ENG GEO

Search form

საზოგადოებრივი სიკეთეების გადანაწილება ლიბერალური ეგალიტარიზმის მიხედვით

ლიბერალური ეგალიტარიზმი ჯონ როულსის სამართლიანობის თეორიის საფუძველზე წარმოშობილი მოძღვრებაა.  ლიბერალური ეგალიტარიზმის მოძღვრებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია თანასწორობა, პიროვნული თავისუფლება და ამ თავისუფლების საფუძველზე წარმოშობილი პასუხისმგებლობა. მოძღვრების თანახმად, ადამიანები სწორედ პირადი თავისუფლების ფარგლებში და მსგავსი და თანასწორი შესაძლებლობების საფუძველზე არიან პასუხისმგებელნი საკუთარ ქმედებებზე. ეგალიტარიზმის თეორია ქადაგებს თანასწორობას ადამიანთა შორის, რაც თავის თავში  მოიაზრებს სიკეთეთა თანაბარ და სამართლიან გადანაწილებას. მკაცრი ეგალიტარიზმისგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც არ არსებობს რაიმე სამართლიანი არგუმენტი ადამიანთა უთანასწორობის დასაშვებად, ლიბერალური ეგალიტარიზმის მიხედვით, სწორედ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ყველა ადამიანმა როგორც სიკეთე, ისე პასუხისმგებლობა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების საფუძველზე და აქედან გამომდინარე, გადანაწილების დროს შესაძლებელია, რომ ადგილი ჰქონდეს უთანასწორობას.

ლიბერალური ეგალიტარისტების გამოყოფენ ადამიანთა ქმედებების შეფასების ორ კრიტერიუმს- ძალისხმევა, რომელსაც ისინი ქმედების განხორციელებისას იჩენენ და რომელზეც მათ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროთ და ნიჭი, რომელიც პიროვნებისაგან დამოუკიდებელია და შესაბამისად, ის არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ადამიანის მიერ მიღებული პასუხისმგებლობისა და სიკეთისა. აქედან გამომდინარე, ადამიანის მიერ მიღებული მოგება და პასუხისმგებლობა პროპორციული უნდა იყოს მხოლოდ ძალისხმევისა და მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული ადამიანის უნარი.

უფრო ზუსტად, როგორ ანაწილებს ლიბერალური ეგალიტარიზმი საზოგადოებრივ სიკეთეს?

წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი, რომელთაგან ერთის ზღვრული ეფექტიანობა არის 75%, ხოლო მეორის-55%, თუმცა ორივე მათგანი მუშაობს თანაბარი რაოდენობით და თანაბარი ძალისხმევის  გაწევით. აქედან გამომდინარე, ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში ერთი მათგანი აწარმოებს რაღაც სიკეთის 75 ერთეულს, მეორე-50ს, თუმცა ეგალიტარიზმის მოთხოვნით, მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პიროვნებათა მუშაობის უნარი და საერთო მოგება უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენი ძალისხმევა გასწია. აქედან გამომდინარე, თითოეულმა მათგანმა უნდა მიიღოს რაღაც სიკეთის 65 ერთეული.

ახლა განვიხილოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანს შეუძლია აწარმოოს 10 ერთეული, მეორეს კი-50.  დავუშვათ, პირველი 3-ჯერ  მეტ ძალისხმევას გასწევს, ვიდრე მეორე და აწარმოებს 30 ერთეულს, მეორე-50ს. ძალისხმევის პროპორციულად, პირველმა ადამიანმა უნდა მიიღოს სრული მოგების 3 წილი, ანუ 60 ერთეული, მიუხედავად იმისა, რომ მან აწარმოა მხოლოდ 30 ერთეული. თუმცა, საიდან უნდა მოხდეს მისთვის იმის მინიჭება, რაც რეალურად მას არ უწარმოებია?

ლიბერალური ეგალიტარიზმის მთავარ პარადოქსს სწორედ აქ ვხვდებით.ამგვარი სისტემით იმ ინდივიდებს, რომლებმაც, თუმცა თანაბრად იშრომეს, მაგრამ იგივე შედეგისთვის არ მიუღწევიათ, მაინც თანაბარი მოგება უნდა ხვდეთ წილად, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს მოგება ვერ შექმნეს. თუ ჩვენ გადავწყვტთ, რომ საზოგადოებრივი სიკეთე გავანაწილოთ იმის მიხედვით, თუ ვინ რა ძალისხმევას გასწევს ამ სიკეთის წარმოებისთვის, მაშინ ჩვენ დავდგებით დეფიციტის წინაშე. ამ დეფიციტის აღმოფხვრის გზას კი ლიბერალური ეგალიტარიზმი არ ითვალისწინებს, რადგან ამ მოძღვრების განხორციელების ლიბერალური მოთხოვნა არის ის, რომ არავინ უნდა იქნას იძულებული, იმუშაოს, შესაბამისად, ვერ ვაიძულებთ ადამიანებს გასწიონ იმდენი ძალისხმევა, რომ გამოიმუშაონ ის მოგება, რაც მას უნდა მივცეთ.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ შეუძლებელია საზოგადოებრივი სიკეთის ისე განაწილება, რომ მან დააკმაყოფილოს როგორც მინიმალური ეგალიტარისტური მოთხოვნა, ასევე მინიმალური ლიბერალური მოთხოვნა.  ლიბერალურ ეგალიტარიზმში არის კონფლიქტი სწორედ იმ ორ იდეოლოგიას შორის, რომელსაც ის აერთიანებს.

 

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.