ENG GEO

Search form

კოლბერგი VS დეონტოლოგია

სანამ დეონტოლოგიისა და კოლბერგის მორალური განვითარების თეორიის დაპირისპირებაზე საუბარს დავიწყებთ, ცხადია, საჭიროა განვმარტოთ დეონტოლოგიაც და კოლბერგის შეხედულებებიც. დეონტოლოგია ეთიკური თეორიაა, რომლის მიხედვითაც არაფერია კანონზე უზენასი, ყველაფრის საწყისი დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაა. ამ თეორიის პრაქტიკაში განხორციელება თითქოს მარტივია: უნდა მიჰყვე საზოგადოებაში არსებულ წესებს და უპირობოდ შეასრულო ისინი, თუმცა, ხშირად ემოციური ფაქტორები ხელს გვიშლიან ამ მოვალეობების შესრულებაში. დეონტოლოგისთვის მთავარი არის არა შედეგი, არამედ ამ შედეგამდე მისვლის პროცესი, რომელიც სრულყოფილად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. ანუ, დეონტოლოგიისთვის ადამიანის ქმედების შედეგის ეთიკური მნიშვნელობა უგულებელყოფილია, მთავარია მორალური წესების დაცვა. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, ამიტომ, ერთადერთი რაც დაგვრჩენია, არის ვიმოქმედოთ მორალის ფარგლებში. თუმცა, საინტერესოა, რა არის მორალური და რა არა? როგორ განისაზღვრება ქმედების მორალურობა? ამის გასაგებად დეონტოლოგიის მთავარი ფიგურა, იმანუელ კანტი, ორ პირობას აყალიბებს: პირველი - რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ქმედება უნივესალურ კანონებს, ანუ იქნება თუ არა კარგი ცხოვრება იმ სამყაროში, სადაც ყველა ასე მოქმედებს? და მეორე - ადამიანს უნდა მოქცე ისე, როგორც საკუთარ თავს, ანუ ადამიანი უნდა მიიჩნიო მიზნად და არა მიზნის მიღწევის საშუალებად. 


ახლა, სანამ კოლბერგის თვალსაზრისის განხილვას დავიწყებთ, წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: თქვენს საყვარელ ადამიანს სჭირდება წამალი, რომლის გარეშეც სიცოცხლის გაგრძელებას ვერ შეძლებს. ადამიანმა, რომელიც ეს წამალი აღმოაჩინა, გადაწყვიტა, რომ წამლის ფასი 2000$-ია, თქვენ კი მხოლოდ ამის ნახევარი გაქვთ, დანარჩენი თანხის მოგვიანებით გასტუმრების საშუალებასაც არ გაძლევთ. როგორ მოიქცეოდით, დაემორჩილებოდით მორალურ კანონს თუ გატეხავდით აფთიაქს და მოიპარავდით წამალს? ეს მაგალითი კოლბერგმა თავისი მორალური განვითარების თეორიის ასახსნელად გამოიყენა. ცხადია, გადაწყვეტილება თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა, უნდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ რომელი ვარიანტიც არ უნდა აირჩიოთ, კოლბერგი ამის გამო არ გაგკიცხავთ. მან ჩამოაყალიბა მორალური განვითარების თეორია, რომლის მიხედვთაც, განვითარების მეხუთე საფეხურზე მყოფი ადამიანი ამართლებს ისეთ საქციელს, რომელსაც შეუძლია საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. კოლბერგის აზრით, ქმედების მორალური სისწორე უნდა განისაზღვრებოდეს არა საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებზე, არამედ ადამიანის ინსტიქტებზე დაყრდნობით. ალბათ, უკვე მარტივი შესამჩნევია განსხვავება კოლბერგის შეხედულებასა და დეონტოლოგიის ძირითად პრინციპს შორის. იგივე კითხვით რომ დეონტოლოგ ფილოსოფოსს მიმართო გეტყვის, რომ ქურდობა ყველა შემთხვევაში მორალურად გაუმართლებელია, მიუხედავად მისი შედეგის ეთიკური მნიშვნელობისა. დეონტოლოგიის მიხედით, წამლის მოპარვა მიუღებელია, რადგან თუ ყველა ასე მოიქცევა, მაშინ საერთოდ რა აზრი ექნება საკუთრების უფლების არსებობას? გარდა ამისა, დეონტოლოგიის მიხედვით, თუ შენ ადამიანს მოპარავ წამალს, მას არ ექცევი როგორც თავისუფალ არსებას, არამედ იყენებ მას საკუთარი მიზნებისთვის. ეს ორი კი არღვევს ქმედების მორალურობის განმსაზღვრელ ორ ძირითად პრინციპს. თუმცა, კოლბერგის მიერ მოტანილი მაგალითი ხომ არ არის ჩვეულებრივი ქურდობა საკუთარი სიამოვნებისთვის? მის მაგალითში ქურდობის ერთადერთი მიზანი საყვარელი ადამიანის გადარჩენაა, ეს არის იმის მოპარვა, რაც აუცილებელია გადარჩენისთვის. არის ასეთ შემთხვევაში ქურდობა გამართლებული? დეონტოლოგიის მიხედვით - არა. კოლბერგის მიხედვით - კი. კოლბერგის განვითარების თეორიის მიხედვით, რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადის ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აქცევს ყურადღებას საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს. კოლბერგისთვის ადამიანის მორალური განვითარების უმაღლესი მდგომარეობა მიიღწევა მაშინ, როცა ინდივიდი გაიაზრებს გადაწყვეტილების მიღებაში საკუთარი ინსტიქტების როლს და გააცნობიერებს, რომ საზოგადოებაში დაფუძნებული მრავალი წესი თუ კანონი საჭიროებს ცვლილებას. ეს შეხედულება ეწინაამღდეგება დეონტოლოგიის ამოსავალ წერტილს, რომელიც წესების ზედმიწევნით მიყოლას გულისხმობს. მართლაც, გეგულებათ ადამიანი, რომელიც საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის წამლის ქურდობაზე უარს იტყვის იმის გამო, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესი არ დაარღვიოს? ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანს საზოგადოება გულგრილის, ეგოისტის იარლიყს მიაკრავს, რაც გარკვეულწილად მართალიც იქნება. მგონია, რომ წესების მორჩილებაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს საზოგადოებისთვის, არის საჭიროების შემთხვევაში ადამიანების დახმარება და თანაგრძნობა.


ვფიქრობ, დეონტოლოგიის მიდგომის პრაქტიკულად განხორციელება, ანუ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესების უპირობო მორჩილება შეუძლებელია. ნებისმიერ საზოგადოებაში, თითოეულ ჩვენგანს გვიწევს წესების დარღვევა, გადაწყვეტილების მიღება საკუთარ ინსტიქტებსა თუ გრძნობებზე დაყრდნობით, დეონტოლოგია კი ზედმეტად რაციონალურად, გულგრილად უდგება სხვადასხვა ქმედებას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კოლბერგის მორალური განვითარების თეორიაშიც მრავალი ხარვეზი შეიმჩნევა, ვფიქრობ, რომ მისი შეხედულება ადამიანის ქცევის მორალურობასთან დაკავშირებით ბევრად უფრო შეესაბამება ქმედებებს რეალურ ცხოვრებაში, რადგან ის ადამიანს ემოციებისგან დაცლილ, მხოლოდ კანონების მორჩილ არსებად არ აღიქვამს.

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.