სახელმწიფოს არსი და მისი როლი საზოგადოების ცხოვრებაში საუკუნეების განმავლობაში მუდმივი განსჯის საგანია. შესაბამისად, დღემდე არსებობს მისი ცნების მრავალგვარი განმარტება. მათ შორის არის იდეალისტური, ფუნქციონალური, ორგანიზაციული, ტერიტორიული და სხვ. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარია, რას ნიშნავს/როგორია საუკეთესო სახელმწიფო, რომელსაც ინდივიდთა ცხოვრებაში უდიდესი როლი უკავია. არისტოტელეს “პოლიტიკაში” საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა სახელმწიფო მმართველობის სახეებს, რის შემდგომაც იგი ყველაზე უკეთესს სახელმწიფოზე საუბრობს.
თავდაპირველად, არისტოტელე საუბარს იწყებს სახელმწიფოთა მრავალფეროვნების მიზეზებზე, სადაც ასახელებს საზოგადოების ფენებს, რომელშიც შედიან მდიდრები, ღარიბები, საშუალო ფენა, მიწათმოქმედები, ვაჭრები და დაქირავებული მუშები. სახელმწიფოთა მრავალფეროვნების მთავარ კრიტერიუმად კი მის ნაწილებს, ანუ საზოგადოებას მიიჩნევს.
არისტოტელე ამბობს, რომ ზოგადად, არსებობს სახელმწიფოთა მხოლოდ ორი სახე. ეს არის დემოკრატია და ოლიგარქია, ყველა დანარჩენი კი მათგან გადახრას წარმოადგენს. მაგალითად, არისტოკრატია ოლიგარქიის ერთ-ერთი სახეს (გადახრაა).
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე. არისტოტელე თვლის, რომ ოლიგარქია ძირითადად კონცენტრირდება მდიდარ საზოგადოებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ უგულებელყოფს ღარიბებს, რომლებიც რეალურად უმრავლესობას წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ისინი სახელმწიფოს მმართველობაში არ მონაწილეობენ. ეს რეალურად პრობლემაა, რადგან უპირატესობა ენიჭება სოციუმის მხოლოდ 1 ნაწილს და ისინი გვევლინებიან მთავარ მმართველ ღერძად, რითაც ჩნდება რისკი იმისა, რომ არც ერთ სახელმწიფოებრივ ქმედებაში გათვალისიწნებული არ იქნება საზოგადოების არამდიდარი ჯგუფი, მაშინ როცა ინდივიდთა ცხოვრება მეტწილად სახელმწიფოზე და მის მოქმედებაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება დემოკრატიას, არისტოტელეს აზრით, დემოკრატიას რამდენიმე სახე გააჩნია. პირველ შემთხვევაში ის ქადაგებს თანასწორობას და იზიარებს ამ პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციუმის არც ერთ ჯგუფს არ ანიჭებს უპირატესობასა და პრივილეგიებს. შესაბამისად, რეალურია, რომ დემოკრატიის ამ ფორმას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავდა/ჰყავს, რადგან ადამიანები სახელმწიფოს სრულფასოვან წევრებად აღიქვავენ თავს. შემდეგ არსებობს სხვა სახეებიც, რომელთაგან ზოგში უბრალოდ ქონების ქონას ენიჭება დიდი მნიშვნელობა, ზოგიერთში მთავარია მოქალაქეობა, რომელიც “ეჭვს არ უნდა ბადებდეს”, ხოლო ზოგი უბრალოდ უმრავლესობის გადაწყვეტილებას თვლის ჭეშმარიტად, რაც დღეისათვის საკმაოდ საკამათოა, რადგან ხშირად უმრავლესობის აზრი შეიძლება საერთოდ არ იყოს “სწორი” და მან პრობლემები შეუქმნას სხვათა/უმრცირესობების არჩევანის თავისუფლებას.
სახელმწიფოს ამ ორი სახის განხილვის შემდეგ არისტოტელე აყალიბებს თავს აზრს საუკეთესო სახელმწიფოსა და მასში ინდივიდთა ყველაზე უკეთესს ცხოვრებაზე. იგი ამბობს, რომ მაშინ გვაქვს საუკეთესო ცხოვრებასთან საქმე, როცა ის ხელმისაწვდომია მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ანუ საშუალო ფენისათვის. იგი ამით ხაზს უსვამს შუალედური მდგომარეობის სისწორეს და უპირატესობას. არისტოტელე თვლის, რომ “ძნელია დაეთანხმო ძალიან კარგს, ძალიან ძლიერს, ძალიან კეთილშობილს და ამათ მოპირდაპირეს ძალიან ღარიბს, ძალიან სუსტს, ძალიან დამცირებულს. პირველნი ხდებიან უფრო მეტად თავხედები და უზნეონი, მეორენი კი ბოროტმოქმედნი და წვრილმანი უზნეონი… ორივე ეს ნიშანი საზიანოა სახელმწიფოსთვის.” ამას გარდა ამ ორი ჯგუფის უარყოფით თვისებად არისტოტელე მოიაზრებს იმას, რომ ერთი მათგანი მიუჩვეველია მორჩილებას, მეორე კი პირიქით მუდმივად მორჩილებს და არ შეუძლია იყოს კარგი ხელმძღვანელი. შესაბამისად, არისტოტელე შუალედურ მდგომარეობას, საშუალო კლასს ანიჭებს უპირატესობას და თვლის, რომ ეს არის სახელმწიფოს საუკეთესო ვარიანტი, სადაც მთავარ როლს თამაშობენ ის პირები, რომელთაც “არც სხვების ავლა-დიდება სურთ, როგორც ღარიბებს და არც სხვებს სურთ მათგან რაიმე, როგორც მდიდრებს.”
არისტოტელეს ამ მოსაზრების უკეთ გასაგებად, შეგვიძლია შევეხოთ მის სათნოების ეთიკას, სადაც ისევ და ისევ შუალედზე და მის სიკეთეებზე საუბრობს. იგი სათნოების ეთიკიდან თავდაპირველად, ახსენებს სიჭარბის და დეფიციტის ნაკლოვანებებს, რომლის იდეაც არის, რომ დავიცვათ ზომიერება. ამის ასახსნელად გამოყოფს სიმამაცეს/გამბედაობას, რომელსაც აყენებს სიმხდალის ნაკლებობასა და წინდაუხედავობის სიჭარბეს შორის და ცხოვრებისეული მაგალითებით ამტკიცებს, რომ რეალურად, სწორედ ის არის გამბედავი ქმედება, რომელიც ოქროს შუალედს იჭერს სიმხდალესა და უგუნურებას შორის. ამ შემთხვევაში კი, სიმხდალე წარმოადგენს სიმამაცის დეფიციტს, ხოლო უგუნურება ზედმეტ გამბედაობას. აქედან გამომდინარე, არისტოტელე სათნოებით გვეუბნება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია ოქროს შუალედის განსაზღვრა და მის შესაბამისად მოქცევა.
ასეა საუკეთესო სახელმწიფოს შემთხვევაშიც, არისტოტელე “ოქროს შუალედად” მიიჩნევს საშუალო კლასს, რომელსაც ანდობს მმართველობას და თვლის, რომ სწორედ ეს არის საუკეთესო სახელმწიფო და საუკეთესო ცხოვრება ინდივიდებს შორის.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.