როგორც ყველა ადამიანს მიაჩნია თავისი საქციელი, აზრები და მსოფლმხედველობა სიმართლის ტოლი, სწორედ ისეთივე “შემართებით” უყურებს საზოგადოება საკუთარ თავს. ასიათასწლეულების განმავლობაში, ინდივიდები რაღაცნაირად შევთანხმდით, რომ ერთმანეთის ყელის გამოჭრის ნაცვლად ერთად გვეცხოვრა და ამით ოდნავ უფრო დიდი ხანი გაგვეძლო ბუნებრივი განსაცდელისთვის. თავდაპირველად შეიძლება ცოტა გვიძნელდებოდა ამ შეთანხმების დაცვა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ვისწავლეთ და განვივითარეთ კოაბიტაციის უნარი. ჩვენ შემოვიღეთ წესები, რომელზე დაყრდნობითაც დღემდე ვკრძალავთ იმას, რაც ჩვენივე აზრით, კვლავ საზოგადოებასვე გაურთულებს საქმეს. ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს და აქვე უნდა მოვრჩეთ ამ თემის განხილვას. ჩემთვის სამწუხაროდ, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში იბადება ხალხი, რომლებსაც საკუთარი განსხვავებული იდეოლოგიები აქვთ და ცხრა საუკუნითაც კი უსწრებენ ამ ჩემს თემას. ამიტომ მიწევს მათ მიერ შემუშავებული იდეების დაპირისპირება ჩემს, ზემოთ ნახსენებ, მოსაზრებასთან. კონკრეტულად კი, მეცამეტე საუკუნეში მოღვაწე ბერ თომა აკვინელზე მაქვს საუბარი, რომელმაც ჩამოაყალიბა ბუნებითი სამართლის იდეის საწყისები და რომლის განხილვასაც დავუთმობ ახლა დროს.
თომას თქმით (რადგან იგი ბერი იყო), ყოველ ცოცხალ არსებას, ყველაზე მეტად კი ადამიანს, ღმერთმა ბუნებრივად მიანიჭა სწორი და არასწორი საქციელის გარჩევის უნარი. აკვინელმა ჩამოაყალიბა შვიდი მთავარი სიკეთე (როგორც მე აღვიქვი მათი დედააზრი), რომელებიც ჩვენ გვიბიძგებენ მორალურად სწორი არჩევნების განხორციელებისკენ. ესენია: ცოდნა იმისა რომ სიცოცხლე კარგია, გამრავლება და მისი შედეგები, ცოდნის მიღების და გაცემის სიკეთე, ღმერთის შეცნობის სურვილი, დანაშაულის ჩადენის შიში, გაუნათლებლობის გამოსწორება და რაც ამ ეტაპზე ყველაზე ძალიან მაინტერესებს, საზოგადოებაში ცხოვრების სურვილი. აქედან გამომდინარე, ბუნებითი სამართლის ცნებაში ნაგულისხმებია საზოგადოებაში შეხმატკბილებული არსებობის სურვილი და ამ საზოგადოების შენარჩუნების მოთხოვნილება. პირველი სამი ცნება საკმაოდ ზოგადია და არ უშლის ადამიანის, ან რაიმე სხვა ცხოველის არსებობის არც ერთ ასპექტს ხელს. ღმერთის შეცნობის სურვილი კი საკმაოდ აბსტრაქტული და ინდივიდუალურია, ამიტომ მისი საზოგადოების ჭრილიდან აღწერა ამჟამად უსარგებლოა. ხოლო, რაც შეეხება ბოლო სამ ცნებას, ისინი პირდაპირ ორიენტირებულნი არიან მშვიდი და გამართული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. ანუ, ეს ბოლო სამი ცნება, შეიძლება ითქვას, საფუძვლად უდევს იმ კანონებს, რომლებზე დაყრდნობითაც არის აგებული თანამედროვე, “ურყევი” საზოგადოება. მაგრამ, თუ ეს ცნებები ყველა ადამიანიში ბუნებრივად არის ჩანერგილი და არ არის დასწავლილი, მაშინ რატომ იქცევა არაერთი ადამიანი ბუნებისმიერი ცოდნის საწინააღმდეგოდ და არღვევს მის მიერვე შედგენილ კანონს?
ბუნებითი სამართალი გვეუბნება, რომ სიცოცხლე როგორც ჩემი, ასევე სხვისი უფლებაა. მკვლელი, რომელიც არანაირი ფორმით არ განიცდის ფსიქიკურ აშლილობას, კლავს სხვას. მიზეზებისგან დამოუკიდებლად, შეიძლება ითქვას, რომ მან ეს ბუნებითი კანონი დაარღვია და ამიტომ მას თავში რაღაც არეული აქვს. იგი შეამოწმა ფსიქიატრმა და დაადგინა, რომ მკვლელი ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელია. ასევე, მრავალთვიანი პროცედურების განმავლობაში გამოძიებამ ვერ მიაკვლია ვერანაირ მოვიტვს გარდა შურისძიებისა. საბოლოო დასკვნის მიხედვით, კაცმა შური იძია საკუთარი შვილის მკვლელზე. თომა აკვინელის ცნებების მიხედვით, ამ გონებრივად სრულიად ჯანსაღ ადამიანში, უნდა არსებობდეს სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნა, რომელიც მას დაუშლიდა ამ ქმედების ჩადენას. კითხვა ისმის: თუ უნივერსალურ სიმართლეს, რომელსაც ყველა ვაღიარებთ და შევიცნობთ ჩვენი სრული არსით, გამოუჩნდა ერთი ანომალიაც კი, არის თუ არა იგი მართლა უნივერსალური?
შემიძლია ვთქვა, რომ შვილზე შურისმაძიებელი ადამიანი არ არის არც ერთადერთი და არც ყველაზე მძიმე ანომალია ამ სამყაროში. იგი საღად აზროვნებს, უბრალოდ გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონს უთავსებს და ასე არღვევს კანონს. ამის საპირწონედ კი, არსებობს ადამიანი, ვინც ყოველ თავის საქციელს უემოციოდ და ლოგიკურად აფასებს, მაგრამ არ არღვევს არავის ბუნებით უფლებას. ასეთ ადამიანს ქვია სოციოპათი. იგი არის ინდივიდი, ვინ ბუნებრივად საერთოდ არ აღიქვამს საზოგადოებაში არსებული ბუნებითი სამართლის ცნებას. იგი უბრალოდ სიმბიოზურადაა შეზრდილი მასას, რადგან ხვდება საკუთარი სიტუაციის გამოუვალობას. სოციოპათს სჭირდება საზოგადოება და არა პირიქით. მან იცის, რომ იგი კანონის დარღვევისთანავე მოიკვეთება საზოგადოებისგან და ან ციხეში ან სიმარტოვეში მოუწევს ცხოვრება. არც ერთი ამ მომავალთაგანი მას არ სიამოვნებს, ამიტომ ის ლოგიკური ქმედებებით მაქსიმალურად მიყვება ბუნებითი სამართლის კანონებს, რომლებსაც მხოლოდ ზედაპირულად იცნობს. გამოდის, რომ ბუნებითი კანონები შეიძლება არც თუ ისე უნივერსალურია, როგორც აქამდე მიგვაჩნდა. მაგრამ ისინი მართებული მაინც არის, რადგან ყველაზე მძიმე ანომალიებსაც კი უწევთ მათდამი დამორჩილება. საწუხაროდ, არც ესაა მთლად სიმართლესთან მიახლოვებული, რადგან არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც საერთოდ უგულებელყოფს ჩვენს ბუნებით სამართალს. ეს ადამიანები არიან ფსიქოპათები.
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვალის დაუხამხამებლად ყელი გამოჭრას ნებისმიერ სხვას, არა შვილის მკვლელობისთვის, არამედ საღეჭი რეზინისთვის. თუ მან მოიპარა ერთი შეკვრა კანფეტი და ეს ვინმე გამვლელმა დაინახა, ფსიქოპათს ხელიც კი არ აუკანკალდება ამ ადამიანის მკვლელობისას. ფსიქოპატს ეს ადამიანი არ სძულს, მისი გამოსახედიდან მან უბრალოდ მოიშორა იმის მცირეოდენი შანსი, რომ გამვლელს შეიძლებოდა პილიციაში დაერეკა ქურდობის დანახვისთანავე. ფსიქოპათი ვერ აღიქვამს სიცოცხლის მნიშვლნელობას და ამავდროულად, არც არინტერესებს მისი აღქმა. მას ღამით მშვიდად ძინავს, იმისდა მიუხედავად, რომ არ მისდევს საზოგადოების ბუნებითი სამართლის ცნებებს. ერთი სიტყვით, ეს ადამიანი წარმოშობს ბუნებით სამართალში ყველაზე დიდი ანომალიას, რომელიც, ჩემი აზრით, აჩენს უმთავრეს თავსატეხს. არის თუ არა ბუნებითი სამართალი ხალხის მიერ ნასწავლი და შექმნილი, თუ იგი ჩვენში ბუნებრივად არსებობს?
ჩემი აზრით, ამ ქვეყნად არაფერია სამუდამო და შეულახავი. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და შედეგი. ბუნებითი სამართალი, როგორც ყველა მასზე დაფუძნებული კანონი, სავარაუდოდ შეიქმნა ხელოვნურად რათა ხალხისთვის ცხოვრება გამარტივებულიყო. მართალია გენეტიკა დიდ რომლს თამაშობს ჩვენს ჩამოყალიბებაში, მაგრამ სადაც გინდა ჩააგდე, ადამიანი მალევე ეგუება და სწავლობს ახალ წესებს. იგი სიმშვიდეში მშვიდია, ხოლო არეულობაში, საკმარისი დროის მერე, თვითონაც ირევა. ფაქტია, რომ კაცობრიობა სიმშვიდისკენ მიიწევს, ამიტომ ჩვენი ბუნებითი სამართალიც სიმშვიდეს ფანტასტიურად აღწერს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ბუნებითი სამართალი არ არის ჩვენთვი თანშობილი, არამედ ესაა საზოგადოების მიერ შექმნილი ამავე საზოგადოების საკეთილდღეოდ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.