ENG GEO

Search form

ბედნიერების მრავალმხრივი გაგება - ეუდაიმონია და ჰედონიზმი

რაშია ბედნიერება?! რამდენიმე მოძღვრება თავის ვერსიას გვთავაზობს, თითოეული კი თავისებურად აღწერს ბედნიერებას. არისტოტელეს სათნოების ეთიკა, მაგალითად, ადამიანის მთავარ ფუნქციას აღწერს და ჰედონიზმის მოძღვრება, თავის მხრივ, მისი ცხოვრების უმთავრეს ღირებულებას აღნიშნავს. ორივე გვეხმარება, დავადგინოთ ის მრავალგვარი გაგება, რომელიც ადამიანის ცხოვრების სრულყოფილებას ეხება.

არისტოტელე ამბობს, რომ ყველაფერს დედამიწაზე (ნივთს, ცხოველს, ადამიანს) თავისი ფუნქცია აკისრია. სკამისთვის, მაგალითად, მთავარია დასაჯდომის ფუნქცია შეასრულოს. ყავის ჭიქიდან მოსახერხებელი უნდა იყოს ყავის დალევა. თუ სკამი და ყავის ჭიქა თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ, მაშინ მათგან კარგი სკამი და ყავის ჭიქა გამოდგა.

ცხადია, ამ ლოგიკით, ადამიანსაც თავისი ფუნქცია აქვს. კარგი ადამიანია ის, ვინც თავის დანიშნულებას ასრულებს, მაგრამ რა არის ადამიანის დანიშნულება? არისტოტელეს მორალური ეთიკის მიხედვით, ადამიანი უნდა იღწვოდეს სათნოებისკენ. “ვინც, სათნოებას ფლობს, ის სწორად წარმართავს საქმეს და კარგადაც ასრულებს” (არისტოტელე, ნიკომაქეს ეთიკა). არისტოტელეს მიხედვით, არსებობს ცხოვრების მართებული გზა, რომელსაც თუ ადამიანი გაყვება, ის “ეუდაიმონიას” მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინს ზუსტი თარგმანი არ გააჩნია, იგი გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი მუდმივ პროგრესს განიცდის და მუშაობს საკუთარი თავის გაუმჯობესებისთვის. არისტოტელეს მიხედვით, ბედნიერება ინდივიდის მიერ საკუთარი საქმის შესრულებით იზომება.

ეს ყველაფერი არ გამორიცხავს, რომ ადამიანი თავისთვის სასურველ და სიამოვნების მომნიჭებელ საქმიანობას უნდა ეწეოდეს, თუმცა არისტოტელეს ეთიკის მიხედვით, საქმე ღირებულია იმდენად, რამდენადაც ის სარგებლის მომტანია. მაგალითად, წარმოვიდგინოთ მევიოლინე, რომლის დაკვრის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა საზოგადოებისთვის. თავისუფალ დროს, მევიოლინეს სიამოვნებას ანიჭებს ისეთი მელოდიის დაკვრა, რომელიც დიდი სირთულით არ გამოირჩევა და მხოლოდ მის ყურს ახარებს. ეუდაიმონიური ცხოვრების პრინციპებით თუ ვიმსჯელეთ, მისი თავისუფალი დროის გატაცება არაა დიდად ღირებული. ეს მევიოლინე ბევრად უფრო დიდი სარგებლის მომტანი იქნებოდა თუ ის მაგალითად, ბეთჰოვენის მეცხრე სონატას შეასრულებდა. ამით იგი თავის დაკვრას გააუმჯობესებდა და უკეთესი მევიოლინეც გახდებოდა.

“ეუდაიმონიის” ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ოქროს შუალედია. არისტოტელე ამბობს, რომ ადამიანის დანიშნულებაა, იცოდეს სწორ მომენტში სწორი მოტივით, სწორი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ უამრავი განსხვავებული ვითარება არსებობს, რომელსაც სხვადასხვა მიდგომა შეეფერბა, ამიტომაც ყოველი ვითარების დროს მან სწორად უნდა განსაზღვროს, რა იქნება მართებული გადაწყვეტილება. ამით არისტოტელე ზომიერებას აძლებს დიდ მნიშვნელობას. რა განცდაც კი არ უნდა გააჩნდეს ადამიანს (შიში, სირცხილი, გულისწყრომა), ისინი ოქროს შუალედში მოქცეული ქმედებებისკენ უნდა იყოს მიმართული. მაგალითად, შიშის დასაძლევად სიმამაცეს მივმართავთ, თუმცა ეს არ გულისხმობს უგუნურ და წინდაუხედავ ქმედებას. იმის განსაზღვრაა საჭირო, მოცემულ ვითარებაში სიმამაცე რას მოიაზრებს.

ჰედონიზმის მოძღვრების მიხედვით, ნამიდვილი ბედნიერება სიამოვნებას მოაქვს. ჰედონიზმი გვეუბნება რომ ადამიანის მთავარი მიზანი არის, იპოვოს, რა ანიჭებს მას სიამოვნებას და ცხოვრების ბოლომდე საკუთარ სიამოვნებაზე იზრუნოს. ისევ მევიოლინეს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ჰედონისტი ეტყოდა რომ, პირველ რიგში ის უნდა დაუკრას, რაც მოესურვება და სიამოვნებას ანიჭებს. პროფესიული წინსვლა კი არ არის მისი პირორიტეტული საზრუნავი. ერთი შეხედვით, ამას არისტოტელეს ეთიკის ფილოსოფია შეეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მევიოლინე ვერ ვითარდება, თუმცა ყველაფერი ასე ცალსახა არ არის.

ჰედონისტური მოძღვრების ჩამოყალიბებისთანავე ბევრს მცდარი შეხედულება გააჩნდა მის შესახებ. ეს შეხედულებები გაუგებრობამ გამოიწვია იმის თაობაზე, რომ სიამოვნება შეიძლება მხოლოდ ფიზიკური სახის იყოს. ამით სულიერი თუ ინტელექტუალური სიამოვნების არსებობაა უგულებელყოფილი. სინამდვილეში კი სიამოვნება ნებისმიერი სახისაა. ადამიანს შესაძლოა, განათლების მიღების პროცესი სიამოვნებდეს, რითიც ის ამავდროულად თავად ვითარდება და არისტოტელეს მიერ მინიჭებულ ფუნქციასაც ასრულებს. იმავე მევიოლინეს შესაძლოა, მუსიკალური წინსვლა და პირადი განვითარება ანიჭებდეს სიამოვნებას.

საბოლოოდ, როდესაც გვინდა, დავადგინოთ, რა არის ნამდვილი ბედნიერება, შეგვიძლია, ბოლომდე არისტოტელეს მოსაზრებას მივყვეთ და ვისწრაფვოთ ბედნიერებისკენ საკუთარი თავის გაუმჯობესებით ან ჰედონიზმს დავუჯეროთ და ნებისმიერი მომენტისგან მხოლოდ სიამოვნება მივიღოთ. თანაც, არაა აუცილებელი, რომ ისინი ერთმანეთს გამორიცხავდნენ. ყოველ შემთხვევაში ნათელია, რომ ბედნიერება არ არის დასრულებული მდგომარეობა, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე გამოჩნდება. არ არსებობს უსასრულო სიამოვნება ისევე, როგორც იდეალური ადამიანი, რომელმაც მუდმივად იცის, სადაა ოქროს შუალედი.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.