ნაფიცი მსაჯულობა არის სამოქალაქო ვალდებულება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არის საპატიო, არის საკმაოდ სტრესული გამოცდილება. როდესაც ადამიანი არჩეულია ნაფიც მსაჯულად ის დებს ფიცს, როგორც სასამართლოსთან, ასევე საკუთარ თავთან, რომ ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს გააზრებულად, სამართლიანად, ეთიკურად და მორალურად. ჩემი გამოცდილებიდან, ნაფიცი მსაჯულობის დროს თითქმის ყველა შერჩეულის თავში ტრიალებს ორი თეორია, მიუხედავად იმისა, იცნობენ ადამიანები ამ თეორიებს თუ არა, ისინი ყოველი ჩვენგანის ქვეცნობიერშია. მიმდინარეობს ბრძოლა კონსეკვენციალიზმსა და კანტის ეთიკასა და მორალს შორის.
კანტის ეთიკა და მორალი გვეუბნება რომ მთავარია შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა (duty) და ვიმოქმედოთ კეთილი ნების მიხედვით, მისი აზრით ეს “წინმსწრები” ფაქტორები, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შედეგი, რომელსაც მივიღებთ ამ ქმედებებიდან. ნაფიცი მსაჯული ფიქრობს, რომ მან ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკუთარი ინსტინქტებიდან გამომდინარე, იმაზე დაფუძნებულად თუ რას კარნახობს მას საკუთარი თავი, როგორ და რას ფიქრობს ის. რეალურად მან უნდა მოირგოს მოსამართლის როლი და ნაბიჯები გადადგას მაგ გადმოსახედიდან, ფაქტები უნდა იყოს აწონილი ცივი გონებით და შესაბამისად უნდა იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, თუმცა ზუსტად ამ დროს თავის უკანა ნაწილიდან ისმის კონსეკვენციალიზმის ხმა, რომელიც გვეჩურჩულება შედეგებზე, ზუსტად ყველაზე მეტად სტრესულ ნაწილზე. ნაფიცი მსაჯული არის რიგითი ადამიანი რომელმაც უნდა გადაწყვიტოს სხვა ადამიანის ბედი, ამის არც კომპეტენცია აქვს და არც მორალური მზაობა. უნებლიედ ეფიქრება იმაზე თუ რამდენად სწორი იქნება მისი გადაწყვეტილება და შესაბამისად როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ბრალდებულზე. პირადი გამოცდილებიდან, ყველაზე დიდი შიში ზუსტად იმის მქონდა, რომ პროცესი ისე არ დამთავრეს რომ 100%ით არ ვიყო დარწმუნებული ან ერთ გადაწყვეტილებაში ან მეორეში, ვინაიდან , რა თქმა უნდა, ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ, ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია გაგყვეს ცხოვრების ბოლომდე.
კანტის მორალი და ეთიკა კი ზუსტად იმას გვკარნახობს რომ კეთილი ნებით უნდა ვიმოქმედოთ და შედეგს ნაკლებად დავაკვირდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ძალიან რთულია.
ამავდროულად, გაურკვევლობის ეტაპზე ირთვება კანტის მორალის მეორე მხარე, კერძოდ ის ნაწილი სადაც გვეუბნება რომ მოქმედების წინ დავფიქრდეთ, მოგვინდებოდა თუ არა, მთელი მსოფლიო რომ იმას აკეთებდეს რისი გაკეთებაც გვინდა ჩვენ. პირადად მე მსგავსი მომენტი არ მქონია, თუმცა ბევრი ნაფიცი მსაჯულისგან გამიგია, რომ საკუთარ თავს აყენებენ ბრალდებულის ადგილას და ზუსტად იმაზე ფიქრობენ, მოუნდებოდათ თუ არა, ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს რომ ის გადაწყვეტილება მიეღოთ რასაც იღებენ თვითონ. ამ დროს რიგითი ადამიანის ტვინში იწყება მორალური ბრძოლა იმ გადაწყვეტილებას შორის, რომლის მიღებაც სურს და ემპათიას შორის, რომელსაც ბევრი ნაფიცი მსაჯული განიცდის ბრალდებულის მიმართ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, ის რომ კანტი მორალურობის თეორიას აფუძნებდა ზუსტად იმაზე რომ ჩვენ ვართ რაციონალურად მოაზროვნე ინდივიდები, და ნაკლებად უნდა ვიმოქმედოთ ემოციებით, არამედ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ “კარგის და სწორის” კეთებას.
კანტი გვეუბნება, რომ ნამდვილად კარგი და სწორი არის მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნება, ვინაიდან კეთილი ქმედება უკვე თავის მხრივ მოიცავს ჯილდოს, რომელიც შეიძლება მიიღო ამ ქმედების ჩადენისგან და შემდგომ შეგიძლია გამოიყენო როგორც კარგისთვის ასევე ცუდისთვის. ნაფიცი მსაჯულობა ამ კუთხით თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია კეთილ ნებაზე, ვინაიდან ადამიანები ამისგან არაფერს იღებენ (შესაძლოა გამოცდილების გარდა), თავის დროს უთმობენ სამოქალაქო ვალდებულებას და ერთვებიან გადაწყვეტილების მიღბის პროცესში. ძირითადად, მინდა გითხათ, რომ ნაფიცი მსაჯულობა არავის არ უნდა, ვიღაცას სტრესის გამო, ვიღცას დაზარების გამო, ვიღცებს მიაჩნიათ, რომ ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებით აღსავსე ცხოვრება აქვთ, თუმცა ამ პირობებში აღმოჩენის შემდგომ, ადამიანი ბევრად უკეთ ეცნობა საკუთარ თავს, ზუსტად კანტის თეორიების ჭრილში, განვმეორდები, მიუხედავ იმისა იცის თუ არა ადამიანმა, რომ მსგავსი თეორიები არსებობს, ისინი დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და შესაბამისად ყოველი ჩვენგანი ხშირად არის აღმოჩენილი კანტისეულ სიტუაციებში.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.