დეონტოლოგიური ეთიკის თანახმად, ადამიანმა ყოველთვის უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა (Duty), განურჩევლად იმისა, თუ რა შედეგი მოჰყვება მის ქმედებას. იმანუელ კანტიც მსგავს რამეს ამბობს, რომ არსებობს კატეგორიული იმპერატივები, რომლებიც უნივერსალური კანონია და რომელთა შესრულებაც ყველასთვის სავალდებულოა. კანტის აზრით, ადამიანი იმ წესების შესაბამისად უნდა მოიქცეს, რომელთაც, რომ შეეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდა.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ორი მოვალეობა, ორი უნივერსალური კანონი ერთმანეთის საპირისპირო ქმედებებისკენ გვიბიძგებს? რომელ თანაბრად მნიშვნელოვან ვალდებულებას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?
განვიხილოთ მაგალითი:
როგორც ცნობილია, ნაცისტური რეჟიმის დროს, უამრავ ებრაელს ხოცავდნენ და ამის გამო ებრაელები მუდმივად იმალებოდნენ. დავუშვათ, ერთმა დიდსულოვანმა გერმანელმა, იოჰანმა, საკუთარ სახლში შეიფარა ერთ-ერთი ებრაელი და დაპირდა, რომ არ გასცემდა. ცოტა ხნის შემდეგ იოჰანს კართან გერმანელი ჯარისკაცი მოადგა და ჰკითხა, იმალებოდა თუ არა მის სახლში ებრაელი. როგორ უნდა მოიქცეს იოჰანი?
ებრაელისთვის მიცემული პირობა იოჰანს აშკარად ავალდებულებს, რომ სტუმარი არ გასცეს. მისი მოვალეობაა, რომ საკუთარ სახლში საკუთარივე ნებით შეფარებული ებრაელი გადაარჩინოს. მეორე მხრივ, კანტის კატეგორიული იმპერატივი იოჰანს ეუბნება, რომ არასდროს მოიტყუოს. კანტის მიხედვით, სიმართლის თქმა არის ის უნივერსალური კანონი, რომელიც ყველამ უნდა აღასრულოს. შედეგად, ცალსახაა, რომ იოჰანი დილემის წინაშეა: შეასრულოს თავისი მოვალეობა და დაიცვას სახლში დამალული ებრაელი თუ დაემორჩილოს უნივერსალურ კანონს და სიმართლე თქვას. დეონტოლოგიის მიხედვით, ორივე ქმედება ეთიკური იქნება, მაგრამ დეონტოლოგია იოჰანს არ ეუბნება, რომელ მოვალეობას მიანიჭოს უპირატესობა.
თუ დავუშვებთ, რომ იოჰანმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტყუილი უნდა თქვას, იმ მოტივით, რომ ებრაელისთვის მიცემული სიტყვა შეასრულოს, გამოვა, რომ კანტის უნივერსალური კანონი კონრეტულ სიტუაციას მოვარგეთ და ვიგულისხმეთ, რომ „ადამიანმა ტყუილი არ უნდა თქვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს“. ამ შემთხვევაში, ცხადია, უნივერსალური კანონი თავის უნივერსალურობას კარგავს. კანონის კატეგორიულობის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გამონაკლისები არ უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, დეონტოლოგიის ძირითადი იდეა სწორედ იმიტომაა მოვალეობების უპირობოდ შესრულება, რომ ადამიანს მომავლის წინასწარმეტყველება არ შეუძლია. შესაბამისად, ვერც საკუთარი ქმედების შედეგს განსაზღვრავს წინასწარ. ამიტომ, დეონტოლოგიური ეთიკა გვეუბნება, რომ სჯობს, პატიოსნად შევასრულოთ მოვალეობა და არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შედეგს მოიტანს კონკრეტული ქმედება.
დავუშვათ, იოჰანმა ჯარისკაცი მოატყუა და უთხრა, რომ სახლში ებრაელი არ ჰყავს. ეს საუბარი ებრაელმა მოისმინა და იოჰანის სახლიდან გაიქცა. ჯარისკაცმაც დაიჯერა იოჰანის ნათქვამი და სახლის გაჩხრეკვის ნაცვლად უკან გაბრუნდა. სავსებით შესაძლებელია, რომ გაქცეულ ებრაელს გადაყროდა და მოეკლა. მაშინ, როცა იოჰანს რომ სიმართლე ეთქვა, გერმანელი ჯარისკაცი სახლში შევიდოდა და ებრაელს გასაქცევად მეტი დრო ექნებოდა. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ იოჰანის ტყუილმა ებრაელი მოკლა. ვინაიდან, იოჰანს არ შეეძლო მომავლის წინასწარმეტყველება, ტყუილი არ უნდა ეთქვა. სიმართლეს თუ იტოდა და ამის გამო მოკვდებოდა ებრაელი, ეს უკვე იოჰანის ბრალი აღარ იქნებოდა, რადგან ის უნივერსალურ კანონს დაემორჩილა, განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როდესაც მან ტყუილი თქვა და ამ ეთიკურად გაუმართლებელმა ქმედებამ შეიწირა ებრაელის სიცოცხლე.
თუმცა, თუ იოჰანი სიმართლეს იტყვის, აშკარად გამოვა, რომ ის ებრაელისთვის მიცემულ პირობას დაარღვევს და დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებს, შინ შეფარებულ ებრაელს გასცემს. არც ამგვარ ქმედებას ამართლებს დეონტოლოგიური ეთიკა.
შეგვიძლია განვიხილოთ მესამე ვარიანტიც. იოჰანს შეუძლია, რომ არ მოიტყუოს, მაგრამ არც ებრაელი გასცეს. დავუშვათ, იოჰანმა გერმანელ ჯარისკაცს წინააღმდეგობა გაუწია და განუცხადა, რომ არ გაუმხელდა ებრაელის სამყოფელს. ასეთ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ჯარისკაცი იოჰანს მოკლავდა. შედეგად იოჰანი შეეწირებოდა თავისი მოვალეობის შესრულების მიზანს, ისე, რომ კატეგორიულ იპერატივსაც არ დაარღვევდა. თუმცა სადავოა, რამდენად გამართლებული იქნებოდა იოჰანის ამგვარი საქციელი დეონტოლოგიური ეთიკის მიხედვით.
დეონტოლოგია გვავალდებულებს, რომ შევასრულოთ დაკისრებული მოვალეობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენგან გმირობას მოითხოვს. ადამიანი არ არის ვალდებული, რომ მოვალეობის შესრულებას თავი შესწიროს. ეთიკური ქმედება იქნება სიმართლის თქმა, თუმცა სხვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის დათმობა, ვფიქრობ, ეთიკის საზღვრებს სცდება და გმირობაში გადადის, რაც ადამიანის პირადი არჩევანია და არა უნივერსალური კანონი, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს.
ამგვარად, იოჰანის დილემა კარგად წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ შესაძლოა დეონტოლოგიური ეთიკა ერთმანეთის საპირისპირო ქმედებებისკენ გვიბიძგებდეს ისე, რომ ერთმნიშვნელოვნად ვერ გვეუბნებოდეს, ორი თანაბრად „აქტიური“ მოვალეობიდან რომელს მივანიჭოთ უპირატესობა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.