ENG GEO

Search form

პატრიოტიზმი, როგორც იდენტობა და თავშესაფარი

1989 წლის სახალხო ფრონტის ყრილობაზე, საქართველოს რესპუბლიკის „სამფეროვანი დროშების“ ფონზე, მუდმივად, თანამოაზრის მძებნელი, გრაციოზულად გამომზირალი თვალებით „ქართველმა სოკრატემ“, წარმოთქვა მისთვის საბედისწერო ფრაზა–„ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას...“ ფრაზის წარმოთქმა და არაერთგვაროვანი რეაქციები დარბაზის სიღრმიდან, რამოდენიმეჯერ გამეორებული ფრაზის თანმხლები შეცხადებები, დღემდე შემორჩა ქართულ არქივს. ალბათ, არასდროს ყოფილან ქართველები ასეთი სისწრაფით რეფლექსიურები და პროტესტულები, როგორც იმ დღეს. მერაბ მამარდაშვილი კი იმ დღეს ბევრისთვის მიუღებელი, უგუნური კაცი გახდა, უფრო ბევრმა კი შეიძულა. დღესაც, კი ადამიანი, რომლის ნაშრომებშიც იპოვით ნიცშეს, იუნგს, კრიშნამურტს და შოპენჰაუერს, მხოლოდ ცნობილია ერისთვის ამ გამოუთქმელი ფრაზით–„ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას და ამიტომაც საქართველო არ შეიძლება იყოს ფეტიში...“ ამ გადმოსახედიდან, ალბათ უფრო გაუგონარი რამ „იკადრა“ შოპენჰაუერმა როდესაც თქვა, რომ „ნაციონალური სიამაყე არის სიამაყის ყველაზე იაფფასიანი ფორმა. თუ ადამიანი ამაყობს თავისი ეროვნებით, მას არ გააჩნია საკუთარი ღირსებები,რითაც შეძლებს იამაყოს. სხვაგვარად ის არ მიმართავდა სიამაყეს იმ მიმართულებიტ, სადაც მას მილიონობით მიმდევარი ჰყავს. ადამიანი, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან პიროვნულ ღირსებებს, მზად არის დაინახოს თავისი ქვეყნის ნაკლი. მაგრამ ყველა ტანჯული სულელი, რომელსაც საამაყო არაფერი გააჩნია, უკანასკნელი რესურსი სიამაყისა, რაც დარჩენია და რასაც ებღაუჭება არის ის, რომ იამაყოს იმ ნაციით, რომელსაც მიეკუთვნება, რითაც ცდილობს აინაზღაუროს ის უპირატესობა, რაც არ გააჩნია.“

გასააზრებელია, ზუსტად ის თუ რა დაცულობას, მფარველობასა და ნუგეშს პოულობს ადამიანი კოლექტიურ ღირებულებითი, სოციო–კულტურული, რელიგიური და ტერიტორიული ერთიანობის ქოლგის ქვეშ. როგორ შეიძლება იქცეს „საერთო საზრუნავი“ და“დასაცავი“ რამ, იმავდროულად იარაღათ დაუპირისპირდე ყველა დანარჩენს გარდა შენი იდენტობის ქვეშ მყოფისა. რა არის ეროვნულობა და მისგან გამომდინარე სოციალური ფენომენი –პატრიოტიზმი?! დიდი ღირსება თუ შეუმდგარი ადამიანის თავშესაფარი?! ახალი, მყარი, კოლექტიური იდენტობა, რომელიც გვაძლევს შანსს მივეკედლოთ რასმე, გავამართლოთ საკუთარი სისუსტეები და პატრიოტიზმის სახელში შევფუთოთ საკუთარი აგრესიული გამოვლინებები. სამუელ ჯონსონის თქმით კი „პატრიოტიზმი ნაძირლის უკანასკნელი თავშესაფარია.“ რაბინდრანათ თაგორი კი უფრო შორს მიდიოდა თავის გამონათქვამში და ამბობდა, რომ „ პატრიოტიზმი არ შეიძლება იყოს ჩვენი ბოლო სულიერი თავშესაფარი. ჩემი თავშესაფარი კაცობრიობაა. ... და არასდროს მივცემ პატრიოტიზმს საშუალებს ტრიუმფი იქონიოს კაცობრიობაზე მანამ სანამ ცოცხალი ვარ.“
რატომ დასჭირდა ინდოელ ბრძენკაცს ამგვარის თქმა?! განა პრობლემა საკუთარი სამშობლოს სიყვარულშია?! არა, პრობლემა ზუსტად ის არის, რაც კაცობრიობის ისტორიის ჟამს მუდმივად იყო. ის რაზეც მამარდაშვილი წერდა,რომ „ისტორიაში არ არსებობს ბოროტება ჩადენილი ბოროტების სახელით.ნებისმიერი ბოროტება ისტორიაში ჩადენილია სიკეთის და პროგრესის სახელით.“ ასეთია ადამიანი, ის რაც შეიძლება იყოს უანგარო სიყვარული და მადლიერება საკუთარი მიწისა თუ პატივისცემა საკუთარი თანამოქალაქეებისა, იქცა ისევე მზაკვრულ, ბოროტი მიზნებისთვის განსახორციებელ ფსევდო–ღირებულებად, რომლის სახელითაც იყო მუდმივი ომები, სისხლისღვრა და თანამედროვე ფორმებში, ტერორისტული აქტებიც. ყველა ძალადობა და დაღვრილი სისხლი კი მანიპულირებულ და გამართლებულ იქნა, ზოგჯერ ქვეყნის, ზოგჯერ კი ღმერთის სიყვარულის სახელით. და განა სუსტ, შეუმდგარ და დაუბადებელ ინდივიდებს შეუძლიათ შეიყვარონ ნამდვილი ჭეშმარიტი, უანგარო და მადლიერი გრძნობით ის რაც ამასთანავე აქციეს მსოფლიოში დაპირისპირების მთავარ ძარღვად. შეუძლია კი ადამიანს ჩამოიცილოს ყოველგვარი კოლექტიური თუ ინდივიდუალური იდენტობების ქსელი?! მარტო, ინდივიდად საკუთარი თავის ამარა დადგეს პირისპირ საკუთარ თავთან და შეიყვაროს „უფლის ხატად“ შექმნილი იგი. გახდეს თვითონ საკუთარი თავის სამშობლო და დაინახოს იმთავითვე ყველა სხვა, განურჩევლად ეროვნული იდენტობისა. თუმცა, რა თქმა უნდა, „ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში,როცა მისი დაჯერება შეუძლებელია.“ ბოლოს ყველას თავისი ნავსაყუდელისკენ“პატრიოტიზმისკენ“ მიიჩქარის. ამიტომაც თქვა მამარდაშვილმა–„ სანამ გაგრძელდება პატივმოყვარეობის მაამებელი ხატების შექმნა... ვიდრე ამ ყალბ ნუგეშისცემას გააგრძელებენ, დაუსრულებლად იტრიალებენ წრეში, როგორც დანტეს გმირები ჯოჯოხეთში.“

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.