ბლოგის ფოტო- "Cicero at His Villa at Tusculum" by Joseph Mallord William Turner
წინა ბლოგის დასასრულს აღვნიშნე, რომ ციცერონი თავისი იდეებით ეპოქას უსწრებდა. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ბუნებით სამართალსა და კანონებზე მსჯელობდა, არამედ მაშინაც, როცა თავის ნაშრომებში სახელმწიფოს არსს აყალიბებდა.
სახელმწიფოს შესახებ ციცერონის მოძღვრებას საფუძვლად უდევს პლატონის, არისტოტელეს პოლიბიოსისა და სტოელების თეორიული მოსაზრებანი. მან აგრეთვე შემოიტანა ბერძენ ფილოსოფოსთათვის ჯერ კიდევ უცნობი იურიდიული დებულებები, მაგალითად, მოქალაქენი, როგორც სამართლის სუბიექტები და სახელმწიფო, როგორც ურთიერთობის სუბიექტი. ციცერონი სახელმწიფოს განმარტავს როგორც ხალხის საქმეს, მაგრამ „ხალხად“ მას ადამიანთა ყოველგვარი ერთობა არ მიაჩნია. ხალხი, მისი აზრით, წარმოადგენს ადამიანთა ისეთ გაერთიანებებს, რომელიც დაფუძნებულია სამართლის ერთობასა და საერთო სარგებლიანობაზე. „სახელმწიფო ხალხის ხვედრია, ხოლო ხალხი ადამიანთა ნებისმიერი გაერთიანება კი არ არის, არამედ ისეთთა ერთიანობაა, რომელთაც თავი მოუყრიათ სამართლის ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად და, რომელთაც გააჩნიათ საერთო ინტერესები. ასეთი გაერთიანებების მიზეზი მათი სისუსტეები კი არ არის, არამედ ბუნებრივი მისწრაფება ერთად ცხოვრებისკენ.“ თუ ისტორიულ წყაროებს ვენდობით, ეს სიტყვები ციცერონს ეკუთვნის. როგორც ზემოთ ვახსენე, ციცერონისთვის სახელმწიფო ადამიანთა საქმეა, რომელთა გაერთიანებები სამყაროსთვის კანონზომიერ და ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს.
ციცერონის აზრით, სახელმწიფო დაფუძნებულია სამართლიანობაზე. ის ემხრობოდა სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობით განსაზღვრული კონსტიტუციური წყობა ნებისმიერი სოციალური ჯგუფის უფლებებს აღიარებდა და სადაც, ტრადიციისამებრ, წამყვანი როლი სენატს მიეკუთვნებოდა. იგი არ ეთანხმება და აკრიტიკებს მათ, ვინც აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ემყარება ძალმომრეობას. ციცერონი მიუთითებს, რომ თუ ხელისუფლება ეფუძნება ძალადობასა და თვითნებობას, მაშინ ასეთ შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო. ნათელია, რომ ერთპიროვნული ძალაუფლების მიუღებლობა ციცერონის იდეოლოგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იგ უარყოფს სახელმწიფოს წარმოშობის ხელშეკრულების თეორიასაც. სახელმწიფოს წარმოშობის საკითხში ემხრობა არისტოტელეს, ამ უკანასკნელის აზრით კი, სახელმწიფო არის შედეგი იმისა, რომ ადამიანებს ერთად ცხოვრებისა და ურთიერთობის ჩვევა აქვთ. ციცერონის აზრით, ყველა სახელმწიფოს დანიშნულებაა მოქალაქეთა ქონებრივი ინტერესების დაცვა, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების უპირველესი დანიშნულება პირადი საკუთრების დაცვაა.ამ მხრივ საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ფილოსოფოსები საკუთრების საკითხს სახელმწიფოს მოწყობის თვალსაზრისით გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაც თანამედროვე თვალისთვის შესამჩნევია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ციცერონი ძველ ბერძნულ პოლიტიკურ ტრაქტატებს იშველიებს და მათში გავრცელებული სხვადასხვა ფორმებიდან, სამ ყველაზე მნიშვნელოვან ფორმას გამოყოფს: სამეფო ხელისუფლებას, არისტოკრატიას და დემოკრატიას. ციცერონი კითხვაზე-თუ რომელია სახელმწიფო მოწყობის საუკეთესო ფორმა, ალბათ ასე გვიპასუხებდა- არა რომელიმე ერთი მათგანი, არამედ სამივეს კომბინაცია ერთ პოლიტიკურ სხეულში. აქვე უნდა ითქვას, რომ ციცერონის მტკიცებით, იდეალური სახელმწიფოს მმართველობის მისაღწევად, რომაელებს უნდა აღედგინათ რესპუბლიკის ძველი, სრულყოფილი მოდელი. მისი ამ მოსაზრებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ციცერონს მოსწონს რესპუბლიკის პოლიტიკური წყობა, თუმცა იგი მომხრეა რომაელებმა ისწრაფონ გაუმჯობესებული, უფრო სროლყოფილი სახელმწიფოს ფორმის დაბრუნებისკენ. მოაზროვნის შეხედულებები სახელმწიფოზე მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომშია გადმოცემული („რესპუბლიკის შესახებ“). იგი ამტკიცებს, რომ „სამართლიანი სახელმწიფოს არსებობისთვის მხოლოდ კანონების არსებობა საკმარისი არაა. ასევე უნდა არსებობდეს თავისუფლება. თუმცა, თუ ეს თავისუფლება ყველა მოქალაქისთვის თანაბარი არაა, ეს საერთოდ არაა თავისუფლება.“ ციცერონისთვის არ არსებობს თავისუფლება, თუ ხალხს არ აქვს უზენაესი ძალაუფლება სახელმწიფო მთავრობაში. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ციცერონის შეხედულებების გაანალიზების შემდეგ მიჩნდება განცდა, რომ იგი უპირობოდ წარმოადგენს ანტიკური და არა მხოლოდ უძველესი ეპოქის უდიდეს მოაზროვნეს. მისი იდეები დროს უძლებს და შეიძლება ითქვას, რომ ციცერონის ნაშრომები ანტიკური ხანისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.