"და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თვისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი..." (დაბ. 1:26-27)
ადამიანი შექმნის დღიდანვე თავისუფალ არსებას წარმოადგენს და მას ძალუძს, რომ თავად მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდგომში გავლენას იქონიებს როგორც მასზე, ასევე მის გარშემო არსებულ გარემოზე. თუმცა თუკი მუდმივად ინდივიდუალური მორალური პრინციპებით ვიცხოვრებთ და იმას ავირჩევთ, რაც მოკლევადიან პერიოდში ბედნიერებას მოგვიტანს, გრძელვადიან პერიოდში კი დაგვაზიანებს, მაშინ როგორ უნდა შეინარჩუნოს კაცობრიობამ თავისი სახე და არ გადადგას ნაბიჯი უკან? ამასთან დაკავშირებული ეგზისტენციალური კითხვები მაშინ იჩენს თავს, როცა პრობლემას პირისპირ ვეჯახებით, თუმცა როდესაც ეს პრობლემები თავს აშკარად იჩენს, ზოგჯერ გააზრებისთვის გვიანიც კია და მხოლოდ უარყოფით შედეგებს ვხედავთ.
გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს დეონტოლოგიური ეთიკა, რომლის მიხედვითაც ადამიანი ვალდებულებების გამო უნდა იქცეოდეს ისე, როგორც საჭიროა. დეონტოლოგების აზრით, ეს ვალდებულებები კეთილი ნებიდან გამომდინარეობს და, შესაბამისად, უნივერსალურ სიკეთეებს წარმოადგენს. მაგრამ სამყარო არასდროს მოქმედებს ისე მარტივად, რომ რამდენიმე წესით ჩამოაყალიბოს თავისი კანონზომიერებანი და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი.
აუცილებლობა და საჭიროება ზედმეტად ბუნდოვანი ცნებებია და ხშირად შეიძლება მანიპულაციის ინსტრუმენტებადაც კი იყოს გამოყენებული. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ადამიანებს დაკარგული აქვთ არჩევნის თავისუფლება და ცხოვრობენ სწორედ ისე, როგორც მათთვის შთაგონებულია, რომ „აუცილებელია“. ამ მაგალითის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ ის, რასაც საზოგადო სიკეთედ მივიჩნევთ, შესაძლებელია წესრიგის შესანარჩუნებლად მიზანშეწოლილი ფაქტორი იყოს, თუმცა ისინი რეალურად სხვა ადამიანებისგან ჩანერგილი, შთაგონებული იდეებია. ამ დროს ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ ნელ-ნელა არჩევნის თავისუფლებისგან იცვლება და ეხვევა იმ ბორკილებში, რომლებსაც სოციუმი აუცილებლობას არქმევს და ისე ფუთავს, რომ პიროვნებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს.
ბიუროკრატიული რეჟიმები წესრიგისა და ჰარმონიის შექმნის ილუზიას ქმნის, თუმცა მაინც არ ეცემა პასუხი იმ კითხვებს, თუ რას წარმოადგენს რეალურად აუცილებლობა და არჩევნის თავისუფლება. დასკვნამდე მისასვლელად ჯერ საჭიროა განსაზღვრა იმისა, „აუცილებელი“ და „საჭირო“ ქმედებები ობიექტური და ყველასთვის უნივერსალურია, თუ თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. კანტს აქ უკვე შემოაქვს კატეგორიული იმპერატივიზმის ცნება, რომლის მიხედვითაც ადამიანი უნდა მოიქცეს იმ მორალური მაქსიმის მიედვით, რომლის განხორციელებაც შეუძლია და სურს, რომ გახდეს უნივერსალური. კანტის მიხედვით, კატეგორიული იმპერატივიზმები საყოველთაო და უნივერსალური უნდა იყოს, თუმცა იმ მიზეზის გამო, რომ ადამიანების ქმედებების განხორციელების დროს მათი სურვილიც მხედველობაში მისაღებია, გამოდის, რომ უნივერსალური სიკეთე არ არსებობს და ყველაფერი ინდივიდუალიზმამდე დაიყვანება.
უნივერსალური სიკეთის არარსებობა პირდაპირ უკავშირდება საჭიროებასა და აუცილებლობას, შესაბამისად, ეს ცნებებიც ინდივიდუალურ განსაზღვრებას საჭიროებს. თუ ჩავთვლით, რომ აუცილებლობა მართლაც არსებობს და მას გვერდი არ უნდა ავუაროთ, ის მაინც ინდივიდუალური და სუბიექტური იქნება. ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი საჭიროების არჩევა და იმ წესებით ცხოვრება, რომელსაც თავად დაუწესებს საკუთარ თავს.
ეს საკითხი რომ რელიგიას დავუკავშიროთ, ქრისტიანობის მიხედვით, დავინახავთ, რომ ადამიანს ღვთისგან აქვს ბოძებული თავისუფალი ნება და თავად შეუძლია საკუთარი საჭიროება შექმნას, ხოლო თუ ჩავთვლით, რომ ადამიანი ღვთისგან გადაგდებულია, ან ეს ღმერთი საერთოდ არ არსებობს, მაშინ გამოჩნდება, რომ უნივერსალური მორალი არ არსებობს და ადამიანი მარტო დარჩება პირისპირ საკუთარ სურვილებსა და არჩევანთან. ერთი შეხედვით, შესაძლებელია ისე ჩანდეს, თითქოს აუცილებლობა არჩევნის თავისუფლებას უპირისპირდება, მაგრამ რეალურად არჩევნის თავისუფლება ქმნის აუცილებლობას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.