ENG GEO

Search form

თავისუფალი ნება ბუნებით სამართალში

და მაინც, როგორ ვართ მოწყობილები? რას მივიჩნევთ სწორად, რას არასწორად? რა არის კარგი და რა არის ცუდი? გვაქვს თუ არა მორალი და საიდან მოდის ის? როგორ მარტივად ჟღერს ეს ყველაფერი, როცა რაიმე ზებუნებრივს მივაწერთ, ღმერთს, რომელიც, ზემოთ, თეთრ მოსასახამში ზის და თავის ქმნილებებს კმაყოფილებით დაჰყურებს, რადგან მისცა მათ უნარი გაერჩიათ კარგი ცუდისგან, სწორი არასწორისგან, გამოძერწა, ისე რომ ყოველთვის ეძიებინათ და დაენახათ კარგი.

ანუ, ღმერთის სამყარო უკიდურესად კეთილი და მოწესრიგებულია. ყველა არსებას საკუთარი ფუნქცია აქვს და ისწრაფვის იმისკენ, რომ შეასრულოს იგი. აკვინელი ამბობდა, რომ კარგი ქმედება არის ის, რაც სრულადქმნის ამ ფუნქციებს, როგორც, თუნდაც, თვალი აკეთებს ამას ყოვლად ბუნებრივად. ადამიანებიც, ინტუიტურად ვისწრაფვით, ვილტვით იმისკენ, რაც ღმერთმა გადაწყვიტა და ჩაგვინერგა, რომ საუკეთესოა ჩვენთვის.

და, თუ ყველაფერი მართლაც ამგავრადაა მოწყობილი, მაშინ რატომ არ არის დედამიწა სამოთხე? თუ ყველა არსება ასრულებს საკუთარ ფუნქციას, ფუნქციას, რომელიც თავისი არსით კარგსა და კეთილს ემსახურება, რატომ ვაწყდებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსამართლობას? რატომ ხდება, რომ ხშირად ჩვენი ტვინი უგულებელყოფს იმ მორალურ წესებს, რომელიც ღმერთმა ჩაგვინერგა? რატომ გადავახარისხებთ სიკეთის კეთების აუცილებლობას? და მაინც, რატომ კლავენ ადამიანები ერთმანეთს?

არის რაღაც, რაც გვიბიძგებს გადავუხვიოთ ჩვენს ფუნქციას, მოვისროლოთ რაციონალური აზროვნების უნარი, შეიძლება ვხედავდეთ მეტ სარგებელს, შეიძლება ასე უფრო გვიმარტივდებოდეს, უამრავი რამ შეიძლება, უამრავმა ფაქტორმა შეიძლება წაგვართვას განსჯის უნარი და ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც ადამიანური მანკიერება იჩენს თავს. გამოდის, რომ ადამიანი არ არის სრულყოფილად წმინდა არსება, რომელიც ბუნებრივად დაიცავს ყველა მორალურ წესს და მუდმივად ემსახურება კეთილს. ჩვენში არის რაღაც, რაც აკეთებს არჩევანს. ვიცით რა არის სწორი, მაგრამ ვამჯობინებთ სრულიად სხვა გზით წავიდეთ. ზოგჯერ უბრალოდ გვინდა მივყვეთ ჩვენს სურვილებს და უკუვაგდოთ ყველანაირი გამოცდილება და ცოდნა სწორისა და არასწორის შესახებ, დავივიწყოთ სიკეთის გზა და ამგვარად ვუღალატოთ ჩვენი არსების პრინციპებს. ჩვენ, ჩვენი თავისუფალი ნების ზეგავლენით ვირჩევთ სასურველ სცენარს, რომელსაც წარვმართავთ.

თითქოს რა უბოროტოდ ჟღერს თავისუფალი ნება, მაგრამ სწორედ ეს არ აძლევს ადამიანს საშუალებას ყოველთვის დათესოს/მოიმკას კარგი და კეთილი. თავისუფალი ნება მიმზიდველია, თვითკონტროლი და ნებისყოფის გამომუშავება - ნაკლებად. ადამიანები ყოველ წუთას ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ხშირად - თავისუფალი ნებით. ჩვენი პრობლემაც ამას უკავშირდება, ამიტომ ვერ გახდება ვერასდროს სამყარო სამოთხე, ჩვენ ყველას ჩენი თავისუფალი ნება გვაქვს, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს, ძლიერი სურვილი კი ხშირ შემთხვევებში გადაწონის ხოლმე ძლიერ ნებისყოფას.
მოდით, ჩვენი წინაპრები - ადამი და ევა გავიხსენოთ. ისინი ღმერთმა დაუმორჩილებლობის გამო დასაჯა, გამოაძევა სამოთხიდან, რა წამსაც მათ შეიცნეს კეთილი და ბოროტი. ამ დროს ადამიანი მოაზროვნე გახდა, ამ შემთხვევამდე ემორჩილებოდნენ ღმერთს და მათი ცხოვრებაც ერთი ლამაზი ერთფეროვნება იყო, ამის შემდეგ დამოუკიდებლად მოუწიათ საკუთარი ცხოვრების წარმართვა, რამაც გარკვეულწილად აზროვნების განვითარება გამოიწვია. ადამისა და ევას თავისუფალი ნება თანდაყოლილია, მათ რომ ეს ბუნებით არ ჰქონოდათ ვერ გააკეთებდნენ არჩევანს და ვერ გასინჯავდნენ აკრძალული ხის ნაყოფს. ჰეგელი ამბობს, რომ ედემის ბაღი არის ადგილი, სადაც მხოლოდ ცხოველებს შეუძლიათ ცხოვრება. ამგვარად, ადამიანის ადგილი არ არის სამოთხეში, რადგან შეუძლებელია თავისუფალი ნების არსებობა ამ უკანასკნელში.

როგორ უნდა მოვიქცეთ? სამყაროს გაუმჯობესების მიზნით უარი უნდა ვთქვათ თავისუფალი ნების გამოხატვაზე? რასაკვირველია, თავი უნდა ავარიდოთ რადიკალურ ქმედებებს, როგორიცაა მკვლელობა, ან ძალადობა, მაგრამ მთლიანად უარყოფა თავისუფალი ნების და დისტანცირება მისგან ადამიანობის მნიშვნელოვან ნაწილს გვართმევს. თავისუფალი ნება ერთგვარი გამოხატულებაა საკუთარი თავის ფლობის, ამ დროს აანალიზებს თითოეული ჩვენგანი, რომ თვითონ განაგებს საკუთარ ცხოვრებას, სურვილებსა და ქმედებებს. და მაინც, რატომ მოგვანიჭა ღმერთმა თავისუფალი ნება, თუ წინასწარ იცოდა რა გადაწყვეტილებას მივიღებდით და როგორ გამოვიყენებდით მას? აქ სადღაა თავისუფალი არჩევანის ადგილი?

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.