დეონტოლოგია, კანტის მოძღვრებაა კატეგორიული იმპერატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც არსებობს გარკვეულ პრინციპთა დაწერილი ან დაუწერელი კრებული, რომელთა მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა. მან იმის მიხედვით უნდა გადაიაზროს მომხდარი და იფიქროს შედეგზე, თუ რამდენად მორალურია არა მიზანი, არამედ საშუალება, მიდგომა. იგი ამ მხრივ ეწინააღმდეგება კონსეკვენსიალიზმს და ქმედებას განსაზღვრავს არა შედეგით, არამედ მოტივით - ეს ის მოძღვრებაა, რომლის მიხედვითაც შედეგი სულად არ ამართლებს საშუალებას. ცხადია, არ არსებობს უნივერსალური მორალის შესატყვისი კანონთა კრებული, თუმცა დეონტოლოგია ცდილობს იმგვარად შეიმუშავოს გარკვეული ტიპის მორალური სქემა, რომ ის თითოეულ ინდივიდამდე დაიყვანებოდეს და იქნეს მათი კეთილი ნებისა და საყოველთაო მორალის მოპასუხე,რომელიც წინააღმდეგობას არ გამოიწვევს მისი საყოველთაოობის შემდეგაც. რაღაც მორალურია არა იმიტომ, რომ მისი შედეგი შეიძლება იყოს საუკეთესო ვარიანტი სხვა ნებისმიერ ალტერნატივას შორის, არამედ იმიტომ, რომ განზრახვა, იმპერატივი იყო მორალური - ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ მთავარია ის, თუ შედეგის დადგომისთვისაა გადადგმული ნაბიჯი და რამდენადაა ის თავად მორალური და არა ის, რა შედეგი დადგება.
იმის გამო, რომ გარესამყარო ჩვენი ქმედებებისა და სურვილებისადმი გულგრილია, შეუძლებელია ყოველგვარი გარანტიებით გამოითვალოს ნებისმიერი ქმედების ჩადენის შემდგომ დამდგარი მოსალოდნელი შედეგი. (It is impossible to determine if the outcome of an event is good or bad until the future is fully realized. -Alan Watts) ჩვენს გონებაში არსებულ სცენარებს იშვითად თუ შეესატყვისება ობიექტური რეალობა, ამდენად გარდაუვალია შეცდომები, მიზანი კი დაუდგენელი და კითხვისნიშნებით სავსე. ამის ილუსტრაციაა ნოვას ეფექტი, რომლის მიხედვითად ის, ერთი შეხედვით იღბლიანი შემთხვევა შეიძლება აღმოჩნდეს უიღბლო და პირიქით. ჯაჭვური პრინციპით შეიძლება ნებისმიერმა ქმედებამ მიგვიყვანოს ისეთ შედეგამდე, რომელზეც არც კი დავფიქრებულვართ. შესაბამისად, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვმართოთ სამყარო და მისი წესები, და შეგვიძლია მხოლოდ ვმართოთ საკუთარი თავი და ქმედებები, ყოველი ჩვენი ქმედება,ვფიქრობ, მართლზომიერია, რომ აღძრული იქნას მორალურად სამართლიანი მოტივით. ამ დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსალოდნელ, სასურველ შედეგს არ გამოიწვევს იგი, სინანულის გრძნობა ნაკლები იქნება, რადგან ადამიანმა მისდია მისთვის მნიშვნელოვან წესების კოდექსს, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მისთვის არსებობს, ან კანტისეულად - უნივერსალურია, ერთგვარად ინტერსუბიექტური.
კაცმა, რომელიც სამსახურში მიდიოდა, ბანკში შეიარა. რამდენიმე წუთში მძარცველი შეიჭრა, რამდენიმე ადამიანი შეამოაკვა, მისი დაკავების სპეცოპერაცია კი რამდენიმე საათი გაგრძელდა. მამაკაცს სამსახურში დააგვიანდა, თუმცა ამაზე აღარ უდარდია მაშინ, როდესაც შეიტყო, რომ მისი სამსახურის შენობა იმ დილას აფეთქდა და მისი ყველა თანამშრომელი დაიღუპა. გამორიცხულია, რომ შედეგის მიუხედავად, რაც ამ მოვლენას მოსდევდა (კაცის სიცოცხლის გადარჩენა), მძარცველი აღქმული იქნეს როგორც გმირი, მისი ქმედება კი - როგორც სიცოცხლის გადამრჩენელი. ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, რაც არ უნდა შესთავაზოს სამყარომ, ის განისჯება მისი მოტივის მიხედვით და არა, შედეგის. შენი მოკვლის მიზნით დაქირავებული მკვლელი მოგსდევს მანქანით, დაგარტყა, ჩათვალა, რომ მისი საქმე შესრულებულია და ადგილიდან მიიმალა. საავადმყოფოში მისულმა აღმოაჩინე, რომ მოტეხილობების გარდა არაფერი გჭირს, თუმცა თავში აღმოგიჩინეს დაავადება, რომელიც ახლა მკურნალობას სავსებით ექვემდებარება, თუმცა მცირედი დაგვიანებაც კი ლეტალურ შედეგს გამოიწვევდა. ალბათ საუკეთესო შედეგია, რაც კი დღევანდელ დღეს შეეძლო მოეტანა, მისი გამომწვევი კი იმ მანქანის მძღოლია, რომელმაც შენი მოკვლა სცადა, თუმცა მის ქმედებაში მცირედი მორალის პოვნაც კი რთულია.
''You have power over your minds, not outside events. Realise this and you will find strenght" - Marcus Aurelius
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.