ სიტუაციაში მომღიმარი სახით გამოჩნდეს და ხალხს იმედი მისცეს. მიდორიას ჰყავს ხატი ადამიანის, გმირის რომლითაც ბავშვობაშივე მოიხიბლა და გადაწყვიტა რომ ზუსტად ესეთი იქნებოდა. ვფიქრობ ის თანდაყოლილი მორალური ღირებულებები, რაზეც ბუნებითი სამართალი გვიყვება, სწორედ ამას გულისხმობს, იმას რაც თავიდანვე იწვევს შენში აღტაცებას, რაც მიგაჩნია სწორად და მეტიც, ცხოვრების ერთადერთ გზად. როგორც მიდორიას all might-ი, მაგალითის არსებობა მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ან იმისთვის, ვისაც აკლია თავდაჯერებულობა, ვინც არ ენდობა საკუთარ განსჯის უნარს და უნდა რომ სხვის მაგალითზე ისწავლოს. თუ ზუსტად იცი როგორი ადამიანი გინდა რომ იყო, ვიღაც კონკრეტულის მაგალითზე, ან უბრალოდ შენი წარმოდგენით, მაშინ შენთვის მორალურად სწორი არჩევანიც ცხადი იქნება.
მაგრამ იცოდე რა არის სწორი და გააკეთო სწორი არჩევანი სხვადასხვა რამეა. მაგალითად მატარებლის დილემა მახსენდება, მატარებელი სრული სიჩქარით მიდის, რელსებზე 5 ადამიანია, რომელსაც მატარებელი აუცილებლად დაეჯახება, თქვენ შეგიძლიათ მიმართულება შეუცვალოთ, მაგრამ მეორე მხარეს ერთი ადამიანი დგას და ახლა მას იმეტებთ სასიკვდილოდ, მიდორიასთვის ამ ეთიკური დილემის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს, მან ყველა უნდა გადაარჩინოს, ეს კი შეუძლებელია. ამ დროს არისტოტელე საუბრობს ოქროს შუალედის პოვნაზე, გამოცდილების დაგროვების მნიშვნელობაზე. თუ საკმარისად ვივარჯიშებთ და განვვითარდებით შევძლებთ, რომ ჩვენი წარმოსახვითი ადამიანის ხასიათის თვისებები პრაქტიკაში გადმოვიტანოთ, ვიქცეთ საკუთარი თავის გმირებად. მიდორიას სუპერძალა აქვს, რომლის დახვეწასაც ვარჯიში ჭირდება და ვინ იცის, იქნებ მართლა მოახერხოს ექვსივე ადამიანის გადარჩენა თუ საკმარისად დაიმორჩილებს საკუთარ ძალებს. ჩვენს შემთხვევაში კი არ მგონია გამოცდილების დაგროვებამ ყველა დილემა გადაჭრას.
ჩემი აზრით სწორია, რომ საკუთარ პიროვნებაზე ვკონცენტრირდეთ, გავარკვიოთ ვინ გვინდა ვიყოთ, როგორი ადამიანი, რა ღირებულებებით და მორალით უნდა ვიცხოვროთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ესეთები გავხდეთ, მაგრამ ვფიქრობ, იქნება შემთხვევები, როცა მაინც მოგვიწევს დავსვათ კითხვა “რა ჯობია, რომ გავაკეთო?”
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.