აბორტი - ორსულობის ნაადრევად შეწყვეტა - საზოგადოებაში მუდამ საკამათო ეთიკურ საკითხს წარმოადგენდა. დებატები აბორტის თემის ირგვლივ დაუსრულებელია, არსებობს უამრავი დაპირისპირებული აზრი იმის შესახებ, უნდა ჩაითვალოს აბორტი მორალურად გამართლებულ ქმედებად, თუ - არა. ამ შეკითხვაზე არ არსებობს ცალსახა, უნივერსალურად აღიარებული შეთანხმება. პასუხის ვარიანტები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ეთიკური თეორიის მომხრეს გვსურს მოვუსმინოთ. მაგალითად, კონსეკვენციალისტები ხელმძღვანელობენ იმ დაშვებით, რომ თუ რაიმე ქმედებას სასიკეთო შედეგი მოაქვს, მაშინ ის სწორია. თითოეული ჩვენგანი მიისწრაფვის ბედნიერებისკენ, თანაც ამ ბედნიერებაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთი ადამიანის სარგებელი, არამედ - მთლიანი კეთილდღეობა. აქედან გამომდინარე, კონსეკვენციალისტები გვეტყოდნენ, რომ თუ დედას არ აქვს ფინანსური/ემოციური მზაობა ბავშვის აღსაზრდელად, ეს მომავალში ბავშვის კეთილდღეობაზეც უარყოფითად აისახება, სწორედ ამიტომ ნაყოფის მოშორება დედისთვისაც და ბავშვისთვისაც უფრო ხელსაყრელი იქნება და მაშინ აბორტიც დაშვებულია. დეონტოლოგები მკაცრად შეეწინააღმდეგებოდნენ, დაეყრდნობოდნენ რა კანტის კატეგორიულ იმპერატივებს და აქტის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, აბორტის წინააღმდეგ გამოვიდოდნენ.
ამ ორი, განსხვავებული მიდგომის გაცნობის შემდეგ, საინტერესოა, როგორ შეაფასებდა აბორტს თომა აქვინელი და მისი ბუნებითი სამართლის თეორია. თავდაპირველად, განვმარტოთ რას გულისხმობს თავად ტერმინი: ადამიანებისათვის სწორია გონიერი ქცევა. თომა აქვინელი უარყოფს რელატივიზმს, მას მიაჩნია, რომ ჩვენ, როგორც რაციონალურ აგენტებს, გვაერთიანებს რაღაც საერთო ნორმები, რომლებიც ყველასთვის აბსოლუტურია და მათ ‘’პირველად მცნებებს’’ უწოდებს. ჩამოვთვალოთ რამდენიმე ასეთი ძირითადი წესი:
ეს წესები თანხმობაში მოდის ბუნებით სამართალთან და ნებისმიერ სიტუაციაში ხალხისთვის საერთოა. ამ პრინციპების მუშაობის მექანიზმის თანახმად, როდესაც აბორტზე ვსაუბრობთ, ეს ირაციონალური ქმედებაა, რომელიც არღვევს აქვინელის მიერ ჩამოთვლილი წესებიდან პირველს. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ადამიანის სიცოცხე, აბორტი ვერ ჩაითვლება ბუნებითი სამართლის მიერ მორალურად გამართლებულად.
და მაინც, თომა აქვინელის მოძღვრებაში არსებობს ერთი დოქტრინა, რომელიც გამონაკლისის სახით ნაყოფის მოშორებას მორალურად მართებულად ცნობდა, თანაც ისე, რომ არ დაარღვევდა ‘’პირველად ცნებებს’’. ამის საშუალებას ის დეტალი გვაძლევს, რომ თომა აქვინელისთვის ქმედების შინაგანი და გარეგანი მხარეები აპრიორი ერთი და იგივე არაა და ის გამოყოფს განსხვავებას ჩვენი განზრახვის სახით. ზუსტად აქ იჩენს თავს ‘’ორმაგი ეფექტის დოქტრინა’’, რომელიც უკუაგდებს შეუსაბამობას ‘’პირველად ცნებებსა’’ და აბორტს შორის. ამ დოქტრინის თანახმად, ნებისმიერი საქციელი, რომელიც აკმაყოფილებს 4 განსაზღვრულ კრიტერიუმს, მორალურად მიზანშეწონოლია. თანმიმდევრულად განვიხილოთ, კონკრეტულად რა კრიტერიუმებს ასახელებს თომა აქვინელი და მოვარგოთ ისინი წარმოსახვით სიტუაციას, როდესაც ორსულობის გაგრძელება სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს. უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისგან განვასხვავოთ გარეგანი აქტი - ნაყოფის დაღუპვა და შინაგანი აქტი - მოტივი, რომელიც დედის მხრიდან თავდაცვად ჩაითვლება. შესაბამისად, ჩადენილი ქმედება უბრალოდ ემსახურებოდა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას, რაც მორალურად სწორია და წარმოადგენს დოქტრინის პირველ პრინციპს. მეორე - აქტი წინ უნდა უსწრებდეს შედეგებს. აქაც, ორსულობის შეწყვეტამდე ჯერ იყო სურვილი დედის მიერ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისა. მესამე - დაუშვებელია ბოროტების ჩადენა სასარგებლო შედეგის მიღების მიზნით, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ თავისთავად კეთილი განზრახვით. ეს პირობა ჩვენ მიერ მოყვანილი აბორტის მაგალითის შემთხვევაშიც სრულდება და ბოლოს, აუცილებელია, რომ საქმის ვითარება უაღრესად სერიოზული იყოს. სასწორის ერთ მხარეს ნაყოფის სიცოცხლეა, მეორეზე კი - დედის. ამგვარად, ჩვენ მიერ მოყვანილი მაგალითი აკმაყოფილებს აქვინელის ‘’ორმაგი ეფექტის დოქტრინის’’ ოთხივე საფეხურს. მივედით დასკვნამდე, რომ აბორტი, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაინც შეიძლება გამართლებულად ჩავთვალოთ, თუნდაც იგი ერთი შეხედვით არ ეთანხმებოდეს ‘’პირველად მცნებებს’’, ბუნებითი სამართალი გვასწავლის, რომ ქმედების შეფასებისას გავითვალისწინოთ როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი მხარეები.
მაშასადამე, ჩვენ ვიმსჯელეთ აბორტის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხის შესახებ, მას შემდეგ, რაც მოკლედ მიმოვიხილეთ იგი დეონტოლოგიისა და კონსეკვენციალიზმის გადმოსახედიდან, შევაფასეთ აბორტი ბუნებითი სამართლისა და თომა აქვინელის მოძღვრების პოზიციიდან და აღმოვაჩინეთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს და ამ ორივე მხარის მხედველობაში მიღება ქმნის გამონაკლისებს, რომლებიც შეიძლება, რომ მორალურად სწორად ჩაითვალოს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.