„მას პატივისცემა არ აქვს ადამიანური ბუნებისადმი... ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მას მოვექცეთ მხეცებად... ის ადამიანი აღარაა... მან ადამიანურობა უარყო, ის არ უნდა ელოდოს, რომ სხვები მის ადამიანურობას პატივისცემით მოეპყრობიან.’’-ამბობს კანტი, თვითმკვლელობის შესახებ.
კი მაგრამ რატო ეწინააღმდეგება თვითმკვლელობა ადამიანურ ბუნებას? რამ განაპირობა მისი ირაციონალურობა?
კანტის აზრის, საკუთარი თავის სიყვარული ერთგვარი წინააღმდეგობაა, რომელსაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავს. ამ ვარაუდს კატეგორიულ იმპერატივებზე დაყრდნობით აყალიბებს.
მაგრამ რეალურად რატომ წარმოიშობა საკუთარი თავის სიყვარულიდან თვითმკვლელი აზრები?
ალბათ, უფრო მეტად იმიტომ რომ კანტის აზრით ადამიანები რაციონალური არსებანი არიან, რომლებიც საკუთარ მოვალეობებს კარგი სურვილებისათვის ინახავენ. თავად ცნება მოვალეობა კი განისაზღვრება მორალურად. ვინმეს მიმართ სიბრალულით გაწვდილი დახმარების ხელი, მორალური არაა, რადგან მოვალეობა თავად შეიცავს კეთილი ნების ცნებას.
საკუთარი სიცოცხლის შენარჩუბა კი მოვალეობაა. ყველანაირი გულისტკივილი თუ მარცხი მაინც სიცოცხლის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის გამო.
კეთილის ქმნაც მოვალეობაა, კანტი ასევე აღნიშნავს, რომ მოვალეობა არის ქმედების აუცილებლობა კანონის პატივისცემის გამო. კანონის წმინდა პატივისცემა კი ნების განსაზღვრაა, მაქსიმა. და სწორედ ეს მაქსიმა, ეს მოვალეობა წარმოშობს საყოველთაო კანონის არსებობას, რომელიც თანასწორი უნდა იყოს ყველასთვის. შესაბამისად, თვითმკვლელობა ადამიანური არსიდან ამოვარდნაა, რადგან თუ ყველა ერთი კანონით მოქმედებს და ერთ გარკვეულ წესრიგსა და მოვალეობას მისდევს, თვითმკვლელობით პიროვნება ამ მორალურობას კარგავს. კანტი კი ამას საკუთარი თავისადმი სიყვარულს უწოდებს. იგი აღნიშნავს, რომ ეს სიყვარული ადამიანს მხეცად აქცევს, რადგან ამით კარგავს რაციონალურობას. კანტისათვის რაციონალურობა კი მისი იმპერატივების დაცვით გამოიხატება.
კანტის კატეგორიული იმპერატივის ფორმულირებაში ვხვდები აზრს იმის შესახებაც, რომ არ შეუძლია ადამიანს იმ მაქსიმაზე იმოქმედოს, რომელიც უნივერსალური არაა, რადგან ეს გამოიწვევს მის არასწორ განსაზღვრას, მაქსიმა კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის მორალური და საყოველთაოა.
მინდა კანტს შევუპირისპირო კამიუს მოსაზრებაც. „სიზიფეს მითში’’, თავად სიზიფე დაატარებს უზარმაზარ სევდასა და მძიმე ტვირთს. ოღონდ არა ტვირთს ლოდის სახით, არამედ ტვირთს გეთსამანიის ბაღის შეცნობით, აბსურდის გაცნობიერებით. და სწორედ, ეს გაცნობიერება, აბსურდის მიღება აშორებს მას თვითმკვლელობისგან.
კამიუსთან თვითმკვლელობა იგივეა, რაც იმის გადაწყვეტა ღირს თუ არა ამ ცხოვრების ბოლომდე გავლა. მისთვის იგი ტანჯვის უსარგებლობა და ყოველდღიური აჟიოტაჟის უაზრობაა. უბრალოდ, ამ ყველაფრისთვის „არ ღირს სიცოცხლე’’.
კანტთან კი განსხვავებული სიტუაციაა, მისი იმპერატივების მიხედვით ყოველთვის ღირს სიცოცხლე, რადგან იგი ისევ და ისევ მოვალეობაა. კამიუსთან კი არჩევაა შესაძლებელი. კანტი კი ადამიანებს საკუთარი ღირსებისა და ინდივიდუალური უფლებების დაცვისაკენ სწორედ რაციონალიზმით მოუწოდებს. მართალია კამიუსთან რაციონალიზმი, შეცნობაა ლოდის მძიმე ტვირთვისა, ისე როგორც სიზიფემ გააკეთა, მაგრამ კანტთან ამ შეცნობას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, რამდენადაც მოვალეობრივად ცხოვრებას. ვინც ასე არ იზავს ის მხეცია, მან სამყარო უკუაგდო, საყოველთაობა. მან შექმნა საკუთარი მორალი, თავი შეიყვარა, ამით სამყაროს დაუპირისპირდა და საბოლოოდ კი მისგან შეურაცყოფილი გაქრა.
გარდა ამისა, მოვიყვან ჯ.დევიდ ველიმენის მოსაზრებას: „თვითმკვლელობა იმორალურია როცა იმის ნიადაგზე ხორციელდება რა დროსაც ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრება გასაგრძელებლად არ ღირს.’’ კანტი, მას, ალბათ, მხარს დაუჭერდა, რადგან მისთვის ცხოვრება გასაგრძელებლად ყოველთვის ღირებულია. ყოველთვის ღირებულია, რადგან მისი მეორე კატეგორიული იმპერატივის ფორმულირებისას ამბობს კიდევაც, რომ ადამიანმა მარტო საკუთარი თავისთვის არ უნდა იფიქროს, სხვისთვის კარგი და ჰუმანური უნდა იყოს მისი ქმედება. იგი საშუალება არაა, მიზანია. გამოდის, რომ პიროვნების ქმედებები ერთმანეთზეა დამოკიდებული და სხვისთვის ცხოვრების არ გაგრძელების ღირებულება შესაძლებელია აისახოს მეორე ინდივიდზე და დაარღვიოს საყოველთაო მაქსიმა.
ამრიგად, კანტი დეონტოლოგიის მომხრეა. მისი აზრით ჩვენი თავისადმი სიყვარული გვიბიძგებს ყველანაირი ცხოვრებისეული ტანჯვის არიდებისკენ, რასაც საბოლოოდ სიცოცხლის ხელყოფისკენ მივყავართ. ამიტომაც, ცხოვრების გაგრძელებისა და მორალურობის დასაცავად მნიშვნელოვანი, სწორედ, მისი კატეგორიული იმპერატივებისადმი მიყოლაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.