ამ კორპორაციაში უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ. მთელი ჩემი ბავშვობა აქ მოხვედრისთვის დავხარჯე, ყოველ დღე ვდგებოდი და წარმოსახვით გასაუბრებას წარმატებით გავდიოდი, თან ისე, რომ იქ მყოფ ხალხზე მუდმივად უდიდეს შთაბეჭდილებას ვტოვებდი, მაგრამ ეს ყველაფერი თავში იყო. ეს წარმოსახვა 8 წელიწადში ახთა, ყველაფერმა ნაკლებად ეპიკურად ჩაიარა, მაგრამ იქ მოხვდი, იმ ადგილას, რომლისთვისაც ენერგიას და დროს არ ვიშურებდი, იქ სადაც ჩემი ყველა ოცნება ახდებოდა.
ამ კორპორაციაში ყველაფერი ექვემდებარებოდა წინასწარ შედგენილ წესს და გეგმას. ყველაფერი მილიმეტრამდე გაზომილი, გრამის მეათასეებამდე აწონილი და წამებამდე გაწერილი გახლდათ. არავინ არ იყო უსაქმურად, ყველა თავის ფუნქციას ასრულებდა ზუსტად ისე, როგორც კორპორაციას ჩაფიქრებული და დაწესებული ქონდა. მთელი სტრუქტურა მუშაობდა იდეალურად, საქმე კეთდებოდა და ისედაც საერთაშორისო გიგანტი, უფრო და უფრო იმატებდა თავისი მიღწევებით წონაში.
მე ბედნიერი ვიყავი.
ცოტაოდენ ჩემს დანიშნულებაზე - მე ვარ უფროსი პროგრამისტი, ვინც განაგებს პროგრამულ უსაფრთხოების საკითხს. კი, მეც მყავს ზემდგომი მენეჯერი, როგორც ყველას, ჩვენს კორპორაციაში ყველას ყავს თავისი უფროსი, ვინც აკონტროლებს გეგმის შესრულების სისწორეს - რეგელი, მაგრამ მე ვარ მთავარი ადამიანი, ვინც იცავს ჩვენს რაკეტებს. (სულ გადამავიწყდა, სიხარულის გამო ეტყობა ამომივარდა ამის ხსენება თავიდან, ჩვენი კორპორაცია არის უმსხვილესი სამხედრო ტექნოლოგიების წარმოებელი).
ყოველი დღე ასე მიდიოდა - დილის 7-ზე უკვე სამსახურში ვიყავი. ჩემს პირად ნივთებს ვტოვებდი სპეციალურ კარადაში. მითითებულ მარშუტს მივუყვებოდი. საშუალოდ შენობაში შევლიდან ჩემს ოფისამდე 121-131 ნაბიჯი მჭირდებოდა. კედლების გასწვრივ დღის განრიგი ეწერა, კვირის გეგმები და ზუსტად გადანაწილებული დავალებები, როგორც საყოველთაო, ასევე სპეციალური ბარათის მიდების შემდეგ გამოჩენილი პირადი დავალებები. მე სადაც ვიჯექი იქაც კედლის მონიტორებზე დაწერილი დღის და კვირის გეგმები იყო და ქვევით, ეკრანის მესამედზე, ხასხასა წითელი ხაზი, სადაც ყველაზე მთავარი წესები ეწერა. ყველაზე ბანალურ მნიშვნელოვან წესებს, რომ დავანებოთ თავი (პირადი ნივთების არ მოპარვა, კორპორაციის საკუთრების არ მითვისება და ა.შ.), სასტიკად იკრძალებოდა პროგრამის გატეხვა. ამის მიზეზი არავინ იცოდა, არადა ხშირად ტეხავენ პროგრამებს სპეციალურად, რომ მისი სიძლიერე გაზომონ, ჩვენთან კი ეს აკრძალული იყო. როგორც მითხრეს ეს იმიტომ იყო აკრძალული, რომ დამაარსებლებს არ უნდოდათ, რომ ოდესმე ვინმეს, საკუთარ თანამშრომელსაც კი გაეტეხა სისტემა, რომ ყველა სხვა კომპანიის თვალში ჩვენ ყველაზე ძლიერებად გამოვჩენილიყავით, რაც სინამდვილე იყო, არავის არასდროს არ გაუტეხავს ჩვენი სისტემა. მე კი, როგორც უსაფრთხოების უფროსმა პროგრამისტმა, ვიცოდი, თუ რა გზები არსებობს მის „გასახსნელად“, მაგრამ ეს ქმედება კლასიფიცირდებოდა, როგორც პროგრამული გატეხვა. ამაზე ბევრს არც ვფიქრობდი, ანდაც, რატომ უნდა მეფიქრა? გვქონდა მიზანი, განსაზღვრული წესი, თან ჩვენი რეგელი მუდმივად იყურებოდა ჩვენს მონიტორებში, ამოწმებდა - რამეს „ისეთს“ ხომ არ ვშვებოდით.
მე ბედნიერი ვიყავი.
ერთ დღეს სისტემა წამიერად დაიშალა. პროგრამაში აცდენა მოხდა და ჩვენი რაკეტები გაეშურნენ გაურკვეველი მიმართულებით. ტრაექტორიის გამოთვლის შემდეგ დადგინდა, რომ ისინი 840 კილომეტრით დაშორებულ დასახლებულ პუნქტს ხდებოდნენ. ყველა მივარდა კომპიუტერებთან, ცდილობდა რამე ექნათ - არაფერი გამოდიოდა. მთელი პასუხისმგებლობა ჩემზე იყო, მაინც პროგრამული უსაფრთხოების უფროსი ვიყავი. ყველა ხერხი გამოვცადე, არაფერმა იმუშავა. ბოლოს გამახსენდა ის „გასახსნელი“ გზები - ისინი ნადვილად იმუშავებდნენ. სწრაფად მივუბრუნდი კომპიუტერს და დავიწყე ამ ხერხის გამოყენება, უეცრად ზურგზე ბევრი ნემსის გაყინული ჩხვლეტა ვიგრძენი, ავწიე თავი, დავინახე რეგელის ყინულივით ცივი თვალები, იმათში იკითხებოდა - „არ ქნა, არ შეიძლება“. თვალები მოვაშორე, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო? წესები თუ ქალაქი? გავიხედე, კედლიდან წითლად მანათებდა მთავარი წესი - „პროგრამული გატეხვა სასტიკად აკრძალულია“. გავჩერდი.
რაკეტები აფეთქდნენ. დასახლებული პუნქტის 41% განადგურდა. დამნაშავედ არავინ გამოავლინეს, დააბრალეს პროგრამულ შეცდომას. მე დამაწინაურეს, ახლა უფრო მეტი წესი გაჩნდა, რომელსაც უსიტყვოდ მივყვებოდი.
ბედნიერი?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.