ENG GEO

Search form

Automaborough

25 დეკემბერი:

ვიღვიძებ, გარეთ მზე არ არის , მაგრამ ქალაქს ხალხის გაყინული, უემოციო სახეები ანათებენ. რიტმი არ ირღვევა. ჩემს ქალაქში ყველა შენობა ნაცრისფერია.  ტონები კი განსხვავდება ნაცრისფრის. თუ ქალაქის გარეუბნებს კარგად იცნობთ, თეთრი, მაგრამ ჭუჭყიანი შენობების პოვნასაც შეძლებთ. მე ზუსტად ასეთ შენობების მახლობლად დავეძებ ხოლმე ღამის საათებში მოხეტიალე, დავეძებ იქნებ კიდევ იყოს ჩემნაირი ამ ქალაქში, ისეთი, რომელიც ფიქრობს სამართლიანობას ბედნიერება უძღვის წინ. ალბათ, მკითხავთ რატომ ვეძებ ასეთ ხალხს ჭუჭყიანი თეთრი შენობების მახლობლად. პასუხი მარტივია- მეც სწორედ ასეთ შენობაში ვცხოვრობ და ყველა მსგავსი შენობის მდებარეობა ზუსტად ვიცი ქალაქში. ქალაქში სადაც ყველა ფერი ერთმანეთს გავს- ნაცრისფერს, თეთრი უკვე გამორჩეულად გეჩვენება თვალში.

რა ქვია ჩემს ქალაქს? Automaborough- ეს სახელი პირდაპირ ითარგმნება, როგორც ავტომატური, დაპროგრამებული. ჩვენს  ქალაქს დაარსებიდან მოყვება წესები, რომლის ბრმად შესრულებასაც ხალხი მიეჩვია. რუტინა მათთვის უკვე კომფორტის ზონას წარმოადგენს.  მაგალითად ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი წესია: იყავი ყოველთვის მონოტონური.

- რატომ? მოაქვს ამ კანონს ხალხისთვის ბედნიერება? არა.

- რატომ? მოაქვს ამ კანონს ხალხისთვის სარგებელი? არა.

- რატომ? არ ვიცი.

Automaborough- ში ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქალაქის გარეუბანში, თეთრ შენობაში, მე-12 სართულზე, იასამნისფერ ფარდებიან სახლში.

თუ არ მოაქვს ამ კანონებს ხალხისთვის ბედნიერება, მაშინ რა მოაქვს მათ? შედეგად მხოლოდ ბედნიერება გვაინტერესებს? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ბედნიერებაც, რომ მქონდეს? ჩემს ქალაქში ალბათ ამაზე მოსახლეობის ნახევარზე მეტს არც უფიქრია, ისინი უბრალოდ მიეჩვივნენ მოვალეობების მკაცრად შესრულებას და ორიენტირებულნი არიან მხოლოდ მოქმედების სისწორეზე. ჩემი ქალაქის მთავარი ფილოსოფიური შეხედულებები კანტისას ემთხვევა. მოქმედების მორალი მათთვის მხოლოდ იმას ეფუძნება, არის თუ არა ეს მოქმედება თავად სწორი, მთელი რიგი წესების საფუძველზე. საკუთარ მორალურ ღირებულებებს ამ ,,სწორ’’ მოქმედებებში პოულობენ. შედეგი სულ არ აინტერესებთ. Automaotough- ის მოსახლეობისათვის ამ წესების შესრულება მოვალეობასა და ვალდებულებას წარმოადგენდა. ამიტომ უბრალოდ ეგუებოდნენ მოქმედებები წესების საფუძველზე სწორად განეხორციელებინათ და ცხოვრობდნენ მსუყე, თავდაუღწეველ სიცარიელეში. ისინი მხოლოდ ისეთ მოქმედებებს თვლიდნენ ღირებულად, რომელიც არ არღვევდა მათ საზოგადოებაში მიღებულ წესებს.

 

ამ წლის 31 დეკემბერს ცხოვრების 25-ე წელში შევაბიჯებ. დაბადებიდან Automaborough- ში ვცხოვრობ, რაც ცხოვრებიდან მახსოვს, მხოლოდ სიმარტოვეა. მშობლებთან დაკავშირებული მოგონებები თითქმის არ მაქვს, ორივე ჩემს პატარაობაში დაიღუპა, 3332 წელს. მაშინ 5-ის ვიყავი, მაგრამ ცოტა რამ მაინც მახსოვს მათი სწავლებებიდან.  ისევე, როგორც ჩემი,  მათი ფილოსოფიური შეხედულებებიც არ ემთხვეოდა ქალაქისას. ამის საპირისპიროდ, ჩემი მშობლები მოქმედებების ისე განხორციელებას მასწავლიდნენ, რომ მათ ჩემთვის ბედნიერება მოეტანათ. მათი მთავარი ფილოსოფიური შეხედულება ორიენტირებული იყო მოქმედების მიერ მოტანილ შედეგზე. მხოლოდ იმ მოქმედებებს აღიარებდნენ მორალურად სწორად, რომელსაც, მათთვის სარგებლის მომტანი იყო. სარგებელს კი იმ სიამოვნების მიღებაში ხედავდნენ, რომელიც მათ ბედნიერებას იწვევდა. ისინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ქალაქის წესებს, რომელთაც უბედურება მოჰქონდა ხალხისთვის და მზად იყვნენ საერთო ბედნიერების მაღალი ინდექსის მისაღებად თავიც კი გაეწირათ.

მეც მათსავით ვაყენებ ბედნიერებას სამართლიანობის წინამძღოლად. მაგრამ არც ჩემი ქალაქის და არც  მშობლების რადიკალურ შეხედულებებს არ  ვიზიარებ. მით უმეტეს, რომ  მწამს, ნებისმიერ ჩვენგან აქვს  უფლება ისე მოიქცეს როგორც სურს, კანონით დადგენილ ფარგლებში, რა თქმა უნდა კანონი თუ არ გაზიანებს. მიყვარს წიგნების კითხვა, ადრე წავიკითხე, თურმე ყველა ადამიანი გარკვეული უფლებებით იბადება. უფლებებით, მორალური ღირებულებებითა და პასუხისმგებლობებით, რომლებიც თან ახლავს ადამიანის ბუნებას. ეს ფილოსოფიური თეორია ემყარებოდა აზრს, რომ ასეთი კანონები უნივერსალური ცნებები იყო. წიგნი ამ თეორიას საზოგადოების ქმედების თანდაყოლილ და არა კულტურისა თუ კანონმდებლობების მიერ გამომუშავებულ მოქმედების გზად წარმოადგენდა. ისიც ამოვიკითხე, რომ ხანდახან ამ უფლებების დათმობა უწევდათ, მაგრამ ჩემს ქალაქში მე ყველაფრის დათმობა მიწევდა. აღარც ბუნებითი უფლებები, არც მშობლების დანატოვარი ბედნიერებისკენ სწრაფვა მრჩებოდა, მხოლოდ მოქმედებათა დადგენილი წესების მიხედვით კონტროლიღა დამრჩენოდა.

დღემდე ცხოვრებაში ყველაზე მეტად ჩემში ინტერესი რასაც აღუძრავს ჩვენი ქალაქის წესებია.  წესები, რომლებიც იდეალურადაა მორგებული ამ ქალაქს.  რა არის ჩვენი ქალაქი?  ამაზე პასუხი არ მაქვს. ჩემთვის უბრალოდ დიდი სევდის ღრუბელია. რატომ შეიქმნა და ამ წესების არსებობას რა მიზანი აქვს მოქალაქეებისთვის ან საერთო სიკეთის დასადგენად ამაზე კი საკმაო ინფორმაცია მაქვს. 2900 წელს კაცობრიობამ გადაშენება დაიწყო, ამიტომ შემქნეს ნაცრისფერი დასახლებები. ასეთი დასახლება სულ ხუთი არსებობს, დანარჩენი კაცობრიობა კი განადგურებულია. სწორედ ამიტომ საერთო სიკეთის მისაღწევად და კაცობრიობის გადარჩენის მიზნისთვის, შემოიღეს წესები, რომელიც ხელისუფალთა აზრით გადაარჩენდა კაცობრიობას და ყველანაირ ისეთს მოაშორებდა მათ, რასაც ერთ დროს გართობას ეძახდნენ. სწორედ ამიტომ გვაიძულებდნენ, ქალაქის სახელის შესაბამისად გვეცხოვრა. ალბათ სწორედ ამიტომ, არასდროს არავინ ფიქრობდა მოქმედებების განხორციელებაზე ისეთი შედეგის მისაღებად, რომელიც მათ ბედნიერებას და სიამოვნებას მოუტანდა.

ჩვენი ქალაქის წესების საჭიროებასთან ერთად ყოველთვის ვუსვამდი ჩემს თავს შემდეგ კითხვას:

- რა მოხდება, რომ ერთი დღე ქალაქის წესებით არ ვიცხოვრო?

- დღეს ალბათ ის დღეა. დილიდან ყველა ფიქრი, რასაც კი ოდესმე მე გადავუკვეთივარ თავში მაქვს არეული. ვფიქრობ იმიტომ, რომ სწორედ ის დღეა.

ჩემი საყვარელი ფერი იასამნისფერია, ამ ფერის შესახებ ნაცრისფერ Automabourgh-ში ცოტამ თუ იცის, მეც წიგნებიდან ვისწავლე ამ ფერის მიღება სხვადსხვა ფერის საღებავების შერევით. საღებავები დაწყებითი სკოლებიდან მომქონდა ხოლმე. ადგილიდან, რომელიც ჯერ არ განაცრისფერებულიყო.

დღეს ღამე კი თეთრი შენობების მახლობლად ხეტიალის მაგივრად ნაცრისფერი ქალაქის შეცვლა მაქვს მიზნად.

26 დეკემბერი:

მზეა, ქალაქს ხალხის უემოციო სახეები აღარ ანათებენ. ყველას გამომეტყველებაში გაკვირვებას შეამჩნევთ. სხვადასხვა ტონის ნაცრისფერ შენობებს შორის კი თეთრის მაგივრად იასამნისფერი შენობებია გამორეული.

27 დეკემბერი:

თოვს, მე კი ვემზადები გასასამართლებლად, პატარა წესის დარღვევისთვის, რომელიც ამ ქალაქის ყოველი მოსახლის აზრით საერთო სიკეთის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამ ქალაქისთვის საჭიროს.

 

ახალი წლის დასაწყისში ქალაქ Automabourgh - ში არ იყო არცერთი ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ სამართლიანობას ბედნიერება უძღვის წინ. ყველა იასამნისფერი შენობა განსხვავებული ტონების ნაცრისფერ ფრად გადაეღებათ.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.