ENG GEO

Search form

Immanuel kan't think straight

დიდი გერმანელი ფილოსოფოსი, იმანუელ კანტი, რომლის იდეები დღესაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტაფიზიკაზე, ეპისტომოლოგიაზე, ეთიკაზე, პოლიტიკურ ფილოსოფიასა და მრავალ სხვაზე, სუიციდის წინააღმდეგ თავისი პათეტიკური არგუმენტებით მომაგონებს ყველა დაუფიქრებელ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც უთქვამს, თვითმკვლელობა სისუსტეაო ისე, რომ ამ იდეის ფორმირებისთვის თავისი აზროვნების სულ პაწაწინა ნაწილიც კი არ გაუმეტებია. Იმის მიუხედავად, რომ კანტის ფილოსოფიაში განსაკუთრებულად გაცნობიერებული არასდროს ვყოფილვარ და ჩემი ცოდნა მის შესახებ რამდენიმე ვიდეოთი, ინტერნეტში გავრცელებული ზოგადი ფაქტებით და მოგვიანებით, მისი სტატიით - „პასუხი შეკითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“ - შემოიფარგლებოდა, ყოველთვის ვამჩნევდი, რომ კანტის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და, როგორც აღმოჩნდა, არც ისე უსაფუძვლოდ.

კანტი საკუთარ კატეგორიულ იმპერატივზე დაყრდნობით („მხოლოდ იმ წესით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი“) მიიჩნევს, რომ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ისეთ რაციონალურ არსებას, როგორიცაა ადამიანი, არ შეშვენის და, შესაბამისად, თვითმკვლელობას ვინც გადაწყვეტს, ის უკვე ადამიანი კი არა, არამედ მონსტრი ან, საუკეთესო შემთხვევაში, უსულო საგანია, რადგან როდესაც ჩვენ საკუთარ თავებში ადამიანობას აღარ ვცემთ პატივს, ამ პატივისცემას არც დანარჩენი კაცობრიობისგან უნდა მოველოდეთ. საინტერესოა, რამ აიძულა კანტს ასეთი ხელაღებული შეფასებისკენ.

კანტის მსჯელობას პირობითად დავანაწევრებ და დავიწყებ მისი „წინააღმდეგობრიობის“ არგუმენტით. მისი აზრით, თვითმკვლელობის მოტივი განპირობებულია საკუთარი თავის სიყვარულისგან, რაც გულისხმობს ადამიანის მიდრეკილებას, თავი აარიდოს ტანჯვას. მეორე მხრივ, კანტი ამბობს, რომ შეუძლებელია ადამიანს საკუთარი თავის სიყვარულმა თავისივე სიცოცხლის ხელყოფა შეაძლებინოს. ესაა ის წინააღმდეგობა, რომელიც კანტს ათქმევინებს, რომ თავის არ-მოკვლა არის იდალური ვალდებულება და, შესაბამისად, თავის მოკვლა - ამორალური ქმედება. მაგრამ განა ყველა ადამიანი უბედურებისგან თავის დასაღწევად იკლავს თავს? მაგალითად, თავისუფლად შესაძლებელია, ცნობისმოყვარეობამაც უბიძგოს ადამიანს სუიციდისკენ. მაშინ კანტის ხსენებული არგუმენტი სრულიად უსარგებლო ხდება, რადგან, როგორც ჩანს, საკუთარი თავის სიყვარულის გარდა არსებობს ერთი მიზეზი მაინც, რომელიც განაპირობებს თვითმკვლელობას. ეს ნიშნავს, რომ ცნობისმოყვარეობისგან გამოწვეულ სუიციდის აქტში აღარ არსებობს ის წინააღმდეგობა, რომელზეც დააშენა კანტმა თავისი მსჯელობა და დაასკვნა, რომ თავის მოკვლა ამორალური ქმედებაა.

ამით მინდოდა მეჩვენებინა, თუ რამდენად სუსტია კანტის “წინააღმდეგობრიობის” არგუმენტი. მაგრამ მოდით მაინც დავუშვათ, რომ მართლაც არსებობს ხსენებული წინააღმდეგობა. ახლა უკვე ისაა ბუნდოვანი, რატომ განაპირობებს წინააღმდეგობის არსებობა ამორალურობას? დავიჯერო, კანტი საკუთარ გრძნობებს მაინც არასდროს დაკვირვებია და შეუმჩნევია, რამდენად ხშირად ეწინააღმდეგება ისინი ერთმანეთს? ერთი ადამიანი კიდევ მიკროსამყაროა, რაც ნიშნავს, რომ თუკი ადამიანის კომპლექსურობას ვაღიარებთ, რაღაცნაირად სამყაროს კომპლექსურობასაც ვამტკიცებთ. ჩემი აზრით, კანტის პრობლემა ზუსტად ისაა, რომ ძალიან მარტივ არსებებად აღგვიქვამს, რაც პრინციპში სულაც არაა გასაკვირი იმ მოაზროვნისგან, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანი ღმერთის საკუთრებაა.

შემდეგ კანტი მსჯელობას აგრძელებს იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს საკუთარ თავებს და ზოგადად ყველა დანარჩენს, როგორც კაცობრიობის შემადგენელ ნაწილს. პასუხია: არა როგორც საშუალებას, არამედ - მიზანს. აქ კანტი წესით იმას გულისხმობდა, რომ ადამიანმა უნდა აღიაროს მეორე ადამიანი, როგორც დამოუკიდებელი არსება, რომელსაც თავისი გზა აქვს ბედნიერების მიღწევისკენ. მოკლედ, ადამიანის გამოყენება და მისი ინდივიდუალურობის დაიგნორება არ შეიძლება. თვიმკვლელობა, კანტის აზრით, ზუსტად საკუთარი თავის საშუალებად გამოყენებაა, საშუალებად მიზნისთვის - არ ვიყოთ უბედური. შესაბამისად, მიუღებელია. მაგრამ თავად კანტი არაა ის, ვინც უშვებს გამონაკლისის არსებობას, როდესაც მეორე ადამიანი გვაძლევს უფლებას, გამოვიყენოთ იგი? მაგალითად, ტაქსის რომ ვაჩერებთ და მძღოლს სახლში მივყავართ, ამით ამორალურ საქციელს არ ჩავდივართ, რადგან გვაქვს ტაქსისტის თანხმობა. იგივე ვრცელდება თვითმკვლელობაზეც: მე საკუთარმა თავმა მომცა უფლება, გამოვიყენო ის, როგორც საშუალება და მივაღწიო მიზანს - სიკვდილს. ეს თავის მხრივ უკავშირდება ადამიანის თავისუფალ ნებას, რაზეც კანტი ამბობს, რომ იგივეა, რაც მორალურ კანონებში მოქცეული ნება. ასეთი შეხედულების გამო სავსებით არაა გასაკვირი, რომ თვითმკვლელობის აქტს და თავისუფალ ნებას ჩემგან და სხვა მრავალთაგან განსხვავებით, ერთმანეთთან არ აკავშირებს.

კანტი ყველა სხვა სიკეთესთან ერთად მიიჩნევს, რომ ბედნიერება არის კმაყოფილების შეგრძნება, რომელიც ჩნდება მას შემდეგ, რაც ადამიანი გააცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას გარე სამყაროსთან მიმართებით და მოეწონება ის. შესაბამისად, უბედურება განეკუთვნება გარეგან მიზეზთა რიგს და მასზე ჩვენი გავლენა არ ვრცელდება. მაშინ რა გამოდის, ადამიანი უკიდურეს ფსიქოლოგიურ გაჭირვებაში რომაა, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს და შეცვლაც არ შეუძლია მისი, მოთმინებით უნდა ელოდოს როდის დაეცემა თავში ლოდი და დამთავრდება მისი ტანჯვა? ეს კიდევ განსაკუთრებული აბსურდია. რა აზრი აქვს სიკვდილზე ოცნებით ცხოვრებას? ეს ემგვანება იმ ფენომენს, რაზეც კამიუ საუბრობს „სიზიფეს მითში“ - ზოგიერთი ადამიანი თვითმკვლელობაზე „არას“ ამბობს, მაგრამ ისე ცხოვრობს, თითქოს „კი“ ეთქვასო.

„სწორად“ ცხოვრებას რაც შეეხება, კანტი ამბობს, რომ მთავარი ის კი არაა, ვიცოცხლო, არამედ ის, რომ ჩემი ცხოვრების წლები ღირსეულად გავლიო. შუა საუკუნეების იაპონიაში დამყარდა თვითმკვლელობის რიტუალური წესი, სეპპუკუ, რომელსაც თავდაპირველად მხოლოდ სამურაები მიმართავდნენ ერთადერთი მიზნით - ღირსეულად დაესრულებინათ სიცოცხლე. ამ იაპონური ტრადიციის მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ თვითმკვლელობა ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ ნიშნავს ღირსების მოპოვებას და საინტერესოა, ღირსეულად სიკვდილი რატომ არაა ღირსეული ცხოვრების „ინდიკატორი“? ნუთუ კანტი ფიქრობს, რომ სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთისგან განყენებული რაღაცებია და აზრი არ აქვს, როგორ მოვკვდებით? თუკი ასეა, მაშინ რატომ ამბობს, რომ თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულება ამორალურია?

საბედნიეროდ, კანტი არ ყოფილა ერთადერთი მოაზროვნე, ვისაც თავისი აზრი გამოუთქვამს თვითმკვლელობის შესახებ. და მაინც, რამდენად გამართულიც არ უნდა იყოს მსჯელობა ამ პრობლემაზე, მაინც მგონია, რომ ფილოსოფოსები არ არიან სწორი ადამიანები თვითმკვლელობაზე სასაუბროდ, რადგან ისინი ყოველთვის განზოგადებულად მსჯელობენ და ასეთ მსჯელობაში იკარგება უნიკალურობა, რომელიც ყველა ადამიანს აქვს. ამგვარად, არც არაფერი დაგვაკლდებოდა, თუკი კანტი სუიციდზე სტატიის დაწერისთვის დახარჯულ საათებს ისევ და ისევ სუფრაზე სხვა დიდ მოაზროვნეებთან ერთად მოლხენას დაუთმობდა.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.