ENG GEO

Search form

მორალური კანონების განსაზღვრა კანტიანურ ეთიკაში

   დეონტოლოგია ერთ-ერთი ეთიკური თეორიაა, რომელიც კონცენტრირებულია წესებსა და მოვალეობებზე. დეონტოლოგიური ეთიკის მიხედვით, ქმედების მორალურობა მისი მიზეზით, მოქმედი პირის ზნეობრივი მოტივებითა და განზრახვით განისაზღვრება და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ქმედების შედეგს.  ეს ეთიკური თეორია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წესებს, რომლებიც უნივერსალურია და რომელთა დაცვა ნებისმიერ ვითარებაში მნიშველოვანია. ამგვარი წესების რამდენიმე მაგალითს თავის ნაშრომში აყალიბებს იმანუელ კანტი: „არ იქურდო“, „არ მოიტყუო“, „არ ითაღლითო“. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში ჩამოთვლილი კანონების დარღვევა ინდივიდისათვის შეიძლება უფრო დიდი სიკეთის მომტანი აღმოჩნდეს, დეონტოლოგებისათვის პრიორიტეტულია წესებისა და ვალდებულებებისადმი მორჩილება და არა ქმედებისაგან მიღებული სარგებლის მაქსიმიზება.

   წარმოვიდგინოთ, რომ ტყუილის თქმით შეგვიძლია ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ. კანტისა და დეონტოლოგიური ეთიკის სხვა წარმომადგენელთა გადმოსახედიდან, მსგავს სიტუაციაში, უნდა დავემორჩილოთ უნივერსალურ წესს - „არ მოიტყუო“. ამ კანონის დარღვევით შეგვიძლია ვიხსნათ ადამიანის სიცოცხლე და მოვახდინოთ „სარგებლის მაქსიმიზება“, მაგრამ დეონტოლოგია არ არის შედეგებზე კონცენტრირებული ეთიკური თეორია. იმისათვის, რომ ქმედება მორალურად ჩაითვალოს მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ უნივერსალური წესებისა და კანონებისადმი მორჩილებას.

   საინტერესოა, თავად კანტი რას ანიჭებს მნიშვნელობას მორალური, ზნეობრივი კანონებისა და წესების განსაზღვრისას. ის ცდილობს მკაცრი საზღვარი გაავლოს ემპირიულ სფეროსა და წმინდა აპრიორულ სფეროს შორის. კანტი აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ზნეობას ეხება ემპირიულ სფეროზე მისი აგება უგუნურებაა. იმისათვის, რომ შევქმნათ საყოველთაო კანონი, რომელიც მოერგება ნებისმიერ ინდივიდს უნდა დავეყრდნოთ  აპრიორულ სფეროს, ემპირიზმისაგან სრულად თავისუფალსა და დაცლილს. მაგრამ კანტი არ მიიჩნევს, რომ საჭიროა ემპირიული სამყაროსაგან სრული ემანსიპასია. ადამიანი სხვადასხვა მიდრეკილებებისადმი დამორჩილებულია და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მისაწვდომია პრაქტიკული გონება, ამ უკანასკნელის ამოქმედება მას მარტივად არ შეუძლია. ამიტომ, შემეცნების საწყის ეტაპზე, ემპირიული გამოცდილებით მიღებულ ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება: ეს არის ერთგვარი ბიძგი პრაქტიკული გონების ამოქმედებისათვის.

   კანტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნების საკითხსაც. თუ გვსურს ადამიანის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება იყოს მორალური, უნდა გამოდიოდეს მოვალეობის ცნებისგან, ხოლო ეს უკანასკნელი თავისუფალი ნებისაგან. მართალია, დეონტოლოგია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოვალეობებისა და კანონებისადმი მორჩილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქმედების განხორციელებისას ადამიანი იქცევა ავტომატურად მოქმედ ერთგვარ მანქანად, რომელიც ბრმად ემორჩილება უნივერსალურ წესებს. ინდივიდმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, ისურვოს, თავისუფალმა ნებამ უნდა წარმართოს პიროვნების ქმედება.

   კანტი ნების საკითხთან დაკავშირებითაც აცალკევებს ემპირიულ გონებას/ ემპირიულ სფეროსა და პრაქტიკულ გონებას/ აპრიორულ სფეროს. არ შეიძლება ემპირიულმა გონებამ წარმართოს ნება, რადგან ემპირიული გონება მიჯაჭვულია სუბიექტური სურვილებისა და ამქვეყნიური ბედნიერების მიღწევის იდეებზე. მსგავსი იდეები შეუფერებელია იმისათვის, რომ წარმოადგენდნენ „წმინდა ნების“ მთავარ მმართველ ძალას, საფუძველს. რა განსაზღვრავს, წარმართავს ნებას? პრაქტიკული გონება, რომლის დანიშნულებაა დააფუძნოს კეთილი თავისთავად. ხშირ  შემთხვევებში ადამიანი ემპირიის ზეგავლენის ქვეშ ექცევა და მისი ნება პრაქტიკული გონებით არ იმართება, რაც ნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილებები არ შეესაბამება წმინდა ობიექტურს. მსგავს შემთხვევებში ნება აღსავსეა სუბიექტური ხასიათით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა ვიპოვოთ მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს, რომ ნება მუდამ პრაქტიკული გონების სამსახურში დარჩეს. ამგვარ ინსტრუმენტს წარმოადგენს კატეგორიული იმპერატივი, რომელიც ადამიანს აიძულებს დათრგუნოს თავისი  ეგოისტური ხასიათი და შეაფასოს ქმედება ობიექტურად.

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.