ENG GEO

Search form

სეცესია - ხალხის უფლება, რომ არ იყოს სახელმწიფოს ნაწილი

როდესაც ვსაუბრობთ ადამიანისა და სახელმწიფოს მიმართებაზე, წამოიჭრება არაერთი კითხვა, მათ შორის, ხალხის თვითგამორკვევის უფლებასა და თვითგამორკვევის ფარგლებში სეცესიის უფლების გამოყენების შესახებ -  რამდენად გამართლებულია სეცესია? კერძოდ, რამდენად გამართლებულია არსებობდეს უფლება, რომ ხალხი არ იყოს კონკრეტული სახელმწიფოს ნაწილი?

პირველ რიგში, განვსაზღვროთ, რომ სეცესიის ფარგლებში გვყავს მშობელი სახელმწიფო, რომელსაც გარკვეული ტერიტორიული ერთეული გამოეყოფა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად. სეცესია განსხვავდება სეპარაციისგან, რომლის ფარგლებშიც ხდება სახელმწიფოს თანაბარი სუვერენიტეტის მქონე ავტონომიურ სუბიექტებად დაშლა. სეპარაციის კლასიკური მაგალითი არის საბჭოთა კავშირის ან იუგოსლავიის დაშლა, მაგრამ ამისგან განსხვავებით, სეცესიის დროს სახელმწიფო არ იშლება, არამედ კარგავს თავისი ტერიტორიის ნაწილს. ითვლება, რომ სეცესიის უფლების გამოყენებით ხალხი ახორციელებს თვითგამორკვევის უფლებას. 

თვითგამორკვევის უფლება გაჩნდა პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც დაიწყო იმპერიების დაშლა და პირველად ვნახეთ, რომ შედარებით მცირე რიცხოვანმა ერებმა დაიწყეს ნაციონალიზმი და ცალკე სახელმწიფოების შექმნა. მაგალითად, ასეთი იყო ბულგარეთი, რუმინეთი, სირია, ერაყი და ამ პერიოდში, მათ შორის საქართველომაც შექმნა პირველი რესპუბლიკა. თავდაპირველად, თვითგამორკვევა არ იყო სამართლებრივი უფლება, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ დოქტრინას, რომელიც გარდაიქმნა სამართლებრივ უფლებად მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დაიწყო დეკოლონიზაციის პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მოახერხა თვითგამორკვევა,  მეორე მსოფლიო ომის დროისთვის იყო მაგალითად, ინდოეთი, უამრავი ერი  აფრიკაში, რომელთაც თვითგამორკვევის უფლება არ ჰქონდათ განხორციელებული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ახალ მსოფლიო წესრიგზე მიდგა საქმე, გადაწყდა, რომ ერთა თვითგამორკვევა ადამიანის უფლებების ნაწილი გამხდარიყო. ეს უფლება აღიარეს იმისთვის, რომ ნებისმიერ ერს, რომელიც იყო კოლონიზებული, მისცემოდა რეფერენდუმის ჩატარების უფლება, რომ რეფერენდუმის მეშვეობით განესაზღვრა დარჩენილიყო თუ არა კოლონიად ან გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. 

ამდენად, კლასიკური გაგებით თვითგამორკვევის უფლება ეხება კოლონიურ კონტექსტს, როცა კოლონია ჰყავს ქვეყანას და ამ კოლონიას უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკური ბედი - იქნება თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუმცა, ეს საკითხი დღესაც არსებითად აქტუალურია და ჩვენ ვხვდებით მას მაგალითად, აფხაზეთთან, კატალონიასთან და მთიან ყარაბახთან მიმართებაში. მათზე მსჯელობისას კი ჩნდება კითხვა: რამდენად უნდა არსებობდეს კონოლიური კონტექსტის მიღმა სეცესიის უფლება?

საერთაშორისო სამართლის ფარგლებში სეცესიისთვის არსებითია მშობელი სახელმწიფოს თანხმობა. მაგალითად, საერთაშორისო დონეზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა არ აღიარეს ბანგლადეში როგორც სახელმწიფო მანამ, სანამ მშობელმა სახელმწიფომ - პაკისტანმა არ განაცხადა სეცესიაზე თანხმობა.  თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს კონსტიტუციური მოწყობით, როდესაც ქვეყნის კონსტუტიცია ითვალისწინებს გამოყოფის უფლებას. მაგალითად, ითვალისწინებს, რომ რეფერენდუმის გზით შეუძლია კონკრეტულ ავტონომიურ ერთეულს გამოყოფა სახელმწიფოსგან, ან ჯერ შესაძლებელია მოხდეს ტერიტორიული ერთეულის ფაქტობრივი გამოყოფა და შემდეგ განაცხადოს მშობელმა სახელმწიფომ თანხმობა - ეს შეიძლება გააკეთოს იმიტომ, რომ გარე ფაქტორებმა აიძულა ან რეალისტურად შეხედა სიტუაციას. ამდენად, საერთაშორისო სამართლის სტანდარტით, უმეტეს შემთხვევაში იმისთვის, რომ გარკვეულმა ტერიტორიულმა ერთეულმა გამოიყენოს სეცესიის უფლება და გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, საჭიროა მშობელი სახელმწიფოს თანხმობა. ხოლო, სანამ ტერიტორიული ერთეული ამ თანხმობას მოიპოვებს, ის არ არის სახელმწიფო ანუ არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და შესაბამისად, სამართლებრივი რეგულირების გარეთ რჩება ის შემთხვევა, როდესაც მშობელი სახელმწიფო ძალის გამოყენებით აჩერებს სეცესიას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას აკეთებს იმპერატიული ნორმების დარღვევით - გენოციდით, ეთნიკური წმენდით).

ახლა კი ვიმსჯელოთ სეცესიის უფლებაზე ფილოსოფიურ ჭრილში. სეცესიის უფლებასთან მიმართებით გვხვდება ორი ძირითადი თეორია: რემედიული უფლების და ძირითადი უფლების თეორია. 

რემედიული უფლების თეორიის თანახმად, სეცესია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება სახელმწიფოს შიგნით, კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულზე მცხოვრები ხალხის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მუდმივი დარღვევა და შეზღუდვა მშობელი სახლემწიფოს მიერ. ამ თეორიის ფარგლებში სეცესია შედარებულია აჯანყების უფლებასთან - აჯანყების უფლება არის საშუალება, რომ ხალხმა დაიცვას თავი ტირანიისგან. მსგავსად, სეცესიის უფლება არის საშუალება, რომ კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულზე მცხოვრებმა ხალხმა თავი დაიცვას მშობელი სახელმწიფოსგან, რომელიც ლახავს მათ უფლებებს და ყველაზე მძიმე შემთხვევებში, ახორციელებს მათ გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას. ასეთ მოცემულობაში, ბუნებრივია, სეცესია არ არის (და ვერც იქნება) დამოკიდებული მშობელი სახელმწიფოს თანხმობაზე.

ამის საპირისპიროდ,  ძირითადი უფლების თეორიის თანახმად, სეცესიის უფლებამ შეიძლება იარსებობს ინსტრუმენტალური უფლების სახით, მაგრამ ეს არ არის მისი არსებობის ერთადერთი პირობა, არამედ ხალხს შეუძლია განახორციელოს სეცესია მხოლოდ იმიტომ, რომ უნდათ. ამ თეორიის ფარგლებში, სეცესიის უფლების არსებობისთვის არ არის აუცილებელი, რომ მშობელი სახელმწიფოს მხრიდან ხორციელებოდეს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვა, პირიქით, შეიძლება სახელმწიფო სრულფასოვნად ასრულებდეს თავის უფლემოვალეობებს, მაგრამ თუ ხალხის სურვილია სეცესია, მაშინ მათ ამის უფლება აქვთ მშობელი სახელმწიფოს თანხობისაგან დამოუკიდებლად - აქვთ უფლება, რომ განახორციელონ თვითგამორკვევა სეცესიის მეშვეობით.

თუმცა, რომ მივყვეთ ძირითადი უფლების თეორიას, ვნახავთ, რომ ვაწყდებით მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს. 

პირველ რიგში, რომ ვიმსჯელოთ მაგალითად საქართველოზე - ქართველმა ხალხმა თვითგამორკვევის უფლება განახორციელა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. უკვე შემდგომ ეტაპზე, თვითგამორკვევის უფლება გულისხმობს უფლებას, რომ საქართველოს სახელმწიფომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და განახორციელოს ძალაუფლება დადგენილ ტერიტორიულ საზღვრებში. ამ მსჯელობის ფარგლებში, სეცესიის უფლების გამოყენება პირდაპირ უპირისპირდება ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გამოდის, რომ სახელმწიფოს შიგნით კონკრეტული ჯგუფი იყენებს თვითგამორკვევის განსახორციელებლად სეცესიის უფლებას და ამ დროს, მშობელი სახელმწიფოს თვითგამორკვევის უფლებას არსებითად აზიანებს. ქართველებს, კანადელებს თუ ესპანელებს აქვთ უფლება თვითგამორკვევაზე, კერძოდ, აქვთ უფლება, რომ განსაზღვრონ მათი სახელმწიფოს ტერიტორია. ამდენად, სადაო ტერიტორიაზე უფლება აქვს არა მხოლოდ რომელიმე ერთ ჯგუფს, რომელსაც გამოყოფა უნდა, არამედ სახელმწიფოს დანარჩენ მოსახლეობასაც და რატომ არ აქვს მათ ხმას წონა გადაწყვეტილების მიღებისას? რატომ აქვთ უფლბამოსილება სადაო ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მთელ სახელმწიფოს შეეხება?

მეორეს მხრივ, რომ ვიმსჯელოთ მხოლოდ სადაო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებზე. მაგალითად A-ს უნდა გამოყოფა B-სგან - სადაო ტერიტორიაზე ცხოვრობს არა მხოლოდ B, არამედ A, ისევე, როგორც ძირითად ტერიტორიაზე მხოლოდ A არ ცხოვრობს, არამედ B-ც. სადაო ტერიტორიაზე მცხოვრები B-ს ინტერესი არ არის სეცესია. დამატებით, სადაო ტერიტორიაზე შეიძლება ცხოვრობდეს სხვა უმცირესობა, რომლის ინტერესიც სეცესია არ არის. თუ მოხდება ამ ხალხის ინტერესების უგულვებელყოფა და სადაო ტერიტორია გამოეყოფა მშობელ სახელმწიფოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით, რეალურად რა შეიცვალა? - კი, გვაქვს ახალი სახელმწიფო, მაგრამ ამის გარდა არაფერი შეცვლილა, რადგან უკვე ამ ახალ სახელმწიფოშიც არის ,,სხვა სახელმწიფოს ხალხი”. 

ვიღებთ მოცემულობას, რომ მშობელ სახელმწიფოში ისევ უმცირესობას წარმოადგენს A, მაგრამ დამატებით გვაქვს ახალი სახელმწიფო, სადაც უკვე A არის უმრავლესობა, ხოლო უმცირესობას წარმოადგენს ახალ სახელმწიფოში მცხოვრები B, რომლებიც თვლიან, რომ ამ სახელმწიფოს არ მიეკუთვნებიან. ამდენად, სეცესიის გამოყენებით ახალ სახელმწიფოში ვაწყდებით ზუსტად იგივე პრობლემას, რაც მშობელ სახელმწიფოში იყო და რამაც განაპირობა მშობელი სახელმწიფოსაგან ტერიტორიული ერთეულის გამოყოფა. სეცესია არ ჭრის პრობლემას, არამედ უბრალოდ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადააქვს ის -  უმცირესობა ხდება უმრავლესობა, მაგრამ რჩება უმცირესობა და შესაბამისად, რჩება იგივე პრობლემები. პირიქით, საერთოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მძაფრ პრობლემებსაც კი ვიღებთ, რადგან სეცესიის შემდეგ A-სა და B-ს შორის ურთიერთობა ყოველთვის არსებითად მწვავდება თითოეული სახელმწიფოს შიგნით და ზოგადად ორივე (მშობელი და ახალი) სახელმწიფოს შორისაც.

კიდევ ერთი წინააღმდეგობა, რასაც ვაწყდებით ძირითადი უფლების თეორიის ფარგლებში, არის მშობელი სახელმწიფოს თანხმობა. 

აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უმეტესობა შემთხვევებში არის გარკვეული დისბანალსი იმას შორის, თუ როგორ ხედავს უმრავლესობა უმცირესობას და თუ როგორ ხედავს უმცირესობა უმრავლესობას სახელმწიფოში. უმრავლესობა - B, ვერ ხედავს უმცირესობას, როგორც A-ს ანუ როგორც, საერთოდ სხვა, განსხვავებულ ხალხს, არამედ, აღიქვამს მათ, როგორც B-ს, რომელიც უბრალოდ საუბრობს სხვა ენაზე ან სხვა რელიგიის მიმდევარია. მაგალითად, კვებეკი ხალხი  საკუთარ თავს აღიქვამს კვებეკელად და არა კანადელად, მაშინ როდესაც კანადელთა უმეტესობა კვებეკ ხალს ხედავს უბრალოდ როგორც ფრანგულად მოსაუბრე კანადელებს. 

შეიძლება, ეს მართლაც დავაბრალოთ უმრავლესობის შეხედულებებს, მაგრამ აქ ერთი რამ ცალსახაა - მიუხედავად ასეთი განსხვავებებისა, A და B მაინც არიან ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები, მათ აქვთ სახელმწიფო დონეზე ბევრი რამ საერთო და სახელმწიფოს ფარგლებში აქვთ სპეციალური ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამიტომ, A-ს არ უნდა შეეძლოს მშობელი სახელმწიფოს თანხმობის გარეშე ამ ვალდებულებების მიტოვება. სეცესია ხშირად შედარებულია ადამიანებს შორის დაშორებას ან განქორწინებას. როდესაც ადამიანები განქორწინდებიან და მათი ურთიერთობა სრულდება, ეს არ ნიშნავს, რომ მათ შორის არსებული ვალდებულებებიც წყვეტენ არსებობას -  წყვილს შეიძლება ჰქონდეს საერთო ქონება, ყავდეთ შვილები. გაშორებამდე ამ ყველაფერზე უნდა შეთანხმდნენ, ერთიანად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. იგივეა სახელმწიფოსთან მიმართებითაც - შეიძლება ერთი ჯგუფი აღიქვამს, რომ მასსა და მეორე ჯგუფს შორის უმნიშვნელო განსხვავებაა, მეორე ჯგუფი კი ამის საპირისპიროდ აღიქვამს, რომ არსებითი განსხვავებებია მათ შორის, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ორივე ჯგუფი ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები იყვნენ, ვალდებულებები აქვთ ერთმანეთის მიმართ, რომელთა ცალმხრივად და თვითნებურად მიტოვება არ უნდა შეიძლებოდეს. 

დღეს, საერთაშორისო სამართლის დონეზე სეცესიის უფლება იმ შინაარსით, რომელიც გვხვდება ძირითადი უფლების თეორიაში, არ არსებობს. ამის საპირისპიროდ, ვხვდებით რემედიული უფლების თეორიის ფარგლებში განსაზღვრულ სეცესიის უფლებას. კერძოდ, სეცესიის უფლების ეს კონცეფცია ჩამოყალიბდა კოსოვოსთან ერთად - როდესაც ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ახორციელებდნენ თვითგამორკვევის უფლებას იმისათვის, რომ თავი დაეცვათ სერბეთიდან მომდინარე გენოციდისგან, ეთნიკური წმენდისგან და ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისაგან. ასეთი მოცემულობის ფარგლებში, ხალხის გადარჩენის ერთადერთი გზაა მშობელი სახელმწიფოსგან გამოყოფა და სწორედ ეს არის რემედიული სეცესია. 

გარდა უმთავრესი მიზეზისა, რომ რემედიული სეცესიის უფლების არსებობის ფარგლებში ხდება ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა და მათი დაცვა უფლებების მასიური დარღვევებისაგან, ასეთი შინარსით სეცესიის უფლება, ვფიქრობ, გამართლებულია დამატებით იმით, რომ უფრო სტაბილურობისკენ არის გადახრილი და არ უშვებს ნებისმიერ შემთხვევაში სეცესიის უფლების არსებობას. დამატებით, ეს მიდგომა კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ დაკარგოს უფლებამოსილება გარკვეულ ტერიტორიაზე. კერძოდ, სახელმწიფო კარგავს უფლებამოსილებას ტერიტორიულ ერთეულზე, თუ არ ახორციელებს იმ ფუნქციებს, რისი განხორციელებისთვისაც მიენიჭა ეს უფლებამოსილება პირველ რიგში - ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების აღსრულების უზრუნველყოფისთვისა და დაცვისთვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ თვითგამორკვევის უფლების განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი ახალი იურისდიქციის შექმნა, არამედ თვითგამორკვევა შესაძლებელია არსებული სახელმწიფოს იურისდიქციის შიგნითაც. კერძოდ, ეს  გულისხმობს პოლიტიკური უფლებების რეალიზაციას უკვე არსებულ სახელმწიფოში. ეს  კი შეიძლება მოხდეს ავტონომიით, კულტურული უფლებებით, ცალკე პარლამენტის ქონით და სხვადასხვა პოლიტიკური გარანტიებით.  მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ თვითგამორკვევის გარეგან გამოვლენაზე, კერძოდ, სეცესიაზე ვფიქრობ, ძირითადი უფლების თეორიის ფარგლებში განსაზღვრული სეცესიის უფლების არსებობა დაუსაბუთებელია - რეალურად არ ჭრის პრობლემას, პირიქით უფრო ამწვავებს მას, არსებით ზიანს აყენებს მშობელი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვნად აფერხებს სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. ამისგან განსხვავებით, რემედიული სეცესიის უფლების არსებობა გამართლებულია და განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში გადამწყვეტიც კი. 






 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.