ბუნებითი სამართალი არის სამართლებრივი სისტემა, რომლის მიხედვითაც, სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი ფუნქცია. სამყაროში არსებული ნებისმიერი რამ, იქნება ეს ნივთი თუ ქმედება, არის კარგი, თუ ასრულებს თავის ფუნქციას. მაგალითად, კალამი არის კარგი, თუ კარგად წერს, თვალი არის კარგი, თუ კარგად ხედავს. საინტერესოა, ბუნებითი სამართლის მიხედვით, რა შემთხვევაში იქნება სექსუალური აქტი კარგი?
თომა აკვინელი, ადამიანი, რომელმაც განავითარა ბუნებითი სამართლის ძველი ბერძნული კონცეფცია, მიიჩნევდა, რომ არსებობს გარკვეული ქცევის წესები, რომელთა მორჩილებაც ყველა ადამიანის უმთავრესი მოვალეობაა, ეს წესები კი შეესაბამება ბუნებით სამართალს. ერთ-ერთ ასეთ წესად და ადამიანის ფუნქციად აკვინელი ასახელებს გამრავლებას. ანუ, ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსებისთვის სექსუალურ აქტს გააჩნია ერთადერთი ფუნქცია - გამრავლება. აქედან გამომდინარე, მარტივი მისახვედრია, რომ კონტრაცეფცია არღვევს ბუნებით კანონს, რადგან ის არ შეეთავსება ადამიანს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას და სქესობრივი აქტის ბუნებრივ მიზანს - გამრავლებას. ანუ, სექსუალურ აქტს ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსები მიიჩნევენ მორალურად გამართლებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამრავლების ფუნქციასთან შეთავსებადია, ხოლო მორალურად გაუმართლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამ შედეგის დადგომას შეუძლებელს ხდის.
როგორც ვიცით, სექსუალურ აქტს სხვადასხვა კულტურასა თუ რელიგიაში განსხვავებულად აღიქვამენ, ამიტომ, ჩნდება კითხვა: ერგება ბუნებითი სამართლის ეს პრინციპი ყველა საზოგადოებას? ამ საკითხზე ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსები ფიქრობენ, რომ კულტურასა და რელიგიას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არსებობს სექსუალური აქტის მორალურობის დასადგენი კრიტერიუმი: თუ სექსუალური აქტის შედეგი იქნება რეპროდუქცია, მაშინ ის მორალურად გამართლებულია, სხვა შემთხვევაში კი გაუმართლებელი.
ერთი შეხედვით, თითქოს ყველანაირი ქმედება, რომელიც არ იწვევს, ან ხელს უშლის ბუნებრივი შედეგის დადგომას მორალურად გაუმართლებელია, თუმცა ეს ასე არ არის. არსებობს ქმედებები, რომლის დროსაც ბუნებრივი ფუნქცია არ ხორციელდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ქმედება ამორალურია. მაგალითად, არის ადამიანი ბობი, რომელსაც ოპერაციის შემდგომ, გარკვეული პერიოდი უწევს საკვების ინექციის სახით მიღება. გამოდის, რომ ამ დროს პირი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, თუმცა უცნაურია იმის თქმა, რომ ეს ქმედება მორალურად გაუმართლებელია. ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ მართლაც, ეს ქმედება ბუნებრივი შედეგის დადგომას არ ეწინაამღდეგება, მაგრამ თუ ბობი სამუდამოდ უარს იტყვის პირის, როგორც საკუთარი ფუნქციის შემსრულებლის გამოყენებაზე, მაშინ უკვე ნამდვილად ჩაითვლება, რომ ამ ორგანოების ბუნებრივი ფუნქცია არ მიიღწა. თუმცა, საინტერესოა, კონტრაცეპტივის ერთჯერადად გამოყენებაზეც რატომ არ შეიძლება ასე მსჯელობა? შეიძლება ადამიანი სამუდამოდ არ ამბობს უარს გამრავლებაზე, ისევე, როგორც ბობი არ აპირებს საკვების მუდმივად ინექციის მიღებას. ჩათვლიან ბუნებითი სამართლის თეორეტიკოსები დროებით კონტრაცეფციას მორალურად გამართლებულ ქმედებად?
საინტერესოა, რომ ბუნებითი სამართლის მიხედვით კონტრაცეპტივის გამოყენება მორალურად გაუმართლებელია, სექსუალური კავშირი ორსულ ქალთან კი - არა, მიუხედავად იმისა, რომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ შედეგად სექსუალური აქტის მთავარ მიზანს - გამრავლებას. ამის მიზეზი არის ის, რომ კონტრაცეპტივის გამოყენებისას, ქმედების მიზანი არის ის, რომ ბუნებრივი შედეგი არ დადგეს. ორსულ ქალთან სექსუალური ურთიერთობისას კი არსებობს ცოდნა იმისა, რომ შედეგი არ დადგება, თუმცა ქმედებას მაინც ვახორციელებთ. ამ ორ შემთხვევას ბუნებითი სამართალი სხვადასხვანაირად უყურებს.
თომა აკვინელის მიხედვით, რეპროდუქცია მორალურად გამართლებული, ბუნებრივი მოვლენაა. ნებისმიერი სექსუალური კავშირი, რომლის შედეგიც, რეალურად ან პოტენციურად, არ იქნება რეპროდუქცია, არის მორალურად გაუმართლებელი. სწორედ ამიტომ, კონტრაცეპტივის გამოყენება, გამონაკლისის გარეშე არის ამორალური ქმედება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანს უკვე განზრახული აქვს ბუნებრივი შედეგის დადგომის თავიდან აცილება.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.