დეონტოლოგია ფილოსოფიურ-ეთიკური მოძღვრებაა, რომელიც ადამიანის ქცევას განსაზღვრავს მსოფლიოში აღიარებული მორალური კანონებით. მოძღვრება მჭიდრო კავშირშია გერმანელ ფილოსოფოს იმანუელ კანტთან. მისი აზრით, ადამიანი უნდა იღებდეს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კარგია და მორალურად გამართლებული, თუმცა იმის განსასაზღვრა, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, რა არის მორალურად გამართლებული და რა არა მსჯელობის სხვა საკითხია.
კანტის ეთიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კატეგორიული იმპერატივები, რომლებიც ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოს და უზენაესად მიიჩნიოს, რამდენად არასასარგებლო და არასასურველი შედეგის მომტანიც უნდა იყოს იგი კონკრეტული ადამიანისთვის. კანტის აზრით მორალური ვალდებულებები და წესები კატეგორიული იმპერატივების მაგალითია, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ.
დეონტოლოგია კონსეკვენციალიზმის საპირისპირო მოძღვრებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქმედების შედეგის მნიშვნელობას, მთავარია მორალურად სწორი და გამართლებული იყოს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ადამიანები იღებენ. ის მოვალეობის ეთიკაა, რომელიც გვავალდებულებს მივყვეთ კონკრეტულ წესებს, რომლებიც საზოგადოებაში ნორმალიზებულია და კანონის სახითაა წარმოდგენილი. შესაძლოა ამ წესების შესრულება არ გვსურდეს, თუმცა გვიწევს.
ნებისმიერი სისტემა, რომელიც ემორჩილება გაწერილ წესებს და მის მიხედვით განსაზღვრავს სხვადასხვა პრობლემას წარმოადგენს დეონტოლოგიის მაგალითს. სწორედ წესების ზედმიწევნით მიყოლასა და დამორჩილებაზე მახსენდება ბიუროკრატია, სახელმწიფო წყობილება, რომელიც მოქმედებს მკაცრად გაწერილი წესებისა და კანონების მიხედვით. მსგავსი სახის სახელმწიფო წყობილება საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობას ძალიან ფორმალურს ხდის, ხოლო საზოგადოება ერთი სიმრავლე ხდება ერთნაირი ადამიანებით. ჩახშულია ინდივიდუალიზმი და განსხვავებული აზრი. თითქოს ყველა ერთმანეთს ემსგავსება და ერთი დიდ მთლიან ადამიანად იქცევა. ბიუროკრატიის ერთ-ერთი კარგი მაგალითი მხატვრულ ლიტერატურაში არის ფრანც კაფკას „პროცესი“. ინდივიდუალურობისგან დაცლილი ნაცრისფერი სამყარო, სადაც ყველაფერი იმდენად მოსაწყენია, რომ აღწერაც ძალიან იშვიათად გვხვდება. ადგილი სადაც სასამართლო პროცესის დროს არავინ ნიშნავს, მაგრამ შენობაში მისულს გეუბნებიან რომ დააგვიანე, რადგან ადამიანებში არსებული რაღაც წესების გამო შენს მისვლას ერთ კონკრეტულ დროს ელოდებიან. ადამიანებიც ერთმანეთის მსგავსნი არიან, რუტინული ცხოვრება,გაწერილი წესებით მოქმედება „ამ გაზაფულზე კ. საღამოებს ჩვეულებრივ ასე ატარებდა: სამსახურის შემდეგ ხშირად ცხრა საათამდე ბანკში რჩებოდა, ხოლო როცა მოიცლიდა, მარტო ან რომელიმე თანამშრომელთან ერთად, სეინობდა, ... ,ხანდახან ამ განრიგს არღვევდა...“ იოზეფ კ.-ს ცხოვრება იმდენად რუტინულია, რომ მისი, ზოგჯერ გეგმიდან გადახვევაც კი, რუტინული და წინასწარ გაწერილია. კაფკას „პროცესი“ კარგი მაგალითია იმისა თუ როგორი შედეგების მომტანია ბიუროკრატიული წყობილება, წესების მუდმივი მიყოლა და დაცვა საზოგადოებაში. როგორი აბსურდია ემორჩილებოდე წესებს, რომლებიც სწორი და კარგია, მაშინ როცა არავის შეუძლია დაამტკიცოს მისი სისწორე ან მცდარობა. აბსურდია გერქვას თავისუფალი ადამიანი და ემორჩილებოდე იმ წესებს, რომლებსაც არ გინდა დაემორჩილო, რადგან შენთვის ცუდი შედეგების მომტანია, ამგვარ თავისუფლებას „ზოგჯერ ჯობს ბორკილი გედოს, ვიდრე თავისუფლად დადიოდე“. უხილავი ბორკილებით შებოჭვა და თავის მოტყუება, ვითომ თავისუფალი ხარ ყველაზე დიდი ცოდვაა და ტყუილი, რაც საკუთარ თავს შეგიძლია დააჯერო.
ზემოთ აღნიშნული მსჯელობის მიხედვით მივდივარ დასკვნამდე რომ დეონტოლოგია საზოგადოებაში რთული მისაღწევია. კარგად ჟღერს წესების დაცვისა და ჰარმოინიაში ცხოვრების იდეა, თუმცა მსგავსი სახის ცხოვრების სტილი ერთფეროვნებამდე მიგვიყვანს. მუდმივად წესების მიხედვით „თამაში“ სიახლეს არ გვაძლევს და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვის თავისუფლებას გვიზღუდავს. უხილავი ბორკილებით თავისუფლების შებოჭვა და ინდივიდუალურობის ჩახშობა აშკარა ინდიკატორია განვითარების შეწყვეტისა, რადგან სწორედ ადამიანურმა ბუნებამ, სიზარმაცემ და შეცდომებმა მოგვიყვანეს იქ სადაც დღეს ვართ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.