დემოკრატიულ მმართველობაში უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობაა. დემოკრატიაში სუვერენული ხელისუფლების მქონე ხალხი თვითონ უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რისი გაკეთებაც მას კარგად შეუძლია, ხოლო იმას, რისი გაკეთებაც მის შესაძლებლობას აღემატება, თავისი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით უნდა ახორციელებდეს. დემოკრატიული მმართველობის ძირითადი მაქსიმა ისაა, რომ ხალხი თანამდებობის პირებს თავად უნდა ასახელებდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობა და თავისუფლებაა, ამ ყველაფერს კი კანონებით ახორციელებს ეს მმართველობის ფორმა. კანონები კი რას ემსახურებიან? ერთი მხრივ, თუ ისინი გვაძლევენ თავისუფლებას, მეორე მხრივ, მას გვიზღუდავენ. მაგალითად, კანონში გვიწერია არ მოკლა ადამიანი გარდა აუცილებელი პირობისა. ეს კანონი როგორც სხვისი თავისუფლების და სიცოცხლის დაცვას ემსახურება, ასევე ზღუდავს ხალხის რაღაც ნაწილის უფლებებსაც. თავისუფლება ნიშნავს ადამიანის შესაძლებლობას იმოქმედოს თავისი ნების შესაბამისად, ისე რომ არ ავნოს სხვებსა და საკუთარ თავს და არ შეზღუდოს სხვათა თავისუფლება.
Მაგრამ, ერთი მხრივ, დემოკრატია ადამიანებს ანიჭებს თავისუფლებას, ასევე დემოკრატია არის შემზღუდველი, რადგან როდესაც იწყება სხვათა უფლებები, იქ მთავრდება შენი უფლებაც. ეს გულისხმობს, რომ ადამიანს, ინდივიდს არ შეუძლია საკუთარი ნებისა და სურვილის მიხედვით მოიქცეს. არსებობს გარკვეული ჩარჩოები, რომლის შიგნითაც მოქცეულია თითოეული ადამიანი. ეს ჩარჩოები კი კანონებია. Მეორე მხრივ, თავისუფლება ნიშნავს საკუთარი თავის ფლობას, ადამიანმა უნდა აკონტროლოს საკუთარი ქმედებები და ეს ქმედებები მიმართული უნდა იყოს არა მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობისადმი, არამედ სახელმწიფოსა და ხალხის კეთილდღეობისადმი. ამავე დროს, თავისუფლება ნიშნავს მოქმედებაზე პასუხისმგებლობასაც. ამოტომ თავისუფლება გულისხმობს როგორც უფლებებს, ისე მოვალეობებს. ყოველი უფლება შეზღუდულია შესაბამისი მოვალეობით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს უფლებებით მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში ისე, რომ არ შეზღუდოს სხვათა უფლებები.
დაბოლოს უნდა აღინიშოს, რომ თავისუფლება უნდა განიმარტოს არა, როგორც “ავარდნილი” ცხოვრება. დემოკრატია სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული თითოეული მოქალაქის სურვილები და მიზნები. დემოკრატია თავისთავად მოიაზრებს ხალხის ნების გამოხატვას სახელმწიფოს კეთილდღეობის თვალსაზრისით, თავისთავად სახელმწიფოც ზღუდავს ადამიანს, რადგან თუ არ იარსებებს სახელმწიფო, არ იარსებებს ადამიანიც. აქედან გამომდინარე, დემოკრატია გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს ადამიანებს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.