არა კაც-ჰკლა- ეს სიტყვები ჩვენში თითქოს დაბადებიდანვე ჩაბეჭდილია. მკვლელობა ერთ-ერთი უმძიმესია იმ დანაშაულთაგან რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. მაგრამ ნუთუ შესაძლოა დადგეს ისეთი მომენტი, რომ სასამართლოში მკვლელის მხარე დავიჭიროთ?
იმანუელ კანტი ჩვენს შეკითხვას მტკიცე უარით გაისტუმრებდა. მას სწამდა, რომ სწორი გადაწყვეტილება დაფუძნებულია უნივერსალურ მორალურ წესებზე. ამ თეორიას დეონტოლოგია ეწოდება.
კანტის აზრით ადამიანი ვალდებულია მიყვეს დადგენილ წესებს და არმც და არამც არ გადაუხვიოს მათ. დეონტოლოგია ბერძნული სიტყვაა და პირდაპირ რომ ვთარგმნოთ მოვალეობის მეცნიერებას მივიღებთ (deon- მოვალეობა, logos -მეცნიერება). ერთი შეხედვით ძალიან ადვილი გვეჩვენება ასე ცხოვრება. თუ ყველა შეასრულებს წესებს და არ დაარღვევს მათ, არც არაფერი უნდა დაშავდეს და იდეალური ცხოვრებაც გვექნება-მშვიდი, თავის ატკიებაც აღარ დაგვჭირდება არაფერზე.
მაგრამ რამდენად რეალურია ეს ყოველივე?
კანტის მიხედვით ჩვენთვის მთავარია, რომ ცხოვრებაში მივიღოთ მაქსიმალური სიკეთე. სწორედ ამიტომაც ფიქრობს, რომ წესები აღმოფხვრის ბოროტებას და ხშირ შემთხვევაში სწორედაც ასეა. ისინი გვეხმარებიან ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებისას, რომ არ მოვიტყუოთ ან პატივი ვცეთ ჩვენზე უფროსებს. თითქოს ეს ვალდებულებები გვიკაფავს ბილიკს, რომელსაც მივყვებით. მორალურად სწორი გადაწყვეტილების მიღების შედეგიც სწორი და სიკეთის მომტანი იქნება.
თუმცა, როგორც ყოველთვის მონეტას ორი მხარე აქვს და დეონტოლოგია არ არის სრულყოფილი გამოსავალი.
დეონტოლოგიას, როგორც სხვა ნორმატიულ ეთიკის თეორიებს , აქვს სუსტი მხარეც. ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე საინტერესო პრობლემა არის ის , რომ არ არსებობს მორალური მოვალეობების გადაჭრის მკაფიო გზა, როდესაც ისინი ერთმანეთთან კონფლიქტში აღმოჩნდებიან. რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც ადამიანი ამორალურად იქცევა, თუმცა მისი საქციელი თავდაცვას ეხება?
ჩემი დასმული პრობლემის უფრო კარგად გასაგებად მოვიყვანოთ მაგალითი. 1989 წელს ძმებმა ჯოზეფ და ერიკ მენენდეზებმა მოკლეს თავიანთი მშობლები. მკვლელობის მიზეზი კი იყო წლების განმავლობაში მამის მხრიდან სექსუალური ძალადობა, დედის მხრიდან კი ბულინგი და ფიზიკური ძალადობა. ბოლო დროს კი მამა მოკვლით ემუქრებოდა მათ, თუკი სადმე სიტყვა დასცდებოდათ ამ ამბავზე. ამ გარემოებების მიხედვით , რად შეიძლება ჩავთალოთ ძმების საქციელი: პირველი ხარისხის მკვლელობად თუ თავდაცვად?
თუკი ამ ყველაფერს დეონტოლოგიის მხრიდან შევხედავთ , ძმების საქციელი რა თქმა უნდა ცივსისხლიან მკვლელობად ითვლება. ამის გარკვევა თითქოს და ადვილია, ისინი არ დაემორჩილნენ უნივერსალურ წესს- არა კაც-ჰკლა. კანტს რომ XX საუკუნეში ეცხოვრა, იგი აუცილებლად განსჯიდა ძმებს და დაუფიქრებლად იტყოდა, რომ მათ მთელი ცხოვრების ციხეში გატარება ეკუთვნით.
მაგრამ ამ საქმეს შეიძლება შევხედოთ მეორენაირადაც. ძმებმა მენენდეზებმა გამოიარეს ტრაგიკული ბავშვობა. მამა მათზე სექსუალურად ძალადობდა, დედა სცემდათ. ბოლო წვეთი კი ის აღმოჩნდა, რომ მამა სიცოცხლის წართმევითაც კი დაემუქრა მათ, თუკი ისინი ხმას ამოიღებდნენ ამ ყველაფრის შესახებ. როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ასეთ ტრავმას იღებს მისი მენტალური ჯანმრთელობის სიმყარე ეჭქვეშ დგება. სრულიად შესაძლებელია, რომ ძმების ქმედება ყოფილიყო აფექტის შედეგი. რაღაც მომენტში ისინი საკუთარი თავის დაცვის სხვა გზას ვერ ხედავდნენ- ან უნდა აეტანათ ასეთი საქციელი ან რაიმე გამოსავალი მოეძებნათ. მართალია თავდაცვა ამორალური აღმოჩნდა, მაგრამ მათთვის შეიძლება ეს იმ მომენტში სიცოცხლის გადარჩენად ღირდა.
დეონტოლოგია გადაჭრით იტყვის, რომ ისინი დამნაშავენი არიან, რადგან წესი დაარღვიეს, მაგრამ მეორე მხარეს დგას სრულიად ვალიდური არგუმენტი, ძმები საკუთარ სიცოცხლეს იცავდნენ. ასეთი შემთხვევის დროს არ გვაქვს პრობლემის გადაჭრის მკაფიო და უნივერსალური გზა, რაც ამ თეორიის სისუსტედ მიმაჩნია. ძმები მენენდეზების სასამართლოც 7 წელი გაიწელა, თუმცა მოსამართლემ მიიღო დეონტოლოგიური გადაწყვეტილება, მიემხრო კანტის მსჯელობას და ძმები მენენდეზები მათ დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებენ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.