საუკეთესო სახელმწიფოს მოდელსა და ცხოვრების საუკეთესო სახეს, როგორც ადამიანთა უმრავლესობისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, არისტოტელე განიხილავს თავის „პოლიტიკაში“. მის თანახმად, ეს არაა ისეთი ცხოვრება, მმართველობის ფორმა თუ კანონები, რომელსაც მოქალაქეთა სურვილით ირჩევენ, არამედ ისეთი ცხოვრების წესი, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომია მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რომელიც მისაღებია სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის.
დავუშვათ, „ეთიკებში“ სწორადაა იმაზე მინიშნება, რომ ბედნიერ ცხოვრებას ზნეობაზე დამყარებული ცხოვრება განსაზღვრავს, რომელიც თავისუფალია დაბრკოლებებისგან. თავის მხრივ, თუკი ზნეობა შუალედია, შედეგად ვიღებთ, რომ საუკეთესო ცხოვრება სწორედ შუალედური ცხოვრებაა, რომელიც ყველა ადამიანის მიერ მიღწევადია. რადგან პოლიტეა იგივეა, რაც სახელმწიფო ცხოვრება, სახელმწიფოებრივ მორალსა თუ მანკიერებასაც იგივე განსაზღვრება ექნება, როგორც არისტოტელე მსჯელობს.
თუკი ჩვენც ფილოსოფოსის მიდგომას გავიზიარებთ და სახელმწიფოს სამ ნაწილად დავყოფთ, რომელიც ძალიან მდიდრებისგან, ძალიან ღარიბებისა და შუალედურ მდგომარეობაში მყოფთაგან შედგება, ლოგიკური და გონებრივი იქნება, ჩვენც დავეთანხმოთ იმ თვალსაზრისს, რომ შუალედი საუკეთესო მდგომარეობაა ზომიერებასთან ერთად. ძალიან მდიდრები ცხოვრების წესსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, მეტად უზნეონი და თავხედები არიან, ძალიან ღარიბები კი ხშირად ბოროტმოქმედები ხდებიან, რადგან სისუსტის დასაძლევად თუნდაც წვრილმანი უზნეობა კარგი გზა და საშუალებაა მათთვის. გარდა ამისა, რადგან ძალიან ძლიერებს, შესაბამისად, გავლენა და ძალაუფლება აქვთ, ისინი უპირისპირდებიან, არ ემორჩილებიან სახელმწიფო ხელმძღვანელობას და ხშირად აჭარბებენ საკუთარ ძალაუფლებასაც. რაც შეეხება ძალიან ღარიბებს, პირიქით, ისინი ბავშვობიდან მორჩილებას არიან მიჩვეულნი, დამცირებულები არიან, მათ მხოლოდ მონური მორჩილება ახასიათებთ, ხელმძღვანელობასა და მის მიღწევის საშუალებებზე კი წარმოდგენა არ აქვთ. ყველა ეს ნიშანი, უზნეობა, ბოროტმოქმედება, ძალაუფლების გადაჭარბება თუ მონური მორჩილება დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის და სწორედ ასე იქმნება მონებისა და ბატონების სახელმწიფო, როგორც არისტოტელე უწოდებს, რომელიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივ ურთიერთობებს ძირს უთხრის.
კარგ სახელმწიფოს, რომლისთვისაც დამახასიათებელი და არსებითი კარგი ცხოვრებაა, სურს, შედგებოდეს მნიშვნელოვან წილად თანასწორი მოქალაქეებისგან. ასე ყალიბდება სახელმწიფოს ბუნებრივი შედგენილობის სიმყარე, რომელსაც უმეტესად საშუალო მდგომარეობაში მყოფნი იცავენ. საშუალო კლასის მშვიდ ცხოვრებას ის განაპირობებს, რომ არც ის ითხოვს სხვისგან რამეს, როგორც ღარიბი, და არც მისგან ითხოვს სხვა რაიმეს, როგორც მდიდარისგან. საუკეთესო პოლიტიკურ წეს-წყობილებას ქმნის მდგომარეობა, როცა მოქალაქეებს საშუალო, თუმცა საკმარისი ქონება აქვთ. ზემოხსნებულ მაგალითში, ანუ სახელმწიფოში, რომელიც მხოლოდ ორი რადიკალურად განსხვავებული სოციალური ფენისგან შედგება, მსგავსი ჰარმონია არ მიიღწევა და მისგან ან უკიდურესი დემოკრატია, ან საერთოდ ტირანია წარმოიშობა.
გარდა ამისა, სახელმწიფოს საშუალო ფორმისთვის უცხოა აჯანყებები, განსხვავებით მცირე ზომის რადიკალური ფენებისგან შემდგარი სახელმწიფოსგან, რომელშიც ორი მოწინააღმდეგე კლასი ისე ძლიერდება, რომ მესამეს არსებობის ადგილიც კი აღარ რჩება. ანუ მდიდარ ხალხსა და ღარიბ ფენას შორის წარმოიშობა ომები, რომელშიც რომელმა მხარემაც არ უნდა გაიმარჯვოს, ვერ იქმნება მთლიანი და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ცხადია, თუ რატომაა საუკეთესო სახელმწიფო მოწყობის ფორმა საშუალო სახელმწიფო. მისთვის დამახასიათებელია თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული საზოგადოება, რომელიც საკუთარ პირად ინტერესსა და მოტივს უკანა პლანზე აყენებს. ასეთი სახელმწიფოსთვის უცხოა რადიკალური დაპირისპირებები და სათევში მოხვედრის სურვილით ან თუნდაც, პირიქით, მონური მორჩილების სულით გამსჭვალული სოციუმი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.