ვისაც ჰიუგოს „საბრალონი“ ერთხელ მაინც წაუკითხავს ან მისი ეკრანიზაცია უნახავს შეუძლებელია არ ახსოვდეს ცენტრალური სცენა, რომელშიც რომანის პროტაგონისტი ჟან ვალჟანი გაუგონარი სიკეთის გამოხატულებით უსაზღვრო ზემოქმედებას მოახდენს თავისივე მთავარ ანტაგონისტ- ჟავერზე. ჟავერი ერთი შეხედვით შეიძლება რომანის მთავარ უარყოფით გმირად აღვიქვათ, მთელი სიუჟეტის განმავლობაში დასდევს ჟან ვალჟანს- ყოფილ კატორღელს, რომელიც მხოლოდ იმიტომაა შერაცხული საშიშ პიროვნებად და კაცის მკვლელად, რომ ერთი პური მოიპარა, როცა მისი დისშვილი შიმშილით კვდებოდა. მაგრამ ჟავერის შეფასებისას გვავიწყდება აღვნიშნოთ, რომ ის სულით პოლიციელია, არ არღვევს კანონს, არ არის მექრთამე. ჟავერი ჭეშმარიტი დეონტოლოგია, ის ცალსახად მისდევს კანტის ფილოსოფიას, სჯერა რომ არაფერია კანონზე უზენაესი. მისთვის ყველაფრის სათავე მოვალეობების ხარვეზების გარეშე შესრულებაა, ქმედებების სისწორეს განსაზღვრავს იმით, თუ რამდენად კარგად ასრულებენ ისინი მის მოვალეობებს. ჟავერისთვის უცხოა მოწყალება, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავის თავს მთლიანად მორალურ კანონებს უძღვნის. კატეგორიული იმპერატივის მიხედვით, ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია სურვილებთან და ვნებებთან ვერ იქნება მორალური. რაციონალური მოქმედების უნარია ის, რაც არასდროს უნდა დაკარგოს ადამიანმა. კანტი ამბობს, რომ უნდა დავფიქრდეთ რა არის ჩვენი ქმედებების მთავარი პრიცნიპი, ანუ რა არის ის მთავარი წესი/კანონი, რომელიც ჩვენი ნებისმიერი მოქმედების უკან დგას. არსებობს უნივერსალური მორალური წესები, რომლებიც არ უნდა დაირღვეს. ჟავერიც ამგვარად უდგებოდა მორალს. ის მოქმედებდა მორალისა და კანონის სახელით, რომელიც ასე წმინდა იყო მისთვის. ამ კაცისთვის უცხოა ყოველგვარი ემოცია, ემპათია. სწორედ ეს ჟავერი, უემოციო, „უგულო“, უდრეკი ჟავერია ის პერსონაჟი, რომელიც მორალური წინააღმდეგობის გამო თავს იკლავს. ჟალ ვალჟანის სიკეთით გაოგნებული ჟავერი მისთვის ყველაზე უჩვეულო ქმედებას ჩადის, დამნაშავეს ათავისუფლებს და რადგანაც მას ცხოვრებაში მსგავსი რამ არასდროს ჩაუდენია, რადგან არასდროს გადაუდგამს კანონის წინააღმდეგ ნაბიჯი, მორალურად იბნევა. ყველაფერი, რისიც მთელი შეგნებული ცხოვრება სწამდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რა არის მორალურად სწორი? რისკენ უნდა იყოს ფოკუსი მიმართული, როცა ვცდილობთ გავერკვეთ ქმედებების სისწორეში? ჟავერი ამაზე დაუფიქრებლად გაგცემდათ პასუხს, მაგრამ ჟან ვალჟანის ადამიანურმა სიქველემ არია მის გონებაში პედანტური წესრიგით ჩამოყალიბებული იდეა იმის შესახებ თუ რა არის სწორი და რა არასწორი. საფრანგეთში ყველაზე პოპულარული თვითმკვლელობის სცენარით ასრულებს ჟავერი სიცოცხლეს, თავით ეშვება მდინარე სენაში, აქ კვდება მასში ის კანტისეული დეონტოლოგია, რომელიც ასე მკაცრად, უგულოდ და ცივად განსაზღვრავს ჩვენს თითოეულ ქმედებას. გულგრილობა არის ის მთავარი ხარვეზი დეონტოლოგიისა, რომელიც საშუალებას არ აძლევს ამ თეორიას იყოს სრულყოფილი. ემოციები, შეგრძნებები, სურვილები, ესაა ის მახასიათებლები, რაც გვაქცევს ადამიანად. და რა აზრი აქვს ადამიანად ყოფნას თუ ყველაფერი ჰუმანური მივჩქმალეთ და გავაქრეთ ჩვენში? ჟავერის მსგავსად სენაში ამოვყოფთ თავს. ჰიუგოს სულით პოლიციელის ისტორია კი ამ მხრივ კანტისეული დეონტოლოგიის ხარვეზებს უსვამს ხაზს. როგორც ჩანს, მხოლოდ წესიერება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი კარგი და მართალი იყოს. დეონტოლოგია არ მოითხოვს ადამიანებისგან სიკეთის თესვას, არამედ, მხოლოდ წესრიგსა და მორალური ვალდებულებების შესრულებას. მაგრამ მთავარი, რაც სამყაროს ამოძრავებს, რამდენად პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, სიკეთეა. სიკეთეა ყველაზე ძლიერი იარაღი სამყაროში. ჰიუგო გვეუბნება, რომ კატორღელსაც კი შეუძლია დათესოს სიკეთე, სიკეთე, რომელიც მდინარეში მოისვრის ყველანაირ უნივერსალურ მორალურ წესს. ჩნდება კითხვები, როგორ უნდა ვიცხოვროთ? რას უნდა მივანიჭოთ პრიორიტეტი, სისწორესა და მორალურობას, თუ სიყვარულს, სიკეთესა და თანაგრძნობას? არჩევანის გაკეთებისას, ვისთან უნდა ვიყოთ მორალურები? ვისთან უნდა ვიყოთ მართლები? ღმერთთან? აქ, კი ვალდებული ვარ ვახსენო, რომ ღმერთი სიყვარულია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.