ENG GEO

Search form

შევეგუოთ პანდორას ყუთს თუ გავხსნათ იგი?

შეიძლება კი ბუნებითი სამართლის შეცვლა? ღვთაებრივი კანონი ადამიანში ცოდვას აღძრავს, მაგრამ რისკენ მივყავართ თავად ბუნებრივ კანონს?

„დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.’’(დაბადება, 1:1) ღმერთმა შექმნა ყოველი ცოცხალი არსებაც, დაბადა სინათლე და სიბნელე, ყოველი საგანი სამყაროში და ბოლოს, დაისვენა. თითქოსდა მან განსაზღვრა სამყაროს ყოველი პრინციპი, ყოველი კანონი და იგი ბუნების კანონზომიერებად აქცია. შექმნა ედემი, ადამიცა და ევაც და აუკრძალა ერთადერთი ხის ნაყოფის ჭამა. მიეცა მარადიული კანონი, ხოლო ბუნებრივით კი განესაზღვრა თავად მისი ბუნება.

თავდაპირველი ცოდვით ღვთაებრივი წესრიგი დაირღვა, ადამიანს მძიმე ტვირთი დაეკისრა და მოუწია ახალი მხსნელის მოლოდინში ყოფნა. ბუნებითი სამართალი არ შეცვლილა, უბრალოდ ისეთადვე დარჩა.

მაგრამ ამასობაში კი ლოთმა და მისმა ქალიშვილებმა ღვთის მცნება დაარღვიეს. და რისთვის? „აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი’’ (დაბადება, 19:34)-ამისთვის. შეცვალეს კი ბუნებრივი სამართალი? არა.

იგივენაირადაა დავითზეც, ქრისტეზეც.

დავითი ღვთის სახლში შევიდა, კანონი დაარღვია და მის მხლებლებს მხოლოდ მღვდლისათვის კუთვნილი პური შეაჭამა. და რისთვის? მხლებლების დასაპურებლად.

ქრისტე თავისი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქიდან მართალნი სულნი ამოიყვანა. და რისთვის? ადამიანთა გამოსასყიდად.

მან შაბათს ყანაში მის მოწაფეებს თავთავი შეაჭამა, ავადმყოფი განკურნა. და რისთვის? მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის კეთილდღეობისთვის.

მაგრამ ამისდა მიუხედავადაც კი, ბუნებითი სამართალი შეიცვალა? ან საერთოდ შესაძლებელი იყო, რომ შეცვლილიყო?

მაგრამ ღმერთმა აბრაამს ხომ უდანაშაულო შვილის მოკვლა დააკისრა? მაგრამ ამით ხო მხოლოდ ღვთაებრივი კანონი შეცვალა? ბუნებრივი სამართალი კი იგივე არ დარჩა?

თავდაპირველი ცოდვის „დამარცხებისთვის’’ ქრისტეს ქმედებასაც გავამართლებ, რადგან ამით ხომ კაცობრიობას ღვთაებრივი გამოსყიდვის შანსი მიეცა. ეს ხო ადამიანის სიცოცხლის საკეთილდღეოდ შეიქმნა. ღვთაებრივი კანონის ამგვარად ყოფნამ კეთილდღეობა გამოიწვია, ბუნებითი კი იგივე დარჩა.

ისიდორე ამბობს: „ყველა საერთო საგნის კუთვნილება და უნივერსალური თავისუფლება, ბუნებითი კანონის შემთხვევებია’’. ეს საგნები ადამიანური წესებით იცვლება.

ლოთის მაგალითზეც, ყურადღება საერთოობაზე და კაცობრიობის მომავალზე იყო გამახვილებული, თესლის გამრავლების გზით. დავითისა თუ ქრისტეს მაგალითი, შაბათის წესის დარღვევაზეც, უნივერსალურ, ადამიანებზე მორგებული თავისუფლებაა. ადამიანი გამოდევნილი ედემის ბაღიდან აღდგომამდე მივიდა, ისევ და ისევ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ. მაგრამ მეორე მხრივ, ბუნებითი სამართალი შეუცვლელი დატოვა.

ქრისტე ამბობს: „ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს.’’ (მათე, 5:18)

სჯული აუცილებლად უნდა აღსრულდეს. მოსეს მცნებები აუცილებლად უნდა აღსრულდეს ღვთისა და ადამიანის მიმართაც. კი, აქ უპირატესობა ღვთაებრივ კანონს აქვს, მაგრამ ბასილი დიდი ამბობს: „სინდისი ჩვენი გონების კანონია’’.  ჩვეულებრივი დაწერილი კანონიც კი ადამიანს ავალდებულებს მის აღსრულებას, რადგან ამით მის კარგზე თუ ცუდზე, მის სინდისზე ამახვილებს ყურადღებას.

სიკვდილიც, ბუნებითი კანონია და ის აუცილებლად სრულდება. ყოველი ადამიანი ბოლოს მაინც კვდება.

მაგრამ თუ ბუნებითი კანონი აუცილებლად უნდა აღსრულდეს მაშინ რაღა საჭიროა მისი შეცვლა ან თუნდაც დამატება? ან შესაძლებელია კი?

ბოროტება, ბუნებითი კანონის დამახინჯებაა. ამიტომაც, ბუნებითი სამართალი ადამიანს ზიანისგან იცავს.

და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს პანდორას ყუთს გავხსნით თუ არა, ადამიანის ბუნებითი სამართალი ხომ მაინც ყოველთვის იგივე რჩება.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.