ჩვენ ვერ დავიჯერებთ ვერაფერს ისე, თუ არ გვექნება რწმენა იმისა, რომ მისი მიღწევა პოტენციურად შესაძლებელია. პლატონი ფიქრობდა, რომ იცოდე იგივეა გწამდეს, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუკი არსებობს რწმენის მიზეზები. ცხადია, ყველა მიზეზი ვერ ივარგებს; ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი საფუძველი, რომელიც ცოდნას ,,მხარს უჭერს”. ალბათ, კანტისთვის არ იყო ბურუსით მოცული იმ მიზეზთა სია, რომლებიც ადამიანს მორალური ქცევისაკენ უბიძგებს; კატეგორიული იმპერატივების სამ ფორმულირებასაც გვთავაზობს და გვიხსნის კიდევაც, რომ ,,კეთილი ნებით” ადამიანები შეძლებენ, უნივერსალურ ჰარმონიას მიაღწიონ - მთავარია, ეს დადგენილი კანონები, რომლებსაც ,,საკანონმდებლო წევრები მიზნების უნივერსალურ სამეფოში” მიიღებენ ზედმიწევნით დავიცვათ, მაგალითისთვის, არ მოვიტყუოთ, არ ვუღალატოთ არავის და რაც მთავარია, არაფრით გადავიდეთ ამ დადგენილ ზღვარს, თორემ ყველაფერი ისევ ქაოსში გაეხვევა და განა მოიძებნება სამყაროში ადამიანი, ვისაც ამისი სურვილი აქვს?!
ვოლტერი ამბობდა, ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონებაო, რასაც, რასაკვირველია, ვეთანხმდები. ადამიანს სჭირდება რაღაც ,,ჩასაჭიდი”, რაც ნაწილობრივ მაინც განსაზღვრავს მის ქმედებებს. ხშირად რწმენა იმისა, რომ შენი ამიერ სამყაროში ჩადენილი საქმეები შენს იმიერ სამყაროში არსებული ადგილის განმსაზღვრელია, ადამიანთა უმეტესობას ,,კეთილი” საქმეების ჩადენისკენ უბიძგებს.
შესაძლოა, არც ამ ,,კეთილი” ქმედების არსი ესმოდეს და მთლიანობაში, არც მის შედეგს ითვალისწინებდეს, მაგრამ კანტსაც სულაც არ აინტერესებს მომავალში რა მოხდება, მხოლოდ ერთი რამეა მთავარი - პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები.
კანტი გვეუბნება, რომ იმ მაქსიმის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც იმის სურვილს გვიჩენს, რომ ჩვენი ესა თუ ის ქმედება უნივერსალურ კანონად ჩამოყალიბდეს. ერთი შეხედვით, მსგავსი აზროვნება ყველასათვის, ინდივიდუალურ დონეზე მაინც, საკეთილდღეოდ შეიძლება აღიქმეოდეს. ამ წამს, ჩემს ოთახში ორი ადამიანია: მე და ჩემი მეგობარი. მე ღრმად მწამს, რომ ადამიანები ცხოველებს საჭმელად არ უნდა ვიყენებდეთ და მეტიც იმასაც ვფიქრობ, რომ თუკი ეს უნივერსალური კანონი იქნება, სამყარო ბევრად უფრო ჰუმანური ადგილი გახდება. ამაზე ჩემი მეგობარი გაიცინებს და არც კი დასჭირდება დაფიქრდება, ისე მეტყვის, რომ ჩემი მსჯელობა აბსურდულია და ის ხორცზე არასდროს იტყვის უარს, რა კუთხითაც არ უნდა მივუდგე და როგორც არ უნდა ვეცადო მის ,,გადმობირებას”. აქვე უნდა ითქვას, რომ ორივეს აზრით, ეს შეხედულება რაციონალურია. ეს სიტუაცია იმიტომ აღვწერე, რომ ორი ადამიანის მაგალითის მეშვეობით მეჩვენებინა, რამდენი კონტრადიქტორული მოსაზრება შეიძლება გაჩნდეს კაცობრიობის შემადგენელ ინდივიდებს შორის, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული კულტურული, სოციალური თუ ფსიქოლოგიური ფონი. ეს კიდევ უფრო მეტად ცვლის მათ შეხედულებებს, ვიდრე, მაგალითად, ჩემსა და ჩემსა მეგობარს შორის შეიძლებოდა არსებულიყო. შეგვიძლია თუ არა გვქონდეს იმის იმედი, რომ ადამიანთა უმცირესობა მაინც (სულ რომ არ ვისაუბროთ უმრავლესობაზე) შეთანხმდება ერთ კონკრეტულ უნივერსალურ კანონზე, რომელიც ყველა ვითარებაში, ნებისმიერ დროს მორალური იქნება. მე მიმაჩნია, რომ იმისი დაშვებაც კი, რომ ადამიანი რაღაც ქმედების ჩადენამდე (რომელიც მისთვის დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს) ამდენად ფართო მაშსტაბებში იფიქრებს, საკმაოდ ოპტიმისტურია და მხოლოდ იმედი შეგვიძლია ვიქონიოთ, რომელიც, დამეთანხმდებით, არც ისე მტკიცე საყრდენია.
კანტი კატეგორიული იმპერატივის ერთ-ერთ ფორმულირებაში ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, თითქოს უნივერსალური კანონის მიღების მონაწილეები ვართ. ამაზე მახსენდება სარტრის “ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია”, სადაც ავტორი საუბრობს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების თანმდევ პასუხისმგებლობის გრძნობაზე. როცა პიროვნება საკუთარ თავს “განსაზღვრავს” ცალკეული ქმედებებით, ეს ნიშნავს, რომ, მისი აზრით, ასეთი უნდა იყოს იდეალური ადამიანი. ცხადია, ეს ყველაფერი უნივერსალური კანონის მიღებაში მონაწილეობას ჰგავს. სარტრი ამბობს, რომ ამ გრძნობას (პასუხისმგებლობას კაცობრიობის წინაშე) აუცილებლად მოსდევს შიში. შიში იმისა, თუ რამდენად სწორია ჩვენი ქმედებები, რითაც ვაპირებთ სამყაროს, ადამიანის განსაზღვრას. ადამიანს ზოგჯერ არა მხოლოდ იმაზე აქვს სწორი წარმოდგენა, რა არის ობიექტურად “კარგი”, არამედ ისიც არ იცის ხოლმე, თავისთვის ხელსაყრელი რა იქნებოდა კონკრეტულ სიტუაციაში. სწორედ ესაა არგუმენტი, რითაც “სახელმწიფოში” სოკრატეს ენით პლატონი უპირისპირდება თრასიმაქეს შეხედულებას, რომ სამართლიანია ყველაფერი, რაც ხელსაყრელია ძლიერისთვის. მაშასადამე, კანტი თითქოს უგულებელყოფს ადამიანის ,,შეზღუდულ” შესაძლებლობებს და ყოველგვარ შიშსა თუ პასუხისმგელობას იმედით პასუხობს. იმედით, რომელიც აუცილებლად შეაძლებინებს ადამიანს, სამყარო ,,მოაწესრიგოს”.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.