ENG GEO

Search form

პატრიოტიზმი და მისი ირაციონალური ასპექტები

მორალური ფილოსოფიის ერთ-ერთი ამოცანა ისაა, რომ გამოხატოს ის საზოგადოებრივი რწმენა, რომელიც ექვემდებარება რაციონალურ კონტროლსა და განხილვას. ეს საკითხი მეტად სათუო ხდება მაშინ, როდესაც ერთი და იმავე საზოგადოების შიგნით ურთიერთსაწინააღმდეგო მრწამსი არსებობს. ასეთ შემთხვევებში მორალური ფილოსოფია მიმართულია იმ საკვანძო საკითხების აღმოჩენისკენ, რომელთა მიმართაც აზრთა სხვადასხვაობა ყალიბდება, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, კონფლიქტის წარმომშობი მიზეზი გახდეს.

ერთ-ერთი განხილვის საკითხი შეიძლება გახდეს ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების, კერძოდ, პატრიოტიზმის საკითხი. კლასიკური გაგებით, პატრიოტიზმი ერის მიმართ სავსებით სათანადო ერთგულებაა, რომელიც გამოიხატება ქვეყნისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და მისი სიკეთისთვის მსხვერპლშეწირვის განსაკუთრებული სურვილით. ამდენად, პატრიოტიზმი არ იძლევა არაპერსონალური მორალური თვალსაზრისის დარღვევის უფლებას, ე.ი ცალსახად კრძალავს საზოგადოდ დამკვიდრებული საკითხის მიღმა რაიმე აზრის არსებობას.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პატრიოტიზმი არ გულისხმობს ერისადმი უგუნურ ერთგულებას და იგი ზღვარდადებულია მორალის მიერ დაწესებული საზღვრებით. შესაბამისად, პატრიოტიზმი პირდაპირ შეიძლება დაუპირისპირდეს გარკვეულ უნივერსალურ ღირებულებებსა და პრინციპებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მორალს ფაქტობრივი არსებობისათვის სჭირდება აღიარებაც, იგი არის ყოველი საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული ზნეობა. ამრიგად, ინდივიდიც მორალური აგენტი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოება აღიარებს მას. ადამიანის თვითმყოფადობა კავშირშია თვით საზოგადოებასთან, მის ისტორიასთან, ტრადიციებთან, ინსტიტუტებთან და მისწრაფებებთან. ამიტომ,თუ პიროვნებას არ ესმის საკუთარი ინდივიდუალური ცხოვრების შესახებ მიღებული ნარატივი, რომელიც მისი ქვეყნის ისტორიაშია ჩადებული, ვერც იმას გაიგებს, თუ რისი ვალდებულება გააჩნია იმ საზოგადოების წინაშე, რომლის წევრიც თავადაა.

ნებისმიერ შემთხვევაში პატრიოტული ერთგულების ობიექტი არის ერთი ქვეყანა თავისი პოლიტიკური წყობილებით, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმ ვალდებულების წარმოშობას, რომ პატრიოტმა მხარი უნდა დაუჭიროს ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერ მთავრობასა თუ წარმარტულ პოლიტიკას. აღნიშნული მიდგომა კი ცალსახად უპირისპირდება პატრიოტიზმის კლასიკურ განსაზღვრას, რომელიც ნებისმიერ ასპექტში უპირობო ერთგულებას მოითხოვს. ამდენად, ის, რაც ჭეშმარიტ პატრიოტიზმადაა მიჩნეული, ფუნდამენტურად ირაციონალური დამოკიდებულების გამომხატველია. მაგალითად, ზოგჯერ პატრიოტიზმმა შეიძლება მოითხოვოს ინდივიდისაგან ერის რომელიმე საწარმოს წარმატების მხარდაჭერა და მუშაობა საერთო ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის მიზნით. ამავდროულად ამ საწარმოს მხარდაჭერა შესაძლოა კაცობრიობის საუკეთესო ინტერესებს არ წარმოადგენდეს. სწორედ აქ არსებობს დილემა - თუ ასეა, ამ ტიპის პატრიოტიზმი, როგორც ჩანს, გულისხმობს ისეთი ძირითადი მორალური წარმოდგენების უარყოფას, როგორიცაა უნივერსალური სამართლიანობა ან/და საერთო ადამიანური სოლიდარობის გამოხატულება.

ნებისმიერ ასპექტში, პატრიოტიზმი განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული ზრუნვა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ეს არ არის აგრესიული ზრუნვის ტოლფასი. ამდენად, მეტად უფრო რაციონალური და, შესაბამისად, უფრო შეზღუდული ერთგულება იქნება ჭეშმარიტი, ვიდრე რეალურად გადამეტებული, უკიდურესი პატრიოტიზმი. წინააღმდეგ შემთხვევაში პატრიოტიზმი შინაარსობრივად შეუთავსებელი იქნება მორალის მიერ დაწესებულ საზღვრებთან და დაემსგავსება იმ ეგოიზმის გამოხატულებას, რომელიც, საბოლოო ჯამში, გახდება ეროვნული დაძაბულობისა და ომის მთავარი მიზეზი. თუ სამართლიანობა გაგებულია უნივერსალური და არა მიკერძოებული თვალსაზრისით, თუ საერთო ადამიანური სოლიდარობა ითვლება  მორალურ ვალდებულებად, და თუ მშვიდობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ომი ზნეობრივად დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სამართლიანია, ამგვარი პატრიოტიზმი უარყოფილი უნდა იყოს.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.