ტელოსი - არისტოტელეს აზრით, ეს არის ის, რასაც სამყაროში ყოველივე არსებული ექვემდებარება. ეს არის მიზანი ანდაც ფუნქცია ნებისმიერი საგნისა. ნებისმიერი რამე შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც კარგი ან ცუდი, იმის მიხედვით, თუ რამდენად ემსახურება ის თავის მიზანს/ რამდენად კარგად ასრულებს თავის ფუნქციას. მაგალითად: დანის ფუნქიცა არის რაიმეს გაჭრა, თუკი ის კარგად ჭრის, მაშინ ის კარგი დანაა. თუ კი გიტარისტი კარგად უკრავს გიტარას, ის კარგი გიტარისტია. მაგრამ როგორ შეიძლება მივუსადაგოთ ეს ცნება ზოგადად ადამიანის? როგორ უნდა განვსაზღვროთ ადამიანის ზოგადი ფუნქცია, მისი ზოგადი მიზანი? განა იმ კრიტერიუმით მართლაც არ განსხვავდებიან დანა და ადამიანი ერთმანეთისაგან, რომლის მიხედვითაც ისინი თავიანთ ფუნქციებს უნდა ასრულებდნენ? და თუ მაინც ასეა, მაშინ რას ნიშნავს იყო კარგი ადამიანი?
არისტოტელეს ამ ყველაფერზე თავისებური პასუხი აქვს. იგი ამბობს, რომ არსებობს მიზანი, რომლისკენაც ყოველივე მიისწრაფვის ე.წ „ეუდაიმონია“, ანუ ბედნიერება და ამასთანავე არსებობს ის ღირსეული თვისებები, რომელთა დახმარებითაც ადამიანებს ამ მიზანთან მიახლოვება უადვილდებათ. ასეთ თვისებებს იგი მორალურ ღირსებებს უწოდებს, მათ შორისაა: ინტელექტი, განსჯა, ხელგაშლილობა, თავდაჭერილობა (სიამოვნების მომნიჭებელი აქტივობებისგან), კეთილშობილება, სიმამაცე და ა.შ. ქცევის ამ მოდულებში გამოწრთობით ადამიანი ხდება ღირსეული და სწორედ ამ უნარების ერთობლიობა განაპირობებს გადაწყვეტილებების მიღებისას მორალურ სისწორესაც. აქ უკვე მრავალი კითხვა ჩნდება - რა კრიტერიუმით აფასებს არისტოტელე ზემოთჩამოთვლილ „ღირსებებს“, როგორც ღირსეულს? რის საფუძველზე მიიჩნევს ის, რომ მსგავსი ქცევები მორალურ სისწორეს უზრუნველყოფს და საერთოდაც იმას, რომ ისინი ცხოვრების მიზნისაკენ სწრაფვაში გვეხმარება? და არსებობს თუ არა საერთოდ ტელოსი ადამიანთათვის? რაღაც, რასაც მათი არსებობა ემსახურება?
აქ მნიშვნელლოვანია ავირჩიოთ ერთი გზა და ისე გავყვეთ დანარჩენ მსჯელობას - ან უნდა ვთქვათ, რომ ადამიანის ცხოვრებას იმთავითვე განსაზღვრული აზრი აქვს, ან ვაღიაროთ, რომ ის უაზრობაა და არავითარ ზოგად პრინციპს არ ექვემდებარება. ამისათვის მივმართავ ეგზისტენციალიზმს, კერძოდ კი, სარტრს, რომელიც „დანის ანალოგიით“ ამტკიცებს საკუთარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადამიანის ცხოვრებას წინასწარ განსაზღვრული აზრი არ აქვს. სარტრი ცდილობს დაამტკიცოს რომ ადამიანის „არსებობა წინ უსწრებს არსებას“. ხელოსანი ამზადებს დანას, საგანს კონკრეტული ფუნქციით, და იმ მიზნით, რომ ის რაღაც სარგებლის მომტანი იქნება. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ტელოსი, განსაზღვული ფუნქცია, რაც დანას აქვს, ანუ აქ არსება წინმსწრებია არსებობის. თუ ღმერთის, ანუ რაღაც ჭეშმარიტი ძალის არსებობას დავუშვებთ, შეგვიძლია ღმერთი ხელოსნად, ხოლო ადამიანიც ასეთ წინასწარ განსაზღვრულ საგნად აღვიქვათ - „ასევე ახდენს ინდივიდი რაიმე ცნების რეალიზაციას, რომელსაც შეიცავს ღვთაებრივი გონება“. თუმცა ღმერთის არარსებობის შემთხვევაში გამოდის, რომ არსებობს ერთი რამ მაინც, რომელშიც არსებობა წინ უსწრებს არსებას - „ყოფიერება, რომელიც არსებობს ადრე, ვიდრე შეიძლება მისი განსაზღვრა რაიმე ცნებით“. თუ ამ უკანასკნელს მივყვებით დავასკვნით, რომ ყოველი ადამიანი სუბიექტურობიდან ამოდის და ცხოვრების განმავლობაში თავად ცდილობს განისაზღვროს საკუთარი თავი. ეს უკანასკნელი ერთი მხრივ საერთოდ არ ეწინააღმდეგება არისტოტელეს ეუდაიმონიის ცნებას, რომ ადამიანები ბედნიერებისაკენ ისწრაფვიან, თუმცა ამ უკანასკნელის მტკიცება, რომ ბედნიერების მისაღწევად კოკნკრეტული ღირსებები აუცილებელია, რომელთა გამომუშავებასაც ადამიანმა მთელი ცხოვრება უნდა დაუთმოს ეგზისტენციალიზმისთვის ძალიან ბუნდოვანია. მისთვის არ არსებობს სწორი და არასწორი ქმედებები - "ადამიანი ყოველთვის დგას პირისპირ ცვალებად სიტუაციასთან და არჩევანი ყოველთვის რჩება სიტუაციაში არჩევნად".
თუ არ არსებობს ცხოვრების ობიექტური აზრი და არ არსებობს ბედნიერების ობიექტური გაგება არც ის მორალური ღირსებები არსებობს, რომლებიც ამ ბედნიერების მიწევაში დაგვეხამრება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.