ადამიანი მუდმივად ცდილობს, მოახდინოს ისეთი პარადიგმების კონსტრუირება, რომლებიც ამარტივებენ სამყაროს რეპრეზენტაციას. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის ქცევების უმეტესობა სოციალური ხასიათისაა, ფსიქიკაში ჩამოყალბებული ეს ხატები, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ ქცევაზე აისახება. მორალური მიმართებები წარმოადგენენ გარემოს იმგვარი აღქმის გამარტივებულ სახეს, რომელიც გვეუბნება, როგორი უნდა ვიყოთ, გვაწვდის ინფორმაციას სხვა ადამიანებისა და სამყაროს მოწყობის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ცოდნა გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი, რომელსაც საბოლოოდ მოტივაციისა და თვითდისციპლინის ინდივიდუალურ ფორმებამდე მივყავართ.
კანტის დეონტოლოგიური თეორიის მიხედვით, ქმედებების კლასიფიკაცია, როგორც კარგის ან ცუდის, დამოუკიდებელია მათგან მომდინარე შედეგებისა და ჩვენი დამოკიდებულებებისგან: მხოლოდ საკუთრივ ქმედებები შეიძლება იყვნენ კარგი/ცუდი და არა მათი შედეგები. კატეგორიული იმპერატივია ის საწყისი საფუძველი, რომელიც განაპირობებს ადამიანის მორალური ღირებულების მქონე ქცევას. იგი არსებობს ყველა ადამიანის ზნეობრივ პრაქტიკაში, რამდენადაც ადამიანები რაციონალური არსებები არიან. მათ შეუძლიათ მოვლენებისგან დისტანცირება და რეფლექსიის მოხდენა იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ და რატომ. ამრიგად, კატეგორიული იმპერატივი უნივერსალური, თავისთავადი და მუდმივია, შეუძლებელია ემპირიულ სუბიექტებს შორის არსებული განსხვავებების მიხედვით შეიცვალოს.
ფროიდის აზრით, ადამიანის მორალური ღირებულებებისა და შეხედულებების წყაროს წარმოადგენს ინტერნალიზებული, ეგოზე მიმართული აგრესია. მისი მორალური განვითარების თეორია უკავშირდება იდეას, რომ ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს შორის მუდმივი დაძაბულობაა. მორალი წარმოიქმენა მაშინ, როდესაც შინაგანი იმპულსები, სურვილები რეპრესირებულია და მათ ადგილს სოციალური აგენტების მიერ დადგენილი ღირებულებები იკავებენ. სექსუალური და აგრესიული მისწრაფებების დათრგუნვა ხდება მათი შინაგანი ‘მაკონტროლებლის’ სუპერვიზიის ქვეშ გადასვლით, რაც ხელს უწყობს, აღმოიფხვრას ამგვარი მისწრაფებების შედეგად გამოწვეული კულტურისა და ურთიერთობების შემაფერხებელი ფაქტორები.
სოციალური ნორმები, იდეები და ღირებულებები სხვადასხვა კულტურასა და ისტორიულ პერიოდში განსხვავებულია, რაც განაპირობებს მორალის ფარდობით ხასიათს. კანტის კატეგორიული იმპერატივი აბსოლუტური მნიშვნელობისაა, ერთგვარი უპირობო ბრძანებაა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლობით უნდა შესრულდეს. ამიტომ სხვადასხვა კულტურულ გარემოში შეუძლებელია მორალური ხასიათის დიფერენცირების დაშვება, მაშინ როცა ფროიდის თეორია ასეთი კატეგორიული არ არის. ის რაც ერთი საზოგადოების წევრისთვის მორალურ სტანდარტს წაემოადგენს, სხვა საზოგადიებისთვის თავისუფლად შეიძლება დესტრუქციული შედეგის გამომწვევი აღმოჩნდეს. ამგვარად, ინტერიორიზებული მორალური ღიებულებებისა და ქცევითი სტანდარტების საცავი, ანუ სუპერეგო სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა შინაგანი განსაზღვრულობის მქონე მექანიზმით მოქმედებს.
ადამიანში არსებული თვითგანადგურებისკენ სწრაფვა და მის შედეგად არსებული აგრესია მუდმივ წინააღმდეგობაში მოდის ცივილიზაციასთან. ეს უკანასკნელი ადამიანისგან მოითხოვს აგრესიული იმპულსების დათმობას, რადგან რაციონალური ინტერესები ვერასდროს გადაწონის ადამიანის გაცილებით უფრო ძლიერ, ბუნებრივ ლტოლვებს. მიუხედავად იმისა, რომ ამგავრი მსხვერპლშეწირვის საპირწონედ ადამიანს უსაფრთხოების გარანტია აქვს, მორალურად არსანქცირებული ქმედებების წინააღმდეგ მიმართული სუპერეგოს მექანიზმი ადამიანის უბედურების, შფოთვისა და ნევროტულობის წყაროა.
განსხვავებით ფროიდისგან, კანტისთვის მორალი და უფრო კონკრეტულად, კატეგორიული იმპერატივი ზნეობის უმაღლესი პრინციპია. რამდენადაც მორალური მაქსიმა კეთილი ნებისგან უნდა მომდინარეობდეს, მას ნეგატიური განწყობა ვერ ექნება, იგი ადამიანისთვის რაღაც თავისთავად, უპირობოდ კარგსა და სასურველს წარმოადგენს. კატეგორიული იმპერატივი პოზიტიური ხასიათისაა, რადგან გვკარნახობს, რომ ადამიანებს რაციონალურობიდან გამომდინარე ვალდებულება გვაქვს, რომ მის შესაბამისად მოვიქცეთ და არ მოგვიწოდებს, უბრალოდ, კონკრეტული ქმედებების არჩადენისკენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი სუბიექტის ორი შრე გამოიყოფა: ერთი მხრივ, შემოქმედი, რომელიც მოვალეობას ‘გახსენებს’, ხოლო, მეორე მხრივ, გზავნილის მიმღები, რომლის დანიშნულებაა ემპირიულ განსაზღვრულობის შესაბამისად, კონკრეტული ქმედების სახით ხორცი შეასხას მორალურ კანონს.
ამას გარდა, კანტისა და ფროიდის მორალთან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვა შესაძლებელია დანაშაულის გრძნობასთან მათი დამოკიდებულებების აღნიშვნით. სუპერეგოს ერთ–ერთი ქვესისტემა არის სინდისი, რომელსაც უკავშირდება დანაშაულის გრძნობის წარმოქმნა პიროვნებაში. იგი აგრესიისა და ემოციური მიჯაჭვულობის ჩვენივე ნებით უარყოფას წარმოადგენს. როდესაც იდი არამორალური მისწრაფებების გამოხატვას ცდილობს, სუპერეგო ამაზე დანაშაულის გრძნობის გამოწვევით ცდილობს. ეს უკანასკნელი შესაძლოა უსარგებლო და დესტრუქციული იყოს, რადგან ასახავს ადამიანის აღზრდის გამოცდილებას, ურთიერთობას მშობლებთან, თანატოლებთან და ა.შ.
ფროიდის მსგავსად, კანტთან მორალური კანონი თვითმანიფესტაციას დანაშაულის გრძნობის ინიცირებით ახდენს. ამგვარად, მასთანაც მორალურ კანონთან თანხმობის ნეგატიური ასპექტია დანაშაულის გრძნობა. თუმცა სტრუქტურული განსხვავება არსებობს, რამდენადაც მორალურ კანონთან შეუსაბამობას ადამიანის რაციონალური მხარე ადგენს. რაციონალურობა, როგორც უპირველესი, მეტაფიზიკური პრიმატი, მგრძნობელობით მხარეს, სურვილებს, მისწრაფებებს და იმპულსებს უდგენს სტანდარტებს. დანაშაულის გრძნობას კი ამ სტანდარტებთან შეუსაბამობა იწვევს. კატეგორიული იმპერატივი მიმართული არ არის მოქმედებებზე, არამედ მორალურ მაქსიმებზე, პრინციპებზე, რომელთა გარკვევა ადამიანისთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს, რადგან ნაკლებად უკავშირდებიან მგრძნობელობით მხარეს.
ფროიდი და კანტი საუბრობენ ადამიანის მორალზე, რომელსაც საფუძვლად უდევს გარკვეული სახის ცოდნები, იერარქიულობა და სამყაროსეული დისპოზიცია. ისინი წანამძღვრებად სხვადასხვა ფუნდამენტურ დებულებებს იღებენ ადამიანის მორალური განვითარების პროცესის აღწერისას. თუკი კანტთან ვალდებულებასთან თანხმობა ყოველთვის არ გულისხმობს იმას, რომ ქმედება კეთილი ნებისგან მომდინარეობს (შესაბამისად, არაა მორალური ღირებულების მქონე), ფროიდი ამგვარი საყოველთაო და აუცილებელი ძალის არსებობის გარეშე, სუპერეგოს ფუნქციონირების საფუძველზე ხსნის მორალურობას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.