თანამედროვეობაში სახელმწიფო ხელისუფლება თავისი არსით, როგორც წესი, გამომდინარეობს მის მიერ მართული ხალხისგან, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. იმისთვის, რომ საზოგადოების ყოველმა წევრმა შევძლოთ თავისუფლების მაქსიმალურად შენარჩუნება ერთმანეთის უფლებრივ სფეროში ჩარევის გარეშე, საჭიროა, სახელმწიფოს, როგორც ძლიერი და ძალაუფლების მქონე სუბიექტის, არსებობა, რათა მისი მხრიდან მოხდეს რეგულირება და შესაბამისი ზომების მიღება ინდივიდუალური სიკეთეებისა და უფლებების დასაცავად. ეს ასევე ცნობილი კონცეფციიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სოციალური კონტრაქტის თეორიიდან, რომელზეც სხვებთან ერთად ცნობილმა ფილოსოფოსებმა ჯონ ლოკიმ და თომას ჰობსმა იმსჯელეს. თეორიის ზოგადი განმარტების მიხედვით, სოციუმში მცხოვრებმა ადამიანებმა უფლებების გარკვეული ნაწილი გადასცეს სახელმწიფოს და ამით თავი დაუქვემდებარეს მას, რათა სახელმწიფოს უზრუნველეყო დანარჩენი უფლებების დაცვა, წესრიგი და საზოგადოებრივი კეთილდღეობა. ეს მოიცავს საჭირო კანონმდებლობის შემუშავებასა და მის რეალიზაციას, აღსრულებას. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზოგჯერ სახელმწიფო თავისი პოლიტიკით, პრაქტიკითა თუ კანონმდებლობით ზღუდავს ადამიანის თავისუფლების ისეთ სფეროებს, რომლებიც მესამე პირებს არ უკავშირდება, უფრო ზუსტად კი, აღნიშნული თავისუფლების სარგებლობით შეუძლებელია, სხვისი უფლებები იყოს ხელყოფილი.
პატერნალიზმი არის სახელმწიფოს ან ინდივიდის მიერ ადამიანის თავისუფლებასა და ავტონომიაში ჩარევა იმ მოტივით, რომ ამით იგი სიკეთეს უკეთებს მას, მაგალითად, საფრთხისგან იცავს და ხშირად იძულებით ხასიათს ატარებს. დღესდღეობით პატერნალიზმი განსაკუთრებით აქტუალურია. იგი ვლინდება, მაგალითად, ფსიქოტროპული, ნარკოტიკული საშუალებების (მაგ: მარიხუანის) ან გარკვეული პრეპარეტების ყიდვა-გაყიდვის (მოყვანა-წარმოებისა და ტარება-მოხმარების) კონტროლში, ასევე ავტომობილის მართვისას ღვედის გაკეთებისა და მოტოციკლის მძღოლებისთვის ჩაფხუტის ტარების სავალდებულოობაში; ამის გარდა, თვითმკვლელობის მცდელობის საკითხშიც: უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო ამ შემთხვევაში და უნდა ეცადოს თუ არა, რომ შეაჩეროს ადამიანი შესაბამისი ზომების მიღებით და სხვა.
როგორც უკვე ვახსენე, თვითონ სახელმწიფოს არსებობაც დაკავშირებულია მის ვალდებულებასთან, რომ უზრუნველყოს ინდივიდუალური უფლებების დაცვა და საზოგადოებრივი კეთილდღეობა. ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა წარმოადგენდეს თავისუფლებაში ყოველნაირი ჩარევის საფუძველს, ხოლო პატერნალისტული ხასიათის მქონე შეზღუდვები კი ამ შემთხვევაში გამოდის უსაფუძვლო (გარდა არასრულწლოვანების მიმართ), რადგან არ ემსახურება არც სხვათა და არც საჯარო ინტერესების დაცვას, ვინაიდან პატერნალისტური სახელმწიფო თითქოს საკუთარ სუბიექტურ მსოფლმხედველობას თავს ახვევს ინდივიდს და თვითონ უსაზღვრავს, თუ რა არის სწორი, უკეთესი მისთვის და რა — არა, რაც, მართალია, შეიძლება მოცემული საზოგადოების უმრავლესობის მიერ იყოს ფორმირებული დემოკრატიიდან გამომდინარე, მაგრამ ადამიანს უნდა შეეძლოს, თავად განსაზღვროს აღნიშნული და ეძიოს პირად ბედნიერებას, თუ ამ პროცესს სხვებზე უარყოფითი გავლენა არ გააჩნია. შესაბამისად, პატერნალიზმი ზღუდავს პირის პირადი ცხოვრებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებებს, რაც ყოვლად გაუმართლებელია. თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს უფლება, ისე წარმართოს ცხოვრება, როგორც მოესურვება, რა თქმა უნდა, თუ ამით არ შევიჭრებით ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული შეზღუდვის საფუძვლების არეში.
სწორედ აქედან გამომდინარე, ჩემ მიერ მაგალითებად მოყვანილი რამდენიმე პატერნალისტური შეზღუდვა შეგვიძლია იმ მხრივ გავამტყუნოთ, რომ, როგორც წესი, სრულწლოვანი ადამიანი არის რაციონალური, ავტონომიური სუბიექტი, რომელსაც თავად, დამოუკიდებლად შეუძლია გააკეთოს მისთვის საუკეთესო არჩევანი. ზუსტად აღნიშნული ფაქტია იმის განმაპირობებელი, რომ 18 წლის ასაკიდან გვეძლევა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ეს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან განათლების ხარისხისა და ცნობიერების ამაღლებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, ანუ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულებას. გარდა ამისა, პატერნალიზმის დასახელებულ შემთხვევებში მიღებული გადაწყვეტილებები უშუალოდ თავად მის მიმღებს ეხება და არა — სხვას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის ფაქტი ვამტკიცოთ და ამ მხრივ პატერნალიზმი გავაკრიტიკოთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.